იგორ კოკოშკოვი: მეტი ყურადღება ახალგაზრდებს

AutoSharing Option
ყოველი პრესკონფერენციის შემდეგ რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დევიდ ბლატი მინიმუმ ნახევარ საათს ჟურნალისტებთან საინტერესო საუბარში ატარებდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელ იგორ კოკოშკოვსაც არაერთი კორესპონდენტი აჩერებდა, მაგრამ ძირითადად ექს-იუგოსლავიური ქვეყნებიდან და სერბულ ენაზე ლაპარაკობდა.

ცხადია, კითხვებით ქართველებსაც არაერთხელ მიგვიმართავს, თუმცა ევრობასკეტის ბოლო დღეს პრესკონფერენცია რომ დასრულდა, იგორ კოკოშკოვს ვრცელი ინტერვიუ ჩამოვართვი. ვილაპარაკეთ, როგორც ლიტვაში გუნდის გამოსვლაზე, ნატურალიზებულთა თემაზე, ასევე საქართველოს ნაკრებში მის სამომავლო პერსპექტივებზე.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს ნაკრებმა ლიტვაში შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა?
- ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდის მთავარი მიზანი ჯგუფიდან გასვლა
იყო. პირველი ეტაპის ბარიერი დავძლიეთ რუსეთთან და სლოვენიასთან ერთად და საუკეთესო 12 გუნდს შორის მოვხვდით. ეს იმას ნიშნავს, რომ შედეგს, რასაც ჩვენგან ითხოვდნენ მივაღწიეთ.

როგორც ყველა მწვრთნელი, მეც ყოველთვის მეტზე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ რაც ევრობასკეტზე გავაკეთეთ, საქართველოს ნაკრების მაქსიმუმი არ იყო. გუნდს მეტი შეუძლია. ასეა თუ ისე, ლიტვის ევრობასკეტზე გამოსვლა ისტორიაში ჩაიწერება, დებიუტი შედგა.

- რეგულარულად ევროპის 12 გუნდში მოხვედრა გაგვიჭირდება, მაგრამ 24 ნაკრებს შორის კი ნამდვილად ვიმსახურებთ ადგილს.
- ჩვენმა ნაკრებმა უკვე დაამტკიცა, რომ ელიტის ღირსეული წევრია. თუმცა ადგილს შენარჩუნება უნდა, ევროპის ჩემპიონატზე რეგულარულად თამაშისათვის დიდი შრომაა საჭირო. პირველ რიგში მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ახალგაზრდებს.

ახალი თაობის გამორჩეული კალათბურთელები ნაკრებთან ერთად უნდა გაიზარდონ. მაგალითისთვის, თორნიკე შენგელია ნაკრებში რომ გამოვიძახე 16 წლისა იყო (2008 წელს). ამ მიმართულებით საქართველოში მუშაობს ჩემი ასისტენტი დავით უსტიაშილი, რომელიც პარალელურად 20-წლამდელთა ნაკრების თავკაციცაა.

- საინტერესოა თქვენი მოსაზრება ნატურალიზებულ მარკიზ ჰეინსზე. სხვა ნაკრებებში ჩამოყვანილმა ამერიკელებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს.
- ჰეინსი საქართველოში წლეულს ჩამოვიდა. ახალ გუნდთან, ახალ კულტურასთან შესაგუებლად დრო დასჭირდა. ვფიქრობ, მან ლიტვაში შესაძლებლობები სანახევროდაც ვერ გამოავლინა. გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნია, სწრაფად პროგრესირებს და ვფიქრობ, ამერიკაში თამაშის შანსიც აქვს. საამისოდ სწორ გზას ადგას: საფრანგეთში ჩატარებული ეფექტური სეზონის შემდეგ ესპანეთში გადავიდა, სადაც ევროპის საუკეთესო ლიგაში ითამაშებს.

- მას ხშირად უცვლიდით პოზიციას.
- დიდი საფიქრალი მქონდა, მსროლელად გამომეყენებინა თუ პლეიმეიქერად. ჰეინსს საჭიროებისამებრ ხან ერთ პოზიციაზე ვათამაშებდი, ხან მეორეზე. შესაძლოა, უფრო შედეგიანი ყოფილიყო მხოლოდ ერთ ამპლუაში რომ გარჯილიყო...

- ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი ქომაგი ლიტველთა შემდეგ საქართველოს ჰყავდა. ეს გუნდზე როგორ მოქმედებდა?
- კარგია, ეს კითხვა რომ დასვით. საქართველოში დარბაზი ყოველთვის ბოლომდე ივსება და გულშემატკივარი მოთამაშეებს დიდ მუხტს გადასცემს. სხვა ქვეყანაში ამდენი ქომაგის ხილვა კალათბურთელებისთვის დიდი სტიმული იყო. ცდილობდნენ, მაყურებელთა გასახარად, რაც შეიძლება მეტი გაეკეთებინათ.

- იქნებ ადრეა ამის კითხვა, მაგრამ საქართველოს ნაკრებთან ოთხწლიანი კონტრაქტი წლეულს გიმთავრდებათ და საინტერესოა, რას ფიქრობთ გუნდში დარჩენაზე.
- ევროპის ჩემპიონატი ახლა დასრულდა. ჯერ საკონტრაქტო საკითხებზე არც მიფიქრია, თუმცა ოთხი წელიწადია, საქართველოს ნაკრებში ვმუშაობ და მოხარული ვარ, რომ ასეთ კოლექტივთან მომიწია მუშაობა. ასევე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ფედერაციის წევრთა თანადგომა.

ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც გუნდს სჭირდება. ამისთვის მათ მადლობას მოვახსენებ. რაც შეეხება სამომავლოდ გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხს, ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვიმუშავებ. თუმცა, მთავარი არა მწვრთნელი, არამედ ისაა, რომ გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული და ყოველწლიურად პროგრესირებს.

- საქართველო ევრობასკეტს კი დაემშვიდობა, მაგრამ ჩემპიონატი გრძელდება და საინტერესოა, ვის ქომაგობთ პირველობაზე.
- ფავორიტად ესპანეთი ითვლება. სამართლიანადაც. ამ გუნდს საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს და დომინანტია. თუმცა ესპანელებს არ ვქომაგობ, რადგან პირველობისთვის ჩემი სამშობლო, სერბეთიც იბრძვის. მიმდინარე ევრობასკეტზე სერბეთს კარგი ნაკრები ჰყავს და ვფიქრობ, ბევრის მიღწევა შეუძლია.

- მეოთხედფინალში რუსეთს ხვდება...
- ამ ბარიერის დაძლევა სერბეთის ნაკრებს ნამდვილად შეუძლია, თუმცა იოლი რომ არ იქნება, ამაში ყველა დარწმუნებულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
კოკოშკოვი ყველა ქართველ მწვრთნელზე კარგი მწვრთნელია მაგრამ ამ ტურნირზე მას კომპეტენცია არ ეყო იმისათვის რომ გუნდს უკეთესი შედეგისათვის მიეღწია. დღევანდელი კალათბურთი უპირველესად გუნდური თამაშია და სწორ თამაშს და ტაქტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თვითონ კალათბურთელებს არც მონდომება დაეწუნებათ და არც ოსტატობა. მაგრამ გუნდური თამაში არ იყო იმ დონეზე აწყობილი რომ უკეთესი შედეგისათვის მიგვეღწია. ამას მეტყველებს უპირველესად უამრავი დაკარგული ბურთი, რაც ძირითადად გამოწვეული იყო იმით რომ არ იყო გახსნილი მოთამაშე ვისთვისაც შეიძლებოდა პასი მიეწოდებინათ, გუნდი ვერ ახერხებდა სწრაფ შეტევას რაც უპირველესად გუნდის კარგი გადაადგილებით, კალათბურთელთა კარგი და სწორი მოძრაობით და შემდეგ სწრაფად და ზუსტად პასის მიცემით ხდება, დაცვაში ყოველთვის სასროლ პოზიციაზე ტოვებდნენ მარტო მოწინააღმდეგეს, მაშინ როცა თვითონ ძალზე იშვიათად ახერხებდნენ კარგ სასროლ პოზიციაზე მოწინააღმდეგის გარეშე გასვლას. ეს არის ძირითადი ხარვეზები რამაც განაპირობა ყველა თამაშის წაგება და ამის გამოუსწორებლად უკეთეს შედეგს ვერასდროს მივაღწევთ. კოკოშკოვის გარეშე საერთოდ გუნდური თამაში არ იყო და ჯორდანიც რომ გვყოლოდა შეიძლება ევრობასკეტზეც ვერ მოვხვედრილიყავით მაგრამ კალათბურთი ძალიან არის შეცვლილი საბჭოთა კავშირის დროის შემდეგ და ამას უნდა ფეხი ავუწყოთ, რაც უპირველესად მწვრთნელმა უნდა განახორციელოს. შედეგი არ არის ცუდი თუმცა უკეთესი შეიძლებოდა და უკეთესი შედეგისათვის ან მწვრთნელი უნდა შეიცვალოს ან კოკოშკოვი უნდა გაიზარდოს, ამ ჩემპიონატზე მან მეტი ვერ შეძლო.
Dito
11:23 22-09-2011
0
ბიჭებს დიდი მადლობა, ამ კომენტატორებს თამაშის გადმოცემა არ შეუძლიათ მაგრამ თქვენ დალოცვილებო რამდენი პატივი გვცა ჩვენმა მოძმე რესბუბლიკამ ლიტვამ. როგორ გვეფერებოდნენ. ჩვენს დროშებს აფრიალებდენ ესენი ლიტვა მაკედონიის თამაშის დროს ვიღაც გადამთიელებს მაკედონიას გულშემატკივრობდნენ, ამას დაუფარავად აკეთებდნენ, სირცხვილია, სირცხვილი, თუ არ შეგიძლიათ კალათბურთის წაყვანა და არ იცით რა უნდა თქვათ შეეშვით
kaxa
11:02 15-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული