- გასული სეზონი გერმანიაში გაატარე. ამ ქვეყნიდან მოწვევას ამჯერადაც ელოდი.
- იყო ვარიანტები, რომლებიც ვერ განხორციელდა. ჩემი მენეჯერი ახლაც მუშაობს, მაგრამ ჯერ რეალური არაფერი ჩანს. შესაბამისად, შესაძლოა კარიერა საქართველოში გავაგრძელო.
- გაქვს შეთავაზება?
- შეთავაზება ჯერ არ მიმიღია, ინდივიდუალურად ვვარჯიშობ.
- ლიტვაში კარგად მომზადებული ჩავედი. ჯერ დავით თორთლაძესთან ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი, ვმუშაობდი ყველა კომპონენტზე რაც მჭირდებოდა. შემდეგ სანაკრებო შეკრება დაიწყო და ევრობასკეტს სათანადო ფორმაში შევხვდი. სათამაშო დროსთან შეფარდებით, ურიგოდ არ გამოვსულვარ. რითაც შემეძლო, ნაკრებისტვის მაქსიმუმი გავაკეთე.
- იყო დასამახსოვრებელი მატჩი საბერძნეთთან, მეოთხედის ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანი სლოვენიასთან...
- როცა ასეთი დონის ტურნირზე გამოსვლას აპირებ, მზად უნდა იყო როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. საინტერესო იყო სლოვენიასთან შეხვედრა. ძირითადად ზონურ დაცვას ვთამაშობდით, თუმცა ძალიან მაინტერესებდა ერთი-ერთზე თუნდაც იაკა ლაკოვიჩის დაჭერა.
- სლოვენიელებს ძალიან მაღალი კლასის უკანახაზელები ჰყავთ...
- ლაკოვიჩისა და დრაგიჩის შესაძლებლობებში ეჭვი არავის შეაქვს, თუმცა ისინიც ადამიანები არიან და აქვთ ნაკლოვანებები. ეს ჩვენთან მატჩშიც გამოჩნდა - ზონური დაცვისას დრაგიჩმა მხოლოდ 2 ქულა ჩააგდო.
- რუსეთთან შეხვედრის ბოლო წუთებზე მწვრთნელმა საინტერესო ტაქტიკა შემოგვთავაზა: მანამდე ევრობასკეტზე სულ 2 წუთი გქონდა ნათამაშები, თუმცა ზონურ დაცვაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყავი - რუსების გამთამაშებლის შვედის წინააღმდეგ გიწევდა თამაში.
- საინტერესო მატჩი იყო. მეტოქე მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურ პრესინგს გვეთამაშებოდა. საერთოდაც, ძნელია, ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა ხუთმა კალათბურთელმა თანაბარ დონეზე ჩაატაროს. რუსეთთან დაპირისპირების წინა დღეს, ბელგიასთან, გიორგი ცინცაძეს 35 წუთი ჰქონდა ნათამაშები და რუსეთთან ბოლოს ცოტა დაღლილიც იყო.
მწვრთნელს სხვა ვარიანტი არ ჰქონდა - მატჩის დასრულებამდე 14 წუთით ადრე მოედანზე შემიყვანა და ნაკრები ზონურ დაცვაზე გადავიდა. საბედნიერიდ ტაქტიკამ გაამართლა, გულიანმა თამაშმა შედეგი მოიტანა და სხვაობა 2 ქულამდე შევამცირეთ. მართალია წავაგეთ, მაგრამ იყო ბრძოლა, უკანასკნელ წამებზე დავმარცხდით. გემახსოვრებათ, მცირე ტრავმაც მივიღე: შვედმა თვალში ხელი მომარტყა და დროებით მოედნიდან გასვლამ მომიწია.
- საქართველოს ნაკრების ევრობასკეტზე გამოსვლას ყველა ერთგვაროვნად აფასებს. ალბათ, არც შენ იქნები გამონაკლისი.
- ყველამ კარგად დაინახა, რომ თითოეულ მატჩში ბოლომდე ვიბრძოდით, საბერძნეთთან, სლოვენიასთან, რუსეთთან, მაკედონიასთან... კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნებისმიერ მეტოქესთან თანაბრად თამაში შეგვიძლია. ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჩვენს ნაკრებზე დადებითად იმოქმედებს.
პრაქტიკული თვალსაზრისით კი დიდი ნაბიჯი გადავდგით: 12 გუნდს შორის მოხვედრით დავიბევეთ მომავალ შესარჩევ ციკლში პირველ კალათაში მოხვედრა, სადაც სერბეთი, გერმანია, ხორვატია, თურქეთი, ფინეთი არიან. ევროპის ჩემპიონატმა დაამტკიცა, რომ მათზე ქვემოთ არ ვდგავართ, მივიღეთ საკმარისი გამოცდილება, ჟინი არ გვაკლია და მომავალ შესარჩევში კიდევ უფრო კარგად უნდა ვითამაშოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"