რატომ არ აიღო კოკოშკოვმა მაკედონიასთან ჯარიმა?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ევრობასკეტზე გამოსვლას ყველა ცალსახად დადებითად აფასებს - საქართველო ევროპის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. თუმცა, ზოგის თქმით, ჩვენს გუნდს მეტის მიღწევა შეეძლო და ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა ხელისშემშლელ ფაქტორზე. მაგალითად კალათბურთელთა ტრავმებზე, ტურნირის გადატვირთულ გრაფიკზე, ნატურალიზებულსა თუ მწვრთნელზე.

ბოლო დროს აგორდა იგორ კოკოშკოვის საწინააღმდეგო ტალღა, შეცდომებზე უთითებენ და აცხადებენ, მომავალი ციკლისთვის უკეთესი მწვრთნელი გვინდაო.
გამოგიტყდებით, მეც მინდა მთავარ მწვრთნელად დევიდ ბლატი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგორ კოკოშკოვის გარჯა უარყოფითად შეფასდეს და მის დამსახურებას ხაზი გადაესვას.

კატეგორიულ განცხადებამდე,
საინტერესოა, გავიგოთ პასუხი იმ მოქმედებებზე, რომლებსაც კოკოშკოვის შეცდომებად თვლიან.

ამ საკითხში დაგვეხმარება საქართველოს ნაკრების მეორე მწვრთნელი დავით უსტიაშვილი, რომელსაც გუშინ ველაპარაკეთ. ჯერ გუნდის გამოსვლის ზოგადი შეფასება ვთხოვეთ.

- ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშს არაერთი უცხოელი სპეციალისტი აფასებს დადებითად, თუნდაც ისეთი მწვრთნელები, როგორებიც არიან მარკოვიჩი, ბლატი... მაკედონელთა თავკაცმა, დოკუზოვსკიმ, რომლის გუნდმა ევრობასკეტზე მეოთხე ადგილი დაიკავა, აღნიშნა - საქართველოსთან რომ გაგვიჭირდა, ისეთი რთული შეხვედრა მანამდე არ გვქონიაო.

ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბარიერი გადალახა და საუკეთესო 12 ნაკრებს შორის მოხვდა, რაც უთუოდ დიდი წარმატებაა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქართელოს ნაკრებს პირველი ეტაპის შემდეგ ტრავმების გამო ზაზა ფაჩულია და გიორგი ცინცაძე დააკლდა.

- ტრავმები შესაძლოა გადაღლამაც გამოიწვია. ვფიქრობ, ევრობასკეტზე მოკლე დროში ძალიან ბევრი მატჩი ტარდება.
- ამ მხრივ ყველა გუნდი თანაბარ პირობებშია. სამწუხაროა, რომ ტრავმების გამო ორი წამყვანი კალათბურთელი გამოგვაკლდა. ზაზაცა და გიორგიც სასტარტო ხუთეულის წევრები არიან და მათი არყოფნა ძალიან დაგვეტყო, განსაკუთრებით მაკედონიასა და ფინეთთან მატჩებში. ამ გუნდებთან ნამდვილად შეიძლებოდა წარმატებით თამაში. თუმცა ყველამ დაინახა, რომ საქართველოს ნაკრებმა ყოველ მატჩში ბოლომდე იბრძოლა და ევრობასკეტზე დადებითი კუთხით წარმოჩინდა.

- მაკედონიასთან მატჩზე გკითხავთ. ბოლო 16 წამში მაკალებზე ჯარიმა რატომ არ აიღეთ?
- იმ შეხვედრის ბოლოს შეტევაში გვიჭირდა. მაკალებზე ჯარიმა რომ აგვეღო, იყო დიდი ალბათობა, რომ იგი საჯარიმოებს გამოიყენებდა, ჩვენ კი დარჩენილ დროში ვერ ჩავაგდებდით. ასეთ შემთხვევაში იტყოდნენ, თამაში მწვრთნელმა წააგოო. გადავწყვიტეთ, უჯარიმოდ გვეთამაშა და მაკედონელთა ნატურალიზებული თუ ვერ ჩააგდებდა, ყველაფერი ოვერტაიმში გაგრძელდებოდა. სხვათა შორის, მსგავს სიტუაციებში გაცილებით სახელიანი მწვრთნელებიც ისე მოქცეულან, როგორც იგორ კოკოშკოვი.

- იყო კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რაზეც შესაძლოა მწვრთნელს არ დავთანხმებოდით. გემახსოვრებათ, კლაიპედაში სლოვენიასთან მატჩისას ზონურ დაცვაზე გკითხეთ, რომლის დროსაც მეტოქემ 15 სამქულიანი ჩააგდო. პრესინგისას ამდენი შორეული ტყორცნის რეალიზაცია წარმოუდგენელია.
- მაშინაც ვთქვი, რომ სლოვენიელთა წინააღმდეგ ზონური დაცვა  ოპტიმალური ვარიანტი იყო. სწორედ ამის წყალობით ბოლო წამებამდე თამაშში ვიყავით და გამარჯვების შანსს ვინარჩუნებდით, რადგან სლოვენიელები ძირითადად სამქულიანების იმედად იყვნენ. ოდნავ უარესად რომ ესროლათ, შესაძლოა მოგვეგო კიდეც.
თუ დააკვირდით, რიგ ეპიზოდებში პერსონალურ დაცვაზე გადავედით, რამაც არ გაამართლა, სლოვენიელებიც სწორედ ამას ელოდნენ.

საერთოდ, მინდა აღვნიშნო: ეს ნიუანსები ზოგისთვის შეცდომაა, ზოგისთვის - არა. ვთვლი, რომ იგორ კოკოშკოვმა ყველა სათამაშო სიტუაციაში ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო. არ უნდა დაგვავიწყდეს, ვის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში - გადახედეთ სად და რამდენ წუთს თამაშობენ სლოვენიელი, რუსი კალათბურთელები და შემდეგ ჩვენს შემადგენლობას შეადარეთ. ამის ფონზე საქართველოს ნაკრებმა მართლაც ღირსეულად იბრძოლა. ალბათ, ბევრს არ ეგონა ფავორიტებთან ასე თუ ვითამაშებდით.

- რუსეთთან მატჩის გახსენებასაც გთხოვთ. იყო ეპიზოდი, როცა თამაშში გარდატეხის შეტანა შეიძლებოდა.
- ორი ქულით რომ ჩამოვრჩით, რამდენიმე შეტევა გავაფუჭეთ, ხან ფარქვეშიდან ვერ ჩავაგდეთ, ხან ბურთი დავკარგეთ. ამის მიზეზი იყო დაძაბულობა, რომელიც მატჩს ახლავდა. თამაშის მოსაგებად გამოცდილება დაგვაკლდა. მას მერე გამოჩნდა, რა დონის გუნდთან გვქონდა საქმე - რუსეთის ნაკრებმა ხომ ევრობასკეტი მესამე ადგილზე დაასრულა.

- ჩემპიონატის დაწყებამდე შეიძლება გვევარაუდა, რომ ზოგიერთ მატჩში კალათბურთელებს დაასვენებდით.
- სამწუხაროდ, ამის შანსი არ მოგვეცა. თუნდაც რუსეთთან და სლოვენიასთან საბრძოლველად ვემზადებოდით და მატჩები ისე წარიმართა, რომ გამარჯვების შანსს ბოლომდე ვინარჩუნებდით. ასეთ ვითარებაში ვინმეს დასვენებაზე ფიქრიც წარმოუდგენელი იყო.

- აქამდე წაგებულ მატჩებზე ვილაპარაკეთ, მოგებულებზეც ვთქვათ. გამოჩნდა, რომ ბელგია სუსტი იყო, სამაგიეროდ, უკრაინას ჰყავდა კარგი ნაკრები.
- ვერ ვიტყვი, ბელგია ხელწამოსაკრავი იყო-მეთქი. უბრალოდ, სადებიუტო მატჩში ჩვენ გაცილებით უკეთესად ვითამაშეთ და ბევრი რამ ამ შეხვედრამაც გადაწყვიტა. მეორე დღეს ბელგიამ ბულგარეთთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო. ვფიქრობ, იმ შეხვედრაში რომ ეყოჩაღა, პირველ ტურში გაფუჭებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გაიუმჯობესებდა და სულ სხვა კალათბურთს ითამაშებდა.

რაც შეეხება უკრაინასთან დაპირისპირებას, საქართველო-უკრაინას შორის გამარჯვებული მომდევნო ეტაპის საგზურს თითქმის ინაღდებდა. მატჩის მსვლელობისას სხვადასხვა სტილის დაცვას ხშირად ვუნაცვლებდით და მეტოქეს თამაშის დალაგების საშუალებას არ ვაძლევდით. სხვათა შორის, პრესკონფერენციაზე უკრაინის ნაკრების კალათბურთელმაც თქვა - წაგების მთავარი მიზეზი მეტოქის დაცვა იყო, რომელსაც ალღო ვერ ავუღეთო.

- რამდენიმე კალათბურთელზეც გკითხავთ. მარკიზ ჰეინსზე იგორ კოკოშკოვის მოსაზრება ვიცით. მასზე თქვენ რას ფიქრობთ?
- სამწუხაროდ, ტორინ გრინს ისეთი ტრავმა ჰქონდა, რომ ევრობასკეტზე თამაშს ვერ შეძლებდა. გრინი გაცილებით გამოცდილია. მის ადგილას მარკიზ ჰეინსი ავიყვანეთ, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ლიტვაში შესაძლებლობები ვერ გამოავლინა. ვფიქრობ, ამაში ხელი ერთმა გარემოებამაც შეუშალა: იგი ხან პლეიმეიქერად თამაშობდა, ხან მსროლელად. ერთ რომელიმე ამპლუაში რომ გარჯილიყო, ალბათ, უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანდა.

- ტაირონ ელისი?
- იგი ამპლუით მსროლელია. ევრობასკეტისთვის კი ისეთი კალათბურთელი გვსურდა, სხვადასხვა პოზიციებზე საჭიროებისამებრ რომ გამოვიყენებდით.

- მეტ სათამაშო დროსა და შედეგს ველოდით ვლადიმერ ბოისასგან...
- ვოვა გამოცდილი მოთამაშეა, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ მას მუხლის ჯვარედინი მყესის ოპერაცია აქვს გადატანილი. მსგავსი ოპერაცია 90-იან წლებში მეც გავიკეთე და მას მერე ძალიან გამიჭირდა ძველი კონდიციების დაბრუნება. თუმცა იმედი მაქვს, რომ ბოისა ნელ-ნელა ძველ ფორმას დაიბრუნებს. ნაკრებს მისი გამოცდილება ძალიან სჭირდება.

- მაკედონიასთან მატჩმაც დაგვანახა, რომ მანამდე ნიკა ცქიტიშვილის მეტად დატვირთვაც შეიძლებოდა.
- მაკედონელთა თამაში კარგად გვქონდა შესწავლილი და ვიცოდით, რომ ცქიტიშვილისთვის სივრცეები ხშირად გამოჩნდებოდა. ასეც მოხდა და ნიკამ საუკეთესო თამაში მაკედონიასთან უჩვენა. სხვა თამაშებში ცქიტიშვილსაც და მისი ამპლუის სხვა კალათბურთელებსაც არეალს მაქსიმალურად უზღუდავდნენ.

- ბოლოს თორნიკე შენგელიაზე გკითხავთ, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცა.
- თორნიკე ახალგაზრდაა, თუმცა საკუთარი დამაჯერებელი გარჯით ბევრი გააკვირვა. მან დიდი წვლილი შეიტანა ბელგიასა და უკრაინასთან გამარჯვებებში. შენგელიას პოტენციალში კიდევ ერთხელ ყველა დარწმუნდა,რომ ახლა უფრო მეტი შრომა სჭირდება, რათა რეზერვი სრულად აამოქმედოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მარტო ამ კრიტიკიდანაც კარგად ჩანს რომ ჩვენ გულშემატკივრობის საერთოდ არაფერი გაგვეგება და არაფრის ღირსები არა ვართ,კაცმა 12 საუკეთესო გუნდში გაგვიყვანა რა გინდათ მეტი?რატო მოგინდებათ ხოლმე მაშინვე მსოფლიო ჩემპიონატის მოგება?წესით მაგარი საგინებლები ხართ ყველა ის ხალხი ვინც ან კოკოშკოვს ან ჩვენ რაგბისტებს აკრიტიკებთ მაგრამ ვინ გამომიქვეყნებს მერე კომენტარს,ეგრე რამ გაგაბოროტათ მაგას ვერ ვხვდები,ყველაფერი უნდა აკრიტიკოთ რა სხვანაირად არ შეგიძლიათ,ევროპის ჩემპიონატი რო მოგვეგო მაშინაც გინებას დაუწყებდით კოკოშკოვს "კალათბურთში ჩვენ ისეთი ტრადიციები გვაქ უფრო ლამაზად უნდა მოგვეგოო",მარა შეგნება რო არა აქ კაცს ელაპარაკე იმას რამდენიც გინდა,რა აზრი აქ რო?
Dato
15:28 22-09-2011
0
უნამუსობააა და მეტი არაფერი, უნდა ვიყოთ თანმიდევრულები. მიზანი იყო ჯგუფიდან გასვლა და შესრულებულია დიდი მადლობა ბიჭებს და მწვრთნელს.
დანარჩენი მერე.
ორი ტრამვირებული კალათბურთელი დავბრუნდით, ერთი თვე ვერ ითამაშებს ფაცჰულია, 6 თვე ვერ ითამაშებს გიორგი. დიდი მადლობა მათ და ყველას ასეთი თავდადებისთვის
პლეიოფი დავგეგმოთ შემდეგისთვის. მჯობნის მჯობნს რა დალევს. კოკოშკოვის მოღვაწეობა საუკეთესოდ უნდა შეფასდეს
imeda
15:53 22-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული