სხვებთან ერთად მანუჩარ მარკოიშვილიც თბილისშია და იტალიაში გამგზავრებას 18 სექტემბერს აპირებს. "კანტუში" გამოცხადებამდე მანუს ინტერვიუ ჩამოვართვით, რომელშიც იგი ჩვენი ნაკრების ევრობასკეტზე გამოსვლასაც იხილავს და ფავორიტსაც ასახელებს.
- რა შეგძინა ლიტვაში ჩატარებულმა 8 მატჩმა?
- ევროპის ჩემპიონატზე ორკვირიან გამოსვლამდეც ბევრი შევიძინეთ. ლიტვისთვის მზადების ყოველი ეტაპი სასარგებლო იყო. თავიდან შედარებით სუსტ გუნდებს ვეთამაშებოდით, შემდეგ უფროდაუფრო ძლიერებს და საფეხურობრივად წინ მივიწევდით. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატის წინ საუკეთესო გუნდებთან საბრძოლველად მზად ვიყავით.
- იგივე შეიძლება ითქვას მთლიანად ნაკრებზე...
- ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის გამოსვლამ თავდაჯერება შეგვმატა - დავინახეთ, რომ საკალათბურთო განსწავლულობით თუ მომზადებით ევროპის გამორჩეულ ნაკრებებთანაც შეგვიძლია ღირსეულად თამაში. ეს მხოლოდ ჩვენ არ გვეხება - მომავალმა თაობამაც უნდა დაინახოს, რომ ევრობასკეტზე თამაში ქართველებისთვის აუხდენელი ოცნება აღარაა. სათანადო შრომის წყალობით ამ მიზნამდე მიღწევა ბევრს შეუძლია.
- მაკედონიამ ლიტვას მოუგო, რუსეთი ევრობასკეტის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება. ამ გუნდებთან თანაბრად ვითამაშეთ და ბოლო წამებზე დავმარცხდით. თუ გიფიქრია, რომ მათ ადგილას დღეს შესაძლოა საქართველოს ნაკრები ყოფილიყო.
- საკითხს მარტივი კუთხით არ უნდა მივუდგეთ. სპორტში იმარჯვებს ის, ვინც კონკრეტული მატჩისთვის უკეთესადაა მომზადებული, უფრო ჯანსაღად ხვდება შეხვედრას... ევრობასკეტზე კი არა ერთი, არამედ 5-12 თამაშია. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა გამოუცდელობა, ტრავმები და საბოლოოდ ვერ ვუჩვენეთ ის, რაც შეგვეძლო. თუმცა ეს შესაძლოა, ვინმემ საკუთარი თავის ქებად ჩამითვალოს. არც ის მავიწყდება, რომ თუნდაც მაკედონიას 10 ქულით რომ ჩამოვრჩით, შესაძლოა სხვაობა კიდევ უფრო გაზრდილიყო და დიდი სხვაობით წაგვეგო. სწორედ ესაა კალათბურთის უპირატესობა სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით - შესაძლოა ერთმა პატარა ეპიზოდმა მთელი თამაშის სცენარი შეცვალოს.
- მეორე ეტაპზე სამქულიანებს ისეთივე სიზუსტით ვერ ესროდი, როგორც მანამდე. ჩემი აზრით ეს დაღლილობის ბრალი იყო.
- ვერ ვიტყვი: იმიტომ ვერ ჩავაგდე, რომ დაღლილი ვიყავი-მეთქი. ყველაზე მეტად სწორედ მე მსურდა მიზნისთვის მიმეღწია. ვერც იმას ვიტყვი, არ უნდა მესროლა, როცა სატყორცნ პოზიციაზე რჩები, არ უნდა დააყოვნო. ამას პირველ რიგში გუნდი ითხოვს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ ჩავარდა. სწორედ ამაშია კალათბურთის ეშხი, რომ შეიძლება ერთ მომენტში ყველაფერი გამოგივიდეს, მეორეში - ვერა.
- თუ იყო მატჩი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდა.
- ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ რუსეთთან ან უკრაინასთან თამაშებს გამოვარჩევ, რადგან მეტი ჩავაგდე. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, დაცვაში მეთამაშა დამაჯერებლად. ამაზე მოსამზადებელი პერიოდიდან ბევრს ვმუშაობდით და ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს დაცვაში ურიგოდ არ უთამაშია.
- ევრობასკეტზე შენი არაერთი ყოფილი თანაკლუბელი თამაშობდა. თუნდაც ჯონათან ტაბუმ რით ახსნა ბელგიის სუსტი გამოსვლა, ან ტეემუ რანიკომ რა გითხრა ფინეთთან მატჩის შემდეგ?
- ტაბუს ახსნა რა საჭირო იყო - კონკრეტული მომენტისთვის საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერი იყო, ვიდრე მაკედონიისა. რაც შეეხება ფინათთან თამაშს, მეტოქემ კარგად იცის ჩვენი პლუს-მინუსები. ფინეთმა ეს ბოლომდე გამოიყენა, ჩვენ საპირისპიროდ - პლუსების გამოყენება ვერ მოვახერხეთ. სწორედ ამან გამოიწვია ფინეთთან დამარცხება.
- ევრობასკეტზე დარჩენილ გუნდებს შორის ვის ქომაგობ?
- ძალიან მინდოდა ოქრო ლიტვაში დარჩენილიყო, მაგრამ მაკედონიამ არ დაანება. ნახევარფინალში ღირსეული გუნდები გავიდნენ და ვფიქრობ, ფინალის საგზურს რუსეთი და ესპანეთი მოიპოვებენ (ინტერვიუ ნახევარფინალების დაწყებამდეა ჩაწერილი). ალბათ, ახალს არაფერს ვამბობ - ესპანეთი პირველობის გამოკვეთილი ფავორიტია.
- იტალიური "კანტუს" თავკაცი ანდრეა ტრინჩიერი ლიტვაში თუ გირეკავდა?
- რა თქმა უნდა. მას დღესაც ველაპარაკე. გვქომაგობდა. ახლა იტალიაში მელის. კვირას გავფრინდები.
- ...და ხუთწლიანი შესვენების შემდეგ ევროლიგას უბრუნდები.
- ბოლოს ევროლიგაზე სლოვენიური "ოლიმპიას" მაისურით ვითამაშე. სამწუხაროდ, ჯერ ზუსტად არ ვიცი საბოლოოდ როგორ დაკომპლექტდა "კანტუს" შემადგენლობა, რადგან აქამდე სანაკრებო საქმეებით ვიყავი დაკავებული. ვფიქრობ, შარშანდელზე უკეთესი გუნდი გვეყოლება და ევროლიგაზეც ღირსეულად ვითამაშებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"