სერხიო სკარიოლო: საქართველო ფაჩულიას გარეშეც სერიოზული ძალაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე ბოლო მატჩი 12 სექტემბერს საბერძნეთის წინააღმდეგ ჩაატარა. თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დარბაზში გამოჩნდა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სერხიო სკარიოლო, რომელიც მედია-შესასვლელთან რუსმა ჟურნალისტებმა შეაფერხეს.

თამაშის დაწყებისთანავე სკარიოლო პრეს-ლოჟის გვერდითა ტრიბუნის მეორე რიგში მოთავსდა. პირველ რიგში გადავჯექი და რამდენიმე კითხვით მივმართე.

ქართული "ვუვუზელების" ხმაურში ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩვენი გუნდი დადებითად დაახასიათა.

- პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ყველა, ვინც ტოპ-12-ში მოხვდა, ამას იმსახურებდა. საქართველოს ნაკრებმა ბევრისთვის მოულოდნელად, კარგად ჩაატარა პირველი ჯგუფური ეტაპის მატჩები და ჩემი აზრით, მეორე
ეტაპზეც უკეთეს შედეგს უჩვენებდა, რომ არა ზაზა ფაჩულიას ტრავმა.

ზაზა მაღალი დონის კალათბურთელია და ვფიქრობ, მისმა დაკლებამ გუნდზე როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ტაქტიკურად, უარყოფითად იმოქმედა. თუმცა, მაკედონიასთანაც გამოჩნდა, რომ ბრძოლისუნარიანი გუნდი გყავთ. ახედეთ ტაბლოს, ბერძნებსაც უგებთ...

- საქართველოს ნაკრებს თამაშიდან თამაშამდე დაღლა ეტყობოდა, რასაც ვერ ვიტყვით ესპანეთზე.
- ჩვენ გვაქვს შემადგენლობის ვარირების საშუალება. პირველ ეტაპზეცა და მეორეზეც იყო მატჩები, როცა ძირითადად სათადარიგოებს დავეყრდენი. ეს აუცილებელია, რადგან ევრობასკეტი 20 დღეს გრძელდება და საჭიროა თორმეტივე კალათბურთელის გამოყენება. სათადარიგოებიც ისევე კარგ ფორმაში უნდა იყვნენ, როგორშიც სასტარტოები, რათა გადამწყვეტ მატჩებში მათ მოკლე დროში მაქსიმუმი გააკეთონ. ეს იოლი ნამდვილად არ არის.

- ჯგუფური ეტაპის მატჩებში ესპანეთის ნაკრები შესაძლებლობებს სრულად არ ავლენდა, როდიდან უნდა ველოდეთ მაქსიმუმს?
- მეოთხედფინალიდან. მანამდე გუნდი პოტენციალის 100 პროცენტს არ ავლენდა, პლეი ოფში კი დასვენების საშუალება არავის აქვს, ერთი პატარა შეცდომაც შეიძლება ძვირად დაგჯდეს - ევრობასკეტს დაემშვიდობო.

- ამ ჩემპიონატისთვის ოპტიმალური შემადგენლობა შეკრიბეთ და ოქროს მოპოვების მთავარ ფავორიტებადაც ითვლებით.
- შემადგენლობა თანაბრადაა დაბალანსებული, ორგანიზებულ კალათბურთს ვთამაშობთ, არც ენთუზიაზმი გვაკლია. ასე რომ, მზად ვართ უმაღლესი მიზნებისთვის საბრძოლველად, თუმცა როგორც ვთქვი, პლეი ოფში თითოეული გამარჯვებისთვის ერთი-ორად მეტი ენერგიაა საჭირო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული