თბილისის "დინამოს" ყოფილ ცენტრალურ თავდამსხმელს ბულგარელებთან მატჩის წინა დღეს ვესაუბრე. ბატონმა ლარიკამ, როგორც მას სიყვარულით ეძახიან მეგობრები, გულახდილად აღიარა: "შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მიმაჩნია, საქართველოს ნაკრების ახლანდელი შემადგენლობა სამამულო კალათბურთის ისტორიაში ყველაზე ძლიერია. მართალია, თბილისის "დინამოში" უთამაშიათ ისეთ კორიფეებს, როგორებიც იყვნენ ოთარ ქორქია, ნოდარ ჯორჯიკია, გურამ მინაშვილი, ლევან ინწკირველი, ლევან მოსეშვილი, ალექსანდრე კილაძე, ვლადიმერ უგრეხელიძე, ვაჟა ჟღენტი, მიხეილ ქორქია,
_ ბიჭებმა წარმატებებით ძალიან გაგვანებივრეს. ასეთ შემთხვევაში ამბობენ, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, მაგრამ მოდი, გულახდილად ვთქვათ, ჩვენი ნაკრების ნათამაშები ყველა მატჩი მოგეწონათ?
_ უმთავრესად სწორად და გააზრებულად ირჯებიან მოედანზე. მართალია, პოლონელებთან პირველ ათწუთიან მონაკვეთში დაბნეულები ჩანდნენ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დაალაგეს და პაექრობაც დიდი ანგარიშით მოიგეს. დაცვასა და ფარზე თამაშისას იყო ხარვეზები ბელგიელებთან და პორტუგალიელებთან შეხვედრებისას, აი, ბულგარეთთან კი ბევრი რამ გამოსწორდა, თუმცა იქაც იყო დაბნეულობით გამოწვეული ხარვეზები, როცა ათი და რვაქულიანი უპირატესობები წამებში თვალსა და ხელს შუა გაგვიქრა. ბალკანელებს ყოველთვის კარგი მოთამაშეები ჰყავდათ, მაგრამ მაინც ვუგებდით. მაგალითად, 1954 წელს საქართველოს ნაკრებმა, რომრელიც უმთავრესად თბილისის "დინამოს" კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული, ლენინგრადში სძლია ბულგარეთის ეროვნულ გუნდს.
გურამ მინაშვილთან ერთად ხუთჯერ ვარ სოციალისტური ქვეყნების დინამიადების ჩემპიონი; საქართველოს უპირველესი გუნდი ყოველთვის ამარცხებდა ბალკანელებს, რომლებსაც ორი ძლიერი ცენტრი ჰყავდათ _ მირჩევი და პანოვი. განსაკუთრებით 1957 წლის
დინამიადა მახსენდება, რომელსაც ბუქარესტმა უმასპინძლა. თუ არ ვცდები, პირველი მატჩი პოლონელებს მოვუგეთ, რომელთა შემადგენლობაში ორმეტრიანი ცენტრი მანკოვსკი გამოირჩეოდა...
ილარიონ ხაზარაძემ წარმატებით ითამაშა პოლონელი გიგანტის წინააღმდეგ, არადა, "დინამოს" ძირთად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მომდევნო წლის დინამიადაზე ბულგარეთში კი სპეციალური პრიზიც დაიმსახურა. 1959 წელს მოსკოვში ცსკა-ს ახალი დარბაზი გაიხსნა, სადაც არმიელებმა საკავშირო ჩემპიონატის მორიგ ტურში თბილისის "დინამოს" უმასპინძლეს. ის მატჩი ქართველებმა 78:74 მოიგეს. მაშინდელი პრესის ცნობით, ცსკა-ს კალათბურთელებმა ვერაფერი მოუხერხეს გამარჯვებულთა მეკარეს, რომელმაც საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა. ალბათ, უფრო მეტსაც შეძლებდა, პერსონალური შენიშვნების გამო ვადამდე რომ არ დაეტოვებინა მოედანი. დარბაზმა მქუხარე ტაშით გააცილა მატჩის გმირი. მეორე დღეს "სოვეტსკი სპორტის" ფურცლებზე მთავრული ასოებით დაიწერა მისი გვარი: "ხაზარაძე კვანძს ხსნის"...
_ ბელგიელებთან მარცხს რითი ახსნით?
_ როგორი კარგი გუნდიც უნდა გყავდეს, ყველა მატჩს ვერ მოიგებ. შესარჩევი ტურნირის მსვლელობამ დაგვარწმუნა, რომ ბენელუქსელებს ურიგო ნაკრები სულაც არ ჰყავთ, ამიტომაც იყოფენ ჩვენებთან პირველ-მეორე ადგილებს. ისე, ანტვერპენშიც შეიძლებოდა მოგება, ბოლო პერიოდში ბიჭებს უფრო კოლექტიურად რომ ეთამაშათ. დაცვაში დაუშვეს უამრავი შეცდომა, სამქულიან ტყორცნებს ერიდებოდნენ, არადა, როგორ შეიძლება ცქიტიშვილის, მარკოიშვილისა და გრინის შესაძლებლობების გამოუყენებლობა.
1962 წელს ჟენევაში მადრიდის "რეალს" რომ მოვუგეთ ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში, იმ მატჩს ცნობილი ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძეც ესწრებოდა, რომელმაც თბილისში თავის დას _ ლიდას მოსწერა: "ცნობილია, რომ ქართველები საერთოდ პირველ შემართებაში "ხარჯავენ მთელ ცეცხლს" და შემდგომ ძალა არ ყოფნით: ცეცხლი აკლდებათ (მონღოლებს რომ არ გაეგოთ ეს თვისება ქართველთა, საქართველოს დაპყრობა ძალიან გაუჭირდებოდათ...). მეორე ნახევარში ცეცხლი არა თუ მოაკლდათ, მოემატათ კიდეც". ემიგრანტმა მწერალმა ზუსტად გამოიცნო ჩვენი ხასიათი. ქართველებს ასეთი რამ მართლაც გვჩვევია, მაგრამ "რეალთან" დაპირისპირებისას ყველაფერი პირიქით მოხდა _ საფინალო სასტვენამდე "დინამოს" იერიშები არ შეუწყვეტია, ასე ვთქვათ, ერთი ამოსუნთქვით ჩავატარეთ ის შეხვედრა. დღევანდელი ნაკრების თამაშებს თვალს თუ გადავავლებთ, ვნახავთ, რომ დასაწყისზე უკეთ მატჩის ბოლო მონაკვეთს ატარებენ. თანდათან შედიან თამაშის ეშხში. ალბათ, ამითაც მტკიცდება, რომ არა მარტო აზიელები, არამედ ევროპელებიც ვართ.
_ თქვენ გრიგოლ რობაქიძე ახსენეთ...
_ დიახ, "რეალთან" მატჩის წინ შევიტყვეთ, რომ შეხვედრას ემიგრანტი ქართელი მწერალი ესწრებოდა. ძალაუნებურად თვალი ყველას იმ ტრიბუნისკენ გაგვირბოდა, სადაც რობაქიძე იჯდა. ტაიმებს შორის შესვენებისას დარბაზიდან არ გავსულვართ. ოთარ ქორქია დარიგებებს რომ გვაძლევდა, ამ დროს ზურგს უკან უცნობის ხმა მოგვესმა _ მატჩის შემდეგ მე-4 გასასვლელთან დაგელოდებითო. მივხვდით, რომ რობაქიძე უნდა ყოფილყო. მაშინ ყველგან უშიშროების თანამშრომელი დაგვყვებოდა და საკუთარი სურვილით ვერსად წახვიდოდი. ეტყობა, მანაც გაიგონა ემიგრანტი მწერლის სიტყვები, ამიტომ ორთაბრძოლის დამთავრების შემდეგ დარბაზიდან მე-9 გასასვლელთან გაგვიყვანეს და, ცხადია, რობაქიძეს ვერ შევხვდით...
ევროპის ჩემპიონთა თასის მოპოვების გარდა, ილარიონ ხაზარაძეს საკალათბურთო კარიერის განმავლობაში სხვა მრავალი წარმატებისთვისაც მიუღწევია. დინამიადების ხუთგზის გამარჯვებულმა ერთხელ საბჭოთა კავშირის ზამთრის ჩემპიონატი მოიგო, საკავშირო პირველობებზე ორჯერ ვერცხლის მედალი ერგო. 1955 წელს, როცა ჯერ კიდევ გზას იკაფავდა დიდი სარბიელისკენ, მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაზე თამაზ კაკაურიძესთან, ერიკ ქაშაკაშვილთან, ლევან ლოლუასთან, კოტე ხატისკაცთან და საურმაგ თურმანიძესთნ ერთად მეორე ადგილი დაიკავა. იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი.
_ 1958 წელს პირველად ვითამაშე საკავშირო ჩემპიონატის მატჩებში. სურენ სპანდარიანს, ეტყობა, მოვეწონე და ნაკრებში მიმიწვია. ერთობლივი ვარჯიშების შემდეგ გუნდი ორად გაიყო. ერთი ნახევარი, რომლის შემადგენლობაში გურამ მინაშვილი გამოდიოდა. ამერიკას გაემგზავრა, მეორე ნაკრებმა კი ჩინეთში გამართა ამხანაგური მატჩები. იქ მე, ლევან მოსეშვილმა, ვლადიმერ უგრეხელიძემ და ანზორ ლეჟავამ ვისპარეზეთ. ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ ერთი თვე ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებოდი. ზედ შეჯიბრებაზე გამგზავრების წინ მწვრთნელებმა ბაქოში 212-სანტიმეტრიანი გიგანტი ალექსანდრე პეტროვი "აღმოაჩინეს", რომელიც მოსკოვის "დინამოში" უნდა გადაეყვანათ. პეტროვმა ნაკრების ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა _ კონტინენტის პირველობაზე თუ არ წამიყვანთ, "დინამოში" არ გადავალო. მართალია, სპანდარიანი თბილისში დაბადებული გახლდათ მაგრამ არჩევანის წინაშე რომ აღმოჩნდა უფროსების წყენინებას მოერიდა და ბოდიშებით ნაკრებიდან დამითხოვა...
_ პოლონელებთან სტუმრად დაძაბული მატჩი გველის. მოგების შანსი თუ გვაქვს?
_ შანსი ყოველთვის არის, მისი გამოყენებაა საჭირო. ხომ ვამბობდით ბულგარეთი ჯგუფის ფავორიტიაო, მარამ საკუთარ კედლებში დავამარცხეთ. იგივეს გამეორება ლოძშიც შეიძლება, კოკოშკოვი ჭკვიანი მწვრთნელი ჩანს და იცის, როგორ განაწყოს ბიჭები.
_ ვისთან ერთად უყურებთ ამ თამაშს?
_ შინაურ ორთაბრძოლებს ვეტერან კალათბურთლებთან ერთად სპორტის სასახლეში ვესწრები, გასვლით მატჩებს კი შინ ვუყურებ ოჯახურ გარემოში. სპორტსმენები არ მაკლია: ჩემი სიძე ალექსანდრე ბითაძე ყოფილი წყალბურთელია, თბილისის "დინამოს" და საქართველოს ნაკრების წევრი, შვილიშვილი სანდრო მამის გზას გაჰყვა. ჯერ 13 წლისაა, მაგრამ უკვე 184 სანტიმეტრი სიმაღლისაა. ამას წინათ 14-15-წლიანთა რუმინეთის საერთაშორისო ტურნირში ითამაშა და პრიზიც კი დაიმსახურა. კი მინდოდა, კალათბურთელი გამოსულიყო, მაგრამ წყალბურთიც ხომ ქართული სპორტია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"