მარკიზ ჰეინსი: მეტი შემიძლია, ვიდრე ევრობასკეტზე ვუჩვენე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევრობასკეტზე ნატურალიზებულმა მარკიზ ჰეინსმა ითამაშა. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მარკიზმა ესპანეთს მიაშურა, სადაც "გრან კანარიას" შეუერთდა.

ამ გუნდში იგი საქართველოს ნაკრებში ნათამაშები კიდევ ერთი ამერიკელის, ტორინ გრინის გვერდით ირჯება. ჰეინსი-გრინის დუეტმა სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი უკვე ჩაატარა - ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანიაში "ბროსეს" 61:56 მოუგო. განმეორებითი შეხვედრა 4 ოქტომბერს იგეგმება და თუ ესპანელებმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება საშინაო მატჩშიც შეძლეს, ნოემბრიდან ევროთასის ჯგუფურ ტურნირში ითამაშებენ.

გერმანიაში ჰეინსმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 26 წუთში 14 ქულა და 4 მოხსნა
მოაგროვა. ტორინ გრინს შეზღუდული სათამაშო დრო ჰქონდა და შესაბამისად ვერც ეფექტური სტატისტიკით გამოირჩა: 10 წუთი, 3 ქულა.

ესპანური გამოცემა "ლაპროვინციაში" გამოქვეყნდა ინტერვიუ მარკიზ ჰეინსთან. იგი ლაპარაკობს როგორც "გრან კანარიას" ასევე საქართველოს ნაკრების შესახებ...

- კანარის კუნძულებზე თავს როგორ გრძნობ?
- დიდი ხანი არ არის, რაც ჩამოვედი, მაგრამ აქაურობას უკვე შევეგუე. მოხარული ვარ, რომ ასეთ საინტერესო ადგილას მიწევს ცხოვრება.

- საკუთარ პლუს-მინუსებზე რისი თქმა შეგიძლია?
- სროლაც შემიძლია და დაცვაში თამაშიც. ვცდილობ მატჩის გარკვეულ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებები მივიღო. თუ სასროლ სიტუაციაში აღმოვჩნდები, ტყორცნას არ ვაყოვნებ. როცა საჭიროა, თანაგუნდელებზე ვთამაშობ. ასევე, ვგრძნობ, რომ შემიძლია საზოგადოების ყურადღება კარგი თამაშით მივიპყრო, თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ ამის მიღწევა მხოლოდ ბევრი შრომით შეიძლება. ბოლო ორი წლის განმავლობაში დილის 6 საათზე ვდგები და ინდივიდუალურად ვვარჯიშობ.
ვცდილობ, სხვებზე მეტი ვიმუშავო.

- პირველი სეზონი ფრანგულ "შალონში" გაატარე. ევროპის საკალათბურთო სტილთან ადაპტაცია ხომ არ გაგჭირვებია?
- იმდენად რთული არ იყო, რამდენადაც ევროპაში ჩამოსვლამდე მეგონა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ამერიკაშიც კალათბურთის თამაში მიწევდა და აქაც. ევროპაში თამაშის დაბალ ტემპში წარმართვაც ვისწავლე, მწვრთნელებისა და თანაგუნდელების მოსაზრების მოსმენაც, რაც თამაშის უკეთესად წარმართვაში მეხმარება.

- როგორც ჩანს, ეფექტური ჩატენვები ძალიან გიყვარს.
- შედარებით ახალგაზრდა რომ ვიყავი, ჩატენვებს დიდ ყურადღებას ვაქცევდი. ახლა, კი ვერ ვიტყვი, რომ ეფექტური ზემოდან გდება იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე პუბლიკას. თუმცა, როცა საშუალება მაქვს, ყოველთვის ვცდილობ ჩატენვით გულშემატკივართა გახარებას. იმასაც ვაცნობიერებ, რომ ზემოდან გდებისა და ორქულიანი ტყორცნისას ტაბლოზე ერთი შედეგი ფიქსირდება - 2 ქულა.

- ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მაისურით საკუთარ გამოსვლაზე რას იტყვი?
- ქართველთა ნაკრები წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული გუნდია. ჩემი დამატებით სათამაშო სტილსა და სტრატეგიაში ვერაფერი შეიცვლებოდა, აუცილებელი იყო მხოლოდ გუნდის სისტემასთან მორგება. საშუალოდ 8 ქულას ვაგდებდი. ვფიქრობ, გაცილებით მეტი შემიძლია, თუმცა მწრვთნელთა შტაბისა და გუნდის ინტერესების შესაბამისად ვიქცეოდი. ვფიქრობ, "გრან კანარიაში" სხვა როლი დამეკისრება.

- საქართველოს ნაკრებში თამაშობდი ორ პოზიციაზე. ეს გარკვეულ დისკომფორტს არ გიქმნიდა?
- ეს ჩემთვის ახალი ნამდვილად არ არის. სპორტული კარიერის განმავლობაში მითამაშია როგორც გამთამაშებლად, ასევე მსროლელად. საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტამდე ერთი თვე ვვარჯიშობდი, რაც არ იყო სათანადო დრო ორივე პოზიციაზე სათანადოდ მორგებისათვის. ფრანგულ "შალონშიც" ხან მსროლელი ვიყავი, ხან გამთამაშებელი, თუმცა იქ ერთი სეზონი გავატარე, მეც კარგად შევეჩვიე და თანაგუნდლებიც.

- "გრან კანარიამ" ორწლიანი კონტრაქტი გაგიფორმა, რაც იმას ნიშნავს, რომ შენგან ბევრს მოელიან.
- ერთი თვეც არ არის, რაც "კანარიასთან" ერთად ვვარჯიშობ. ნდობას ვგრძნობ და ვცდილობ გუნდს მაქსიმალურად გამოვადგე.

- "გრან კანარიიდან" წასული ჯეის ქეროლის პოზიციის შევსება მოგიწევს. მზად ხარ?
- არც ისე. ახლავე აგიხსნით რატომ ვამბობ ასე: საფრანგეთში ჩატარებულ პირველ მატჩში 2 ქულა ჩავაგდე. ქომაგი, ალბათ, იფიქრებდა - ის კალათბურთელი არ არის, ვინც გვჭირდებოდაო. მაგრამ სეზონის ბოლოს ჩემს გარჯას ყველა პოზიტიურად აფასებდა, საფრანგეთში ძალიან კარგი სეზონი ჩავატარე. შეიძლება თავიდან ესპანეთშიც ვერ გავისარჯო ისე, როგორც შემიძლია, მაგრამ, ვფიქრობ, ურიგო სეზონი არ მექნება. ქეროლი დიდი კალათბურთელია, მაგრამ მეც მაქვს დრო კანარელ გულშემატკივარს თავი კარგად დავამახსოვრო.

- ესპანეთში ჩატენვების კონკურსში საკუთარ კანდიდატურას წამოაყენებ?
- ამ კითხვაზე დღეს ვერ გიპასუხებთ. ჯერ არ მიფიქრია, რადგან ევრობასკეტმა ცოტა დამღალა და ჩემი მთავარი მიზანი სათანადო კონდიციების შენარჩუნება და "გრან კანარიასთან" მორგებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული