ფინალური ეტაპი - 2013
წინა წლებისგან განსხვავებით, ფიბა-ევროპამ დროულად გამოაქვეყნა სლოვენიაში 2013 წელს გასამართი ევრობასკეტისა და შესარჩევი ეტაპის სქემა. ფინალურ ტურნირზე 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, პირველ ეტაპზე ნაკრებები ოთხ ჯგუფად განაწილდება, საიდანაც სამ-სამი საუკეთესო მეორე ტურში გადავა, შეიკვრება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი და ოთხ-ოთხი გამორჩეული მეოთხედფინალს ითამაშებს... მოკლედ, სწორედ ისეთი სისტემაა,
შესარჩევი - 2012
ახლა, რაც შეეხება 2012 წელს გასამართ შესარჩევ ტურნირს. ფიბა-ევროპის საიტზე გამოქვეყნებულ სქემაში წერია: შეიქმნება 6 ხუთგუნდიანი ჯგუფი, საიდანაც ევროპის ჩემპიონატის საგზურს საუკეთესო პირველ-მეორეადგილოსნები და ოთხი მესამეადგილოსანი მოიპოვებს. შესაბამისად, სლოვენიაში საქართველოს ნაკრების მოხვედრის შანსი დიდია, თუმცა როგორც კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა აღნიშნა, საბოლოოდ არ გარკვეულა ტურნირში 30 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მეტი თუ ნაკლები.
საქმე ისაა, რომ შარშან მეორე დივიზიონში არ უთამაშიათ დანიას, ირლანდიას, ისლანდიასა და კიდევ ზოგიერთ ნაკრებს. შესაძლოა მათ ევრო-2013-ის შესარჩევზე თამაში მოისურვონ. თუ განაცხადი 30-ზე მეტმა ნაკრებმა შეიტანა, ასეთ შემთხვევაში დამატებითი საკვალიფიკაციო ჩატარდება თუ არა, ჯერ უცნობია. ფაქტი ერთია, შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში ხუთზე მეტი გუნდი არ იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში მატჩების რაოდენობა გაიზრდება. შარშანაც დავინახეთ, რომ ერთ თვეში 8 მატჩი (პლუს მგზავრობა) ნებისმიერი გუნდისთვის დამღლელია.
კალათები
დაემატება დანია თუ ირლანდია, ეს ქართველებს ნაკლებად უნდა გვაღელვებდეს, რადგან ისინი ბოლო კალათში მოთავსდებიან. ჩვენ კი, პირველად ისტორიაში, წილისყრის წინ პირველ კალათაში ვიქნებით. აი, რატომ: ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევში 8 წამყვანი ევროპული გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას - ოლიმპიადის მასპინძელი ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი (ევრო-2011-ის ფინალისტები), რუსეთი, მაკედონია, ლიტვა, საბერძნეთი (ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილეები) და სლოვენია (ევრობასკეტი 2013-ის მასპინძელი).
დანარჩენი გუნდები, ევროპის ჩემპიონატის მონაწილენი თუ მეორე დივიზიონის წარმომადგენლები ჯგუფებში განაწილდებიან და 2010 წელს 14 საგზურს გაითამაშებენ. როგორც უკვე გითხარით, საქართველოს ნაკრები წილისყრისთვის პირველ კალათში განთავსდება. ამის თქმა დღესვე თამამად შეგვიძლია, რადგან ფიბა-ევროპა გუნდებს ბოლო შეჯიბრებების მიხედვით ახარისხებს.
ასე რომ, შეგვიძლია კალათებში გუნდების განაწილების ჩვენეული ვარიანტი შემოგთავაზოთ, რომელსაც ბოლოში, შესაძლოა, ზოგიერთი ნაკრები დაემატოს, ან სულაც გამოაკლდეს.
I კალათა: სერბეთი, გერმანია, ფინეთი, თურქეთი, საქართველო, ხორვატია.
II კალათა: ბულგარეთი, ისრაელი, უკრაინა, პოლონეთი, ბოსნია, იტალია.
III კალათა: ჩერნოგორია, ლატვია, ბელგია, პორტუგალია, უნგრეთი, შვედეთი.
IV კალათა: ჩეხეთი, ესტონეთი, ჰოლანდია, ავსტრია, შვეიცარია, აზერბაიჯანი.
V კალათა: სლოვაკეთი, ბელარუსი, რუმინეთი, კვიპროსი, ლუქსემბურგი, ალბანეთი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"