იგორ კოკოშკოვი და კითხვის ნიშანი

AutoSharing Option
გუშინ რედაქციაში არაერთმა მკითხველმა დარეკა შეკითხვით - რჩება თუ არა იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე?

დაახლოებით ასეთივე კითხვა დავუსვით მწვრთნელს საბერძნეთთან მატჩის შემდეგ. გვაინტერესებდა მისი განწყობა და მოსაზრება საქართველოს ნაკრების შესახებ. გასაკვირი ნამდვილად არ არის, საიდან გაჩნდა ეს კითხვა - სერბ სპეციალისტს ხომ ოთხწლიანი კონტრაქტი ევრობასკეტის შემდეგ ამოეწურა. მან ჩვენი გუნდი 2008 წელს ჩაიბარა და ჯერ მეორე ლიგიდან ამოიყვანა, შემდეგ ევრობასკეტზე გაიყვანა, სადაც პირველი ჯგუფური ეტაპის ბარიერი დაძლია.

- საქართველოში ოთხი წელია ვმუშაობ, გუნდთან ერთად ბევრს მივაღწიე. მოხარული ვარ,
რომ ქართველთა ნაკრების გაწვრთნა მომიწია. ასეთ გუნდთან ყოველთვის სიამოვნებით ვიმუშავებ. თუმცა, დარჩენა-არდარჩენაზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან ევრობასკეტი ახლა დასრულდა, - გვითხრა იგორ კოკოშკოვმა.

წუხელ საზღვარგარეთ დავუკავშირდით კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს, რომელმაც აღნიშნა:

"მართალია, იგორ კოკოშკოვს კონტრაქტის ვადა ამოეწურა, მაგრამ უსაფუძვლოა ლაპარაკი მის შემცვლელზე. იგორს რომ დავემშვიდობეთ, კონტრაქტზე სიტყვაც არ თქმულა. ისიც გააანალიზებს სიტუაციას, ჩვენც ყველაფერს ავწონ-დავწონით და შემდეგ დავილაპარაკებთ. სწორედ ურთიერთსაუბრის შემდეგ გადაწყდება, დარჩება თუ არა იგი საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე".

სადღეისოდ საკითხი ასე დგას: ჯერ კალათბურთის ფედერაციამ უნდა შეაფასოს ნაკრების მწვრთნელის მუშაობა და გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა იგორ კოკოშკოვი გუნდს. მერე მწვრთნელს დაელაპარაკება და ბევრი რამ მას შემდეგ გაცხადდება.

იგორ კოკოშკოვის მუშაობაზე ყველას საკუთარი მოსაზრება აქვს (ჩემს შეფასებას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ), თუმცა ერთზე უნდა შევთანხმდეთ: კოკოშკოვმა 2008 წლიდან დღემდე დიდი მოცულობის სამუშაო გასწია და საქართველოს ნაკრებმა სწორედ მის ხელში მიაღწია ისტორიულ შედეგს. თუმცა როგორც თავად ამბობს, ამაში მთავარი როლი კალათბურთელებს მიუძღვით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
აღსანიშნავია,რომ კოკოშკოვამდე საერთოდ გუნდი არ იყო, არანაირი სწორი თამაშის ელემენტები არ იგრძნობოდა და მან გუნდი ჩამოაყალიბა, თუმცა ამ ჩემპიონატში ყოველთვის გუნდური თამაშის არქონით ვაგებდით. დადებითი მომენტები, რომელიც თქვენ აღნიშნეთ გამოწვეული იყო სწორედ გუნდური სწორი თამაშით რაც სამწუხაროდ არცთუ ხშირად ხდებოდა. სწორედ იმ მომენტებში ჩანდა რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს და როგორ უნდა ითამაშოს. არ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, თუ მაკედონიასთან ბოლო მომენტში რა მოხდა. შეცდომა იმ მომენტში კი არ იყო არამედ პრობლემა უფრო ღრმაა. პრობლემა მანამდე იყო სანამ ბოლო წუთები დადგებოდა. პრობლემა იყო უბურთოდ არმოძრაობა,ბევრი ბურთის დაკარგვა,(კაცი არ იხსნებოდა პასს ვერ აძლევდნენ და ბურთი იკარგებოდა), პრობლემა იყო ის რომ სწრაფი შეტევები ვერ კეთდებოდა, პრობლემები იყო ზონურ დაცვაში. ამაზე არის ლაპარაკი საჭირო და არა იმაზე ის ვიღაც ზანგი ბოლო წამებში ჩააგდებს თუ არა. მთავარია სწორი თამაში და შედეგზე ამის მერე უნდა ვიფიქროთ. კალათბურთი რაღაცით ნარდსაც გავს სადაც შეიძლება ვიღაცამ დუშაშივით ისეთი ჩააგდოს თვითონაც გაუკვირდეს მაგრამ მარტო ბოლო დუშაშით ნარდსაც ვერ მოიგებ საჭიროა თვითონ თამაშის პროცესში სწორად მოქმედება, რომელიც კალათბურთში მწვრთნელმა უნდა დაარეგულიროს. მითუმეტეს თუ მოთამაშეები გყავს. ასეთი კითხვები უნდა დაუსვან კოკოშკოვს, მოუსმინონ თუ რა პასუხებს გასცემს კიდევ ვამბობ თუ კოკოშკოვი იტყვის თუ როგორ შეუძლია ამ პრობლემების მოგვარება და ფედერაციაში ჩათვლიან, რომ იგი შესძლებს და ეყოფა კომპეტენცია დარჩეს, მაგრამ თუ გადაწყვეტენ, რომ წავიდეს მაშინ ჯერ უკეთესი უნდა ვიპოვოთ და მერე გავუშვათ. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ კოკოშკოვმა ბევრი გააკეთა მაგრამ მან მხოლოდ ორი თამაში მოიგო და ხუთეულში მოსახვედრად მას აშკარად კომპეტენცია არ ეყო. შეიძლება ფეოლაში რომ ახალი მწვრთნელი ლაპარაკობს ისე გამომივიდეს, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია ის რომ ბოისას და ასევე ფაჩულიას ტემპში არ უნდა ითამაშოს გუნდმა, არამედ საჭიროა უბურთოდ სწრაფი მოძრაობა და სწრაფი პასები. (თუნდაც ეს ამ ორი კალათბურთელის ძირითადიდან ამოვარდნადაც დაგვიჯდეს, თუმცა ეჭვი მეპარება ფაჩულიამ ტემპის მომატება ვერ შეძლოს) სწორედ ამ კუთხით უნდა გამოვლინდეს ცქიტიშვილის და შერმადინის პოტენციალი, როგორც შედარებით სწრაფი მაღალი უკანახაზელებისა. აქ სანიკიძეზე და შენგელიაზე საერთოდ ლაპარაკი არ არის, მათ მართლაც ამ კუთხით უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. როცა მოთამაშე ბურთს მიიღებს ყველა უნდა ეცადოს რომ გაიხსნას და ბურთიან მოთამაშეს ყოველთვის უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მინიმუმ 2 სხვადასხვა პასის გაკეთებისა. ბურთზე სწრაფად ვერავინ ვერ მოძრაობს და პასები თამაშის აჩქარების საუკეთესო საშუალებაა. ამის შემდეგაც აუცილებლად გამოჩნდება ხოლმე ბურთიანი თამაშის გაგრძელების და კარგ პოზიციაზე კაცის გაყვანის შესაძლებლობა.(მაგალითად როგორც ამას ფეხბურთში ბარსელონა აკეთებს) მაგრამ ამისათვის უბურთო მოთამაშეების სწორი და სწრაფი მოძრაობაა საჭირო. უბურთო მოთამაშეების სწორი და სწრაფი მოძრაობის მხრივ სამაგალითო იყო ესპანეთი. ესპანელების სწრაფი შეტევები სწორედ ასე ხორციელდებოდა და არა მარტო ბურთიანი კაცის სწრაფი სირბილით. მიმაჩნია, რომ ესპანეთმა სწორედ გუნდური თამაშით მოიგო თორემ ფრანგებზე უკეთესი მოთამაშეები არ ჰყავდათ.მეტიც მიმაჩნია, რომ ფრანგების წაგებაში ყველაზე მეტი როლი პარკერმა შეასრულა. გუნდური თამაშის დროს შეიძლება უფრო მეტი შედეგისათვის მიეღწიათ. ავიღოთ თუნდაც მაკედონიის მაგალითი. მათი წარმატების მიზეზი სწორედ გუნდურობა იყო. რაც შეეხება დაცვას, ზონური დაცვა მართლაც ეფექტური იარაღია, მაგრამ საჭიროა გუნდური თამაში, რათა ზონური დაცვა ეფექტურად ამოქმედდეს. შეუძლია ეს გააკეთებინოს გუნდს კოკოშკოვმა? შეუძლია ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა პრობლემების გამოსწორება? მე არ ვიცი, აქამდე ვერ შეძლო. თუმცა სანამ გაუშვებ უკეთესი მწვრთნელი უნდა მოძებნო.
Dito
20:24 23-09-2011
0
კაცო, უკეთესი შედეგის მიღწევა შეიძლებოდაო, რომ ამბობთ, უარესის მიღებაც ხომ შეიძლებოდა? სლოვენია რომ სამწამიანში ვერ გაინძრა, რატომ არ არის მწვრთნელის დამსახურება? უკრაინასთან თამაში რომ ამოვქაჩეთ? ლამის მესამე ადგილზე გასულ მაკედონიას ბოლო წამებზე რომ გავუთანაბრეთ, თან - ფაჩულიას გარეშე?
მაკედონიასთან ჯარიმა უნდა აგვეღოო. ჯარიმა რომ აგვეღო და მერე დაღლილებს ვერ ჩაგვეგდო? ხომ ვიტყოდით, ჯარიმა არ უნდა აგვეღო - მაკედონიაც დაღლილი იყო და 16 წამს გავუძლებდითო.
გასაგებია, რომ ყველამ კარგად ვიცით კალათბურთი :), მაგრამ იქნებ კოკოშკოვსაც გაეგება რამე, იქნებ ისიც ხედავდა ზონური დაცვის და ა. შ. ნაკლოვანებებს, მაგრამ თავს ზევით ძალა აღარ იყო, მით უმეტეს - 8 კაცით?
კომბინაცია და სისწრაფე რომ გვიჭირს ქართველებს, კალათბურთში გავიგეთ? :)
მოკლედ კი სულ ორი რამის თქმა მინდა:
1) ამ კაცმა 4 წელი გვწვრთნა და უნახავი გვანახა. თუ გავუშვებთ, უხინჯო, დაუყვედრებელი მადლობა მაინც ვუთხრათ და ისე გავუშვათ; და არა - არაკომპეტენტურობა და, მით უფრო, რაღაც ბავშვური შეცდომები დავაბრალოთ.
2) რაც მთავარია, მეშინია, უმადურობამ თუ კიდევ უარესმა მიდგომამ წვალებით მიღწეული წარმატება ხელიდან არ გამოგვაცალოს და ქართულ კალათბურთსაც ის არ დაემართოს, რაც ქართულ ძიუ-დოს დაემართა.
ზეზვა
14:21 22-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული