ვახტანგ ნაცვლიშვილი: ნაკრებს გამარჯვებულის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდა

AutoSharing Option
ლიტვაში საქართველოს ნაკრების ქომაგთა შორის იყო ვახტანგ ნაცვლიშვილი, რომელიც ეროვნულ გუნდს ემოციურად გულშემატკივრობდა.

ვატო საქართველოს ნაკრების პირველი ქულების ავტორიცაა (1995 წლის 24 მაისს, პოლონეთთან), ხოლო ეროვნულში ბოლო მატჩი 2007 წლის 1 სექტემბერს ჩაატარა (სულ 40 მატჩი). მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს ვეტერანის მოსაზრება თანამედროვე ნაკრებზე.

ინტერვიუ ზოგადი შეფასებით დავიწყეთ.

- საქართველოს ნაკრების გამოსვლა დადებითზე მაღალი ნიშნით უნდა შეფასდეს. კალათბურთელებმა, მწვრთნელებმა, ფედერაციამ, ყველამ ვისაც ნაკრებთან შეხება ჰქონდა, ბევრი იშრომა და მიაღწია მაღალ შედეგს. მათ თამასა იმდენად მაღლა ასწიეს, რომ მის გადალახვას რომ
თავი დავანებოთ, შედეგის გამეორებაც რთული იქნება. საქართველო ხომ საუკეთესო 12 ნაკრებს შორის მოხვდა, რითაც რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა და მომავალ შესარჩევ ეტაპზე პირველ კალათაში მოხვედრა დაიბევა. ამის გამეორება უკვე ისტორიის ხელახლა გადაწერის ტოლფასია.

- გული ხომ არ გწყდებათ, ნაკრების ამ წარმატებას ტრიბუნებიდან რომ ადევნებდით თვალს?
- მამათა და შვილთა ბრძოლა ძველი დროიდან მოდის. ზოგიერთ ვეტერანს ახალი თაობა არ მოსწონს, მაგრამ მე საკითხს სხვაგვარად ვუდგები - საქართველოს ნაკრებმა არაერთი ეტაპი გაიარა, პირველშიც მითამაშია, გარდამავალ ეტაპზეც და ამ გუნდთანაც, რომელიც ბოლო 10 წელია ერთად მიიწევს ევროპის ჩემპიონატისკენ. გულდასაწყვეტი არაფერია, პირიქით მიხარია, რომ ჩვენს მიერ დაწყებული საქმე თანამედროვე ნაკრებმა ბოლომდე მიიყვანა. იმედია არავის ეწყინება, თუ ვიტყვი - ეს გუნდი სანაკრებო ისტორიაში საუკეთესოა.

- ტელევიზიით თქვენი კომენტარი მოვისმინე და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იგორ კოკოშკოვით უკმაყოფილო ბრძანდებით.
- აქამდეც ვთქვი, რომ დადებითად ვაფასებ ყველა იმ ადამიანის მუშაობას, ვინც ნაკრებში თუ მის ირგვლივ მოღვაწეობდა. ვგულისხმობ მწვრთნელებსაც. ყველაფერზე შედეგი მეტყველებს: იგორ კოკოშკოვის ხელში გუნდი საფეხურეობრივ წინ მიიწევს. ჯერ B დივიზიონიდან A-ში გადავიდა, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, სადაც საუკეთესო თორმეტეულში მოხვდა.

ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია იგორ კოკოშკოვთან. როცა კალათბურთს ვთამაშობდი, მხოლოდ ორ მწვრთნელთან მქონდა პრეტენზია - კენ შილდსთან და გორდონ ჰერბერტთან (ნაწილობრივ). ტელევიზიით კომენტარი კონკრეტულ ეპიზოდზე გავაკეთე: მაკედონიასთან კოკოშკოვს ჯარიმა არ უნდა აეღო-მეთქი.

ცივ გონებაზე, მეგობრებში ასეთი საკითხის განხილვა იოლია, კონკრეტულ მომენტში კი მწვრთნელს გადაწყვეტილება რამდენიმე წამში უნდა მიეღო. ზოგი ჩათვლიდა, რომ მას ჯარიმა უნდა აეღო, ზოგი საპირისპიროს იტყოდა.

ჯარიმის აღებაც ვერ იქნებოდა გამარჯვების გარანტია. წაგების შემდეგ მწვრთნელს კრიტიკა ვერც ერთ შემთხვევევაში ასცდებოდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან აზრი ყოველთვის ორად იყოფა და ჯანსაღი კრიტიკისთვის მწვრთნელი მზად უნდა იყოს. ერთის თქმა  თამამად შემიძლია - მწვრთნელის შეცვლა-არშეცვლა ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. საკალათბურთო საკითხებში პოლიტიკის განმსაზღვრელი ფედერაციაა და სწორედ მან უნდა შეაფასოს იგორ კოკოშკოვის მუშაობა.

შედეგით უკმაყოფილო არავინაა, ამიტომ, კოკოშკოვის გუნდში დარჩენის წინააღმდეგიც არავინ იქნება. მთავარია შედეგი, თორემ, მესაჭე ვინ იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. აუცილებელია, საკალათბურთო ფესტივალებში რეგულარულად ვმონაწილეობდეთ. ამ წარმატებამდე ვინ მიგვიყვანს, მნიშვნელობა არ აქვს. ისე კი, მჯობნის მჯობნი არ დაილევა.

- ნაკრების ევრობასკეტზე გამოსვლამ არაერთი დადებითი და უარყოფითი მხარე გამოკვეთა.
- ჯერ დადებითზე ვიტყვი. ჩვენს გუნდს ჩამოუყალიბდა გამარჯვებულის ფსიქოლოგია. ეს 90-იან წლებში მოთამაშე პირველი ფორმაციის ნაკრებს ნამდვილად აკლდა.

ამჟამინდელ გუნდს კი შეუძლია თავისუფალი, ლაღი თამაშით სლოვენიას, რუსეთს, მაკედოდიას თანაბრად ებრძოლოს და ბოლო წამებამდე ინარჩუნებდეს გამარჯვების შანსს. ბელგიის, უკრაინისა და ბულგარეთის კატეგორიის ნაკრებებთან კი ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩვენს მხარესაა.

- ნაკრების სათამაშო რგოლებზეც გკითხავთ...
- ფაჩულია, ბოისა, ცქიტიშვილი, შერმადინი, შენგელია, სანიკიძე. ამ კალათბურთელებს ფარქვეშ ბრძოლა კარგად შეუძლიათ და თუ მეხსიერება არ მღალატობს, ფარქვეშ სერიოზული პრობლემა ვერც ერთმა მეტოქემ შეგვიქმნა. ყველაზე მეტად რუსეთთან გაგვიჭირდა. აქვე უარყოფითზეც უნდა ითქვას: დიდი თავსატეხი გაგვიჩინა ბურთის ხშირმა დაკარგვამ. შეცდომები როგორც უკანახაზელებს, ასევე წინახაზელებს მოსდიოდათ. ეს შემდეგისთვის აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ.

- კალათბურთელებსაც შევეხოთ...
- მეგობრობის ნიშნით არავის გამოვარჩევ, სიტუაციას რეალურად ვაფასებ. ვიქტორ სანიკიძე ევროპის ჩემპიონატზე თავის სიმაღლეზე იყო. მან სტაბილურობა ბოლომდე შეინარჩუნა. ზაზა ფაჩულია უდიდესი ძალაა. ეს ბულგარეთთანაც გამოჩნდა.

მასთან ერთად ნაკრების კარგ თამაშს მივეჩვიეთ და როცა მოულოდნელად ფაჩულიას გარეშე მოგვიწია ასპარეზობა, მაშინღა დავინახეთ რაოდენ დიდი ძალაა იგი ნაკრებისთვის. ბელგიასთან, სლოვენიასთან, უკრაინასთან კარგად ითამაშა ცინცაძემაც, რუსეთთან ცოტა დაბნეულობა ეტყობოდა.

მის ტრავმასაც სერიოზული პრობლემები მოჰყვა. მანუჩარ მარკოიშვილი დიდ სამუშაოს ასრულებს როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. მანუჩარი არის ძრირითადი ღერძი, რომელზეც თამაში ეწყობა. ნიკა ცქიტიშვილს დროის სიმცირის გამო შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება არ ჰქონია.

არადა, როცა შანსი მიეცა, მაკედონიასთან თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. ის მატჩი თითქმის მოგებული იყო, რაშიც მთავარი ფაქტორი ცქიტიშვილი გახლდათ. ევრობასკეტის მეორე ეტაპზე ორმაგი დუბლის შესრულებას დიდი გამოცდილება და შნო სჭირდება. გემრიელი ლუკმა კი ბოლოსთვის შემოვინახე: საქართველოს ნაკრების მომავალი ერთ სახელში მესახება - თორნიკე შენგელია. მის პოტენციალზე ლაპარაკს აღარ მოვუყვები, ყველაფერი ისედაც ნათელია.

- თუ გეგულება სხვა ახალგაზრდები, რომლებიც ნაკრებს სათანადოდ დაეხმარებიან?
- არ მიმაჩნდა გამართლებულად ნაკრების შემადგენლობის გადახალისება ევრობასკეტის წინ, რადგან ამ შემადგენლობამ ბევრი იწვალა, ვიდრე მეორე ეშელონიდან ევროპის ჩემპიონატამდე მიაღწია. 12 სექტემბრიდან კი ახალი ეპოქა დაიწყო და მწვრთნელებმაც ახალი სისხლის გადასხმაზე უნდა იმუშაონ. მართალია, ეს თაობა კიდევ რამდენიმე წელს ითამაშებს, მაგრამ თაობათა ცვლა უმტკივნეულოდ რომ განხორციელდეს, ახლავე უნდა მიხედვა.

- ნატურალიზებულზეც გკითხავ.
- ნატურალიზებული კალათბურთელი საქართველოს ნაკრებს აუცილებლად სჭირდება. არა მგონია, სერჟ იბაკას ესპანური ფესვები ჰქონდეს, მაგრამ ნაკრებში კი მიიწვიეს. გამოდის, რომ სჭირდებათ. ფიბა გვაძლევს შანსს დავიმატოთ ერთი უცხოელი. შანსი უნდა გამოვიყენოთ, რათა უკეთესი შედეგი ვუჩვენოთ.

რაც შეეხება მარკიზ ჰეინსს, ვფიქრობ იგი ნაკრების მონახაზში ვერ ჩაჯდა. თითქოს რეგრესისკენ მივდივართ: ჰეინსზე მეტი სარგებელი ნაკრებს გრინმა მოუტანა, მასზე მეტი - ელისმა, ხოლო ყველაზე მაღალი დონის ნატურალიზებული უფრო ადრე გვყავდა - შემონდ უილიამსი. ვფიქრობ, ეს გამოსწორებადია. კარგი უცხოელის დამატება დიდი პრობლემა ნამდვილად არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვეთანხმები, რომ შედეგი შედგა, მაგრამ ძალიან მიკვირს რატომ არავინ (კომპეტენტური ადამიანებიდან) არჩევს გუნდის თამაშის უარყოფით მხარეებზე, ხარვეზებზე. რატო არ აანალიზებენ. დაელაპარაკნენ მწვრთნელს ამაზე თუ არა? შეძლებს კოკოშკოვი ხარვეზების გამოსწორებას, თუ არა? არადა კალათბურთელებს აშკარად მეტი შედეგის მიღწევა შეუძლიათ. არ მითხრათ ახლა რო ყველაფერი გადასარევადააო.თუ მხოლოდ 2 თამაშის მოგებას დიდ წარმატებას არქმევს ვინმე ასეთი კალათბურთელებით? იქნებ გულშემატკივრებს გაგვაცნონ რას ფიქრობენ.
dito
19:42 28-09-2011
0
შენონ უილიამსი მართლა მაგარი იYო
zaza sigu
18:47 28-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული