"პატივცემულო საკალათბურთო მეგობრებო, ევრობასკეტი 2011 ისტორიას ჩაბარდა. ახლა უკვე შეგვიძლია ამ შეჯიბრებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დავაფიქსიროთ.
ვისარგებლებ შემთხვევით და მივულოცავ ესპანეთის ნაკრებს ჩემპიონობას. ვეთანხმები სერბ სპეციალისტ დუშან ივკოვიჩს, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო შემადგენლობა სწორედ წლეულს ესპანელებს ჰყავდათ. დიდი
თუ ვინმეს სურს ესპანელთა სიძლიერეში დარწმუნება, გადახედოს ტურნირის საუკეთესო კალათბურთელებს: პაუ გასოლმა კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ტურნირი ჩაატარა. თუმცა №1 კალათბურთელად ხუან კარლოს ნავარო დასახელდა - ისიც ესპანელია.
საზოგადოებაში ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს საპრიზო სამეული. ტონი პარკერის წინამძღოლობით საფრანგეთის ნაკრებმა ფანტასტიკური თამაში უჩვენა. რუსეთი კი ოთხწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა პოდიუმს (რუსებმა 2007 წელს ევრობასკეტი მოიგეს).
მათ გარდა იყო ნაკრებები, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატი გაალამაზეს. მაკედონიამ მეოთხე ადგილი დაიკავა და ლონდონის ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. მაკედონელებმა ვაჟკაცურად იბრძოლეს და თავისი ქომაგი გაახარეს როგორც ლიტვაში, ასევე სამშობლოში. სკოპიეში ისინი ნამდვილ გმირებად დაბრუნდნენ.
ფინეთის ნაკრებმა ამ ზაფხულს დამატებითი საკვალიფიკაციო ტურნირიდან დაიწყო და მეორე ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწია.
საქართველოს ნაკრებიც მეორე ეტაპზე გავიდა, ითამაშა ვილნიუსში და დაგვანახა, რომ "ტოპ-დონის" გუნდია. თუმცაღა ორი წლის წინათ B დივიზიონში გამოდიოდა. მაშინ, როცა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა გავზარდეთ და საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საგზურით დავაჯილდოვეთ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ფანტასტიკურ თამაშს უჩვენებდა. ასეც მოხდა, რადგან იგი აღმავლობს გზაზეა და სულ მალე ერთ-ერთ წამყვან საკალათბურთო ქვეყნად იქცევა, როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო კალათბურთში.
მეოთხედფინალში მაკედონიასთან წაგებამ მასპინძელ ლიტველებს იმედები გაუცრუა, მაგრამ ამ ქვეყანაში კალათბურთი ისე უყვართ, რომ საკლასიფიკაციო მატჩებშიც აქტიურად ქომაგობდნენ ლიტვას. ტურნირის მსვლელობისას ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ მთელი ქვეყანა კალათბურთით ცხოვრობდა. მოკლედ, ლიტვამ ევრობასკეტის მომავალ მასპინძლებს უმაღლესი სტანდარტები შესთავაზა და იმედი მაქვს თამასას არც სხვა ქვეყნები დასწევენ.
ისღა დამრჩენია დაგემშვიდობოთ და წარმატებული საკლუბო სეზონი გისურვოთ.
კეთილი სურვილებით, ოლაფურ რაფნსონი, ფიბა-ევროპის პრეზიდენტი."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"