...პირველივე წუთებიდან გამოჩნდა, რომ იგორ კოკოშკოვი ფრთხილობდა: ალბათ, მასაც აწყობდა მასპინძელთა მიერ არჩეული ტემპი - იერიშებისას ბურთის მეტოქის ნახევარზე დინჯად გადატანა და შეტევისთვის განკუთვნილი 24 წამის ბოლომდე გამოყენება.
ასეთი
მეორე პერიოდის დასაწყისში მოედანზე გამოჩნდნენ საქართველოს ნაკრების სათადარიგო მოთამაშეები. თამაშის რიტმი არ შეცვლილა, უბრალოდ, პოლონელებმა მიზანი გაისწორეს - ლამპესა და გორტატს ფარქვეშ ბერიშაც წაეხმარა, ხოლო პერიმეტრიდან - კოზარეკი.
მეორე ათწუთეულში გამოიკვეთა ქართველთა სტრატეგია - რაკი გორტატი და ლამპე სამწამიან ზონაში მყარად იდგნენ, ქართველებმა აქცენტი პერიმეტრზე გადაიტანეს. ისინი მარკოიშვილის სატყორცნ პოზიციაზე გაყვანას ცდილობდნენ. მანუმაც პირველივე 3-ქულიანი კალათში მოათავსა, ამას ორი 2-ქულიანი და ერთიც შორეული ტყორცნა მიამატა და პოლონელებს დიდი სხვაობით დაწინაურების უფლება არ მისცა.
მეორე პერიოდი მასპინძელთა სასარგებლოდ 7-ქულიანი ფორით დასრულდებოდა, სირენასთან ერთად კოზარეკს შორეული 3-ქულიანი რომ არ ჩაეგდო - 35:25 მასპინძელთა სასარგებლოდ, ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
რადგან პერიმეტრიდან ტყორცნებზე ვლაპარაკობთ, აქვე დავძენთ, რომ თბილისური მატჩისგან განსხვავებით პოლონელები უფრო მრავალფეროვნად თამაშობდნენ - იერიშებისას შორეულ ტყორცნებს ხშირად ასრულებდნენ. სხვებზე რა გითხრათ, მაგრამ კოზარეკს ეს საქმე კარგად გამოუვიდა (7-დან 4 სამქულიანი გამოიყენა).
ასეთივე სიზუსტით ისროდა მარკოიშვილიც, რომლის 2 საჯარიმოსა და ფაჩულიას 2-ქულიანის შემდეგ მესამე პერიოდის მე-6 წუთზე სხვაობა 5 ქულამდე შემცირდა - 34:39. გვეგონა, თამაშის საკვანძო ეპიზოდიც ეს იქნებოდა, მაგრამ... იგორ გრიშჩუკმა ქართველთა აფეთქება წუთშესვენებით ჩააცხრო. სწორედ ამ ტაიმ-აუტს მოჰყვა პოლონელთა გაქცევა - 13:2, რომლის შემდეგაც ტაბლოზე 52:36 დაფიქსირდა.
ეს მეოთხე პერიოდის მე-2 წუთზე მოხდა, თუმცა ქართველებს აღელვება წამითაც არ დასტყობიათ - სანიკიძემ და მარკოიშვილმა მშვიდად ჩააგდეს თითო 3-ქულიანი, შემდეგ მათ ტორინ გრინმაც მიბაძა...
სხვათა შორის, ამერიკელი უკანახაზელი მეოთხე რაუნდში გაიხსნა. მან მანამდე არაერთი 3-ქულიანი ისროლა. გვეგონა, ერთი თუ არა, მეორე მაინც ჩავარდებოდა, ან მესამე, მეოთხე, მეხუთე... მიზანს მხოლოდ მეექვსემ მიაღწია, თუმცა ეს მხოლოდ სხვაობის 10 ქულამდე შემცირებას ეყო. პოლონეთის ნაკრები ფარქვეშიდან ქულას ქულაზე აწებებდა და ამიტომ, ვერც 3-ქულიანებით და ვერც საჯარიმოებით მეტოქეს ვერ დავეწიეთ...
მეოთხე პერიოდში კოკოშკოვი თავიდან ბოლომდე გამოცდილ ხუთეულს დაეყრდნო. მოედანზე არ შეუყვანია არც შერმადინი და არც შენგელია... სხვათა შორის, საქართველომ მეოთხე პერიოდში 22 ქულა მოაგროვა - იმაზე მეტი, ვიდრე პირველ და მესამე პერიოდებში ერთად. და მეოთხედი მოიგო კიდეც, რაც პირველ რიგში ტემპის მომატებით უნდა ყოფილიყო განპირობებული. ჩვენი გუნდი ქართულად ათამაშდა - ცდილობდა, შეტევა პირველივე ფაზაში დაესრულებინა, ფარქვეშიდანაც უტევდა და პერიმეტრიდანაც...
შეიძლება, ასეთი ტაქტიკა პირველივე წუთებიდან გამართლებული ყოფილიყო, რომ არა ზაზა ფაჩულიას ტრავმა - მუხლმტკივან კაპიტანს სწრაფ თამაშში მეტი დატვირთვა დაადგებოდა. არადა, ასეთი გამოცდილი კალათბურთელის მოედანზე ყოფნა პოლონელებს საქმეს ურთულებდა. თავად განსაჯეთ - ზაზამ გორტატს მატჩი 5 პერსონალურით დაატოვებინა.
თუმცა ფაჩულია შეტევაში ჩვეული ეფექტურობით ვერ გამოირჩა. ფარქვეშიდან ბურთის ჩაგდება ყველა ქართველს გაუჭირდა. სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი - მეტოქეს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ (მოხსნებშიც), ორქულიანების გარდა. ჩვენ 35-დან 12 "ორიანი" გამოვიყენეთ, პოლონელებმა კი 38-დან 21.
ბულგარეთთან მატჩისას ბარიერი ვახსენეთ. საქართველოს ნაკრები იმ ათლეტივითაა, ხუთ ბარიერს რომ გადაახტა და ორს წამოედო, ფინიშამდე კი სამიღა დარჩა - ბელგია (შინ), პორტუგალია (სტუმრად), ბულგარეთი (შინ)...
პოლონეთი-საქართველო 67:58
12:8, 23:17, 12:11, 20:22
პოლონეთი: ბერიშა (29 წთ, 9ქ,), ლამპე (29 წთ, 14ქ, 9მ), მაიევსკი (23 წთ, 3 ქ), კელატი (35 წთ, 4ქ), გორტატი (35 წთ, 17 ქ, 8 მ, 5 ჯ)...
საქართველო: მარკოიშვილი (29 წთ, 19ქ, 5 მ), ფაჩულია (32 წთ, 8 ქ, 7მ), ცინცაძე (23 წთ, 4მ), სანიკიძე (30 წ, 9 ქ, 9მ), გრინი (27 წ, 9ქ, 4მ, 3პ), ცქიტიშვილი (25წთ, 5ქ, 3მ), შენგელია (13 წთ, 4ქ, 5მ), შერმადინი (8 წთ, 4 ქ, 3მ), გამყრელიძე (12 წ).