1953 წლის საკავშირო ჩემპიონატს საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა. დინამოელებმა ქომაგების აქტიური მხარდაჭერით ყველა ორთაბრძოლა უნაკლოდ ჩაატარეს და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ სახელოვანი მწვრთნელი შალვა დიასამიძე შეგირდებს მიუახლოვდა და წარმატება მიულოცა. განსაკუთრებით ერთ-ერთი გამოარჩია -
გურამ აბაშიძეს პოლონელებთან საქართველოს ნაკრების განმეორებითი შეხვედრის შემდეგ შევეხმიანე.
- მართალი გითხრათ, გამარჯვებას ველოდი, მაგრამ, ეტყობა, ბიჭებმა ბულგარელებთან მომქანცველი ორთაბრძოლის შემდეგ ძალების სრულად აღდგენა ვერ მოასწრეს. ცოტა არ იყოს, ფორტუნამაც გვაქცია ზურგი - სასწაულია, მაინც რა ბურთები არ ჩავარდა. ისე, ჩვენც მოგვსვლია მსგავსი რამ: 1959 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე ქვეჯგუფში მოულოდნელად უზბეკებთან დავმარცხდით. თუმცა რა შედარებაა - შუააზიელებმა, ფაქტობრივად, თამაში არ იცოდნენ. მას შემდეგ იყო, სამმა დინამოელმა ბალტიისპირელებს რომ მოვუგეთ ჯგუფიდან გასასვლელი მატჩი. არადა, ლატვიელები ევროპის ჩემპიონათა თასის მფლობელები იყვნენ და მათი სასტარტო ხუთეული საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში შედიოდა. ამ ორთაბრძოლის შემდეგ სახელოვანმა მწვრთნელმა ალექსანდრ გომელსკიმ "სოვეტსკი სპორტში" დაწერა, რომ ასეთი სასწაული მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ მოეხდინათო.
პოლონელებთან მარცხის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ მთავარი კოზირი - სისწრაფე ვერ გამოვიყენეთ, სამქულიანებსაც მოკრძალებულად ვესროდით. არადა, სწორედ ამ მხრივ ვაჯობეთ სტუმრად ბულგარელებს და ორი ქულაც ავართვით.
- განვლილი თამაშების მიხედვით მთლიანად ნაკრებზე რას იტყვით?
- შესანიშნავი გუნდი გვყავს. ერთ-ერთი მატჩის შემდეგ მე და გურამ მინაშვილმა გავიკვირვეთ კიდეც - ასეთი კოლექტივი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე აქამდე როგორ ვერ უნდა მოხვედრილიყო. ეტყობა, ისეთი დამრიგებელი აკლდათ, როგორიც იგორ კოკოშკოვია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: შესანიშნავი გუნდი გვყავს. მსიამოვნებს ამ ბიჭების თამაშის ყურება. ჩვენს დროს როგორც "დინამოში", ისე საქართველოს ნაკრებში მატჩის მთელი სიმძიმე 6-7 კალათბურთელზე გადადიოდა, დღეს კი მეტ-ნაკლებად თორმეტივეს შეგიძლია ენდო. გამოკვეთილი ლიდერები მაშინაც გვყავდა. ოთარ ქორქია - კაცი-ლეგენდა, რომელიც თვით რუსებმა გასული საუკუნის მიწურულს ევროპის ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს. 1959 წელს მონტევიდეოში რომ ჩავედით, იქაური მოთამაშეები მოვიდნენ და ქორქიას ქვეყნიდან რომელი ხართო, გვკითხეს. მე და მინაშვილს გვეამაყებოდა, რომ ასეთი პიროვნების გვერდით ვთამაშობდით. დღეს ფაჩულიაა ნამდვილი ლიდერი, რომელსაც მთელი გუნდის აყოლიება შეუძლია. ძალიან მომწონს სანიკიძე. არაჩვეულებრივად გრძნობს ბურთს, სიტაუციებშიც შესანიშნავად ერკვევა. ერთგვარად ჩვენს "პტიცას" მაგონებს, ვლადიმერ უგრეხელიძეს, ჩიტივით აფრენილს ჰაერში შეყოვნება რომ შეეძლო. თუმცა ვიქტორი დაცვაში ვოვაზე ბევრად ძლიერია. ახლა სხვა ბიჭებს არ იკითხავთ?.. მარკოიშვილი, შენგელია, ცქიტიშვილი, შერმადინი... რომელი ერთი ჩამოვთვალო. საერთაშორისო დონეზე თამაშის მეტ გამოცდილებას რომ შეიძენენ, ბებერ კონტინენტს მათთან გამკლავება მართლაც გაუჭირდება. ახლანდელი ბიჭები ქართული კალათბურთის ისეთ ფესვებზე არიან ამოზრდილნი, სხვაგვარად წარმოუდგენელიცაა.
- ცოტას წარსულსაც ხომ არ გაიხსენებდით?
- სიამოვნებით. 1954 წელს საქართველოს ნაკრებმა ლენინგრადში ბულგარეთის ეროვნულ გუნდს სძლია. იმავე წელს ეგვიპტეში ევროპის ჩემპიონ მასპინძლებს ზედიზედ სამჯერ მოვუგეთ, მომდევნო წელს, ასევე, ევროპის ჩემპიონ ჩეხოსლოვაკიელებს ორჯერ ვაჯობეთ სტუმრად.
- თქვენზე ამბობენ, უღიარებელი მსოფლიოს ჩემპიონიაო...
- 1955 წელს საქართველოს ნაკრებმა სხვა რესპუბლიკებთან, მოსკოვისა და ლენინგრადის გუნდებთან ერთად სტალინგრადში საბჭოთა კავშირის პირველობაზე იასპარეზა. მესამე ადგილზე გავედით. მაშინ საბჭოთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტრავინმა მე და გურამ მინაშვილი ნაკრებში მიგვიწვია. ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებოდით, მაგრამ ბუდაპეშტში ვერ გავემგზავრე, რადგან იმ წელიწადს სკოლას ვამთავრებდი და შეჯიბრებაზე არ გამიშვეს. სამაგიეროდ, ცოტა მოგვიანებით ვარშავაში ახალგაზრდების მსოფლიო ფესტივალზე და პირველი ადგილი დავიკავე. მეორედ ნაკრებში 1958 წელს მიხმეს, თუმცა მაირანოს თასის გათამაშებაზე არ წამიყვანეს, რადგან გუნდი უკვე დაკომპლექტებული იყო. მაშინ გურამ მინაშვილმა გამოიჩინა თავი - სპეციალური პრიზი დაიმსახურა, ნაკრებმა კი ყველას აჯობა. სტეპან სპანდარიანმა იმ გუნდში ჩამრთო, 1959 წელს იანვარში ჩილეს მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ იასპარეზა.
მაშინ ნაკრებში თამაშობდნენ კალათბურთის დიდოსტატები - მინაშვილი, ვალდმანისი, კრუმინში, ზუბკოვი, სემიონოვი, ბოჩკარიოვი, ტორბანი, ოზეროვი, კუტუზოვი, მუჟნიეკსი და კორნეევი. მართალია, ქვეჯგუფში არცთუ ისე ძლიერ კანადასთან დავმარცხდით, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც გავედით. იქ ზედიზედ ვძლიეთ პუერტორიკოელებს, ბულგარელებს, მასპინძლებს, ბრაზილიელებს, თვით ამერიკელებსაც და, ფაქტობრივად, ჩემპიონობისთვის ერთი ფორმალური მატჩი გვრჩებოდა ტაივანელებთან, რომლის დამარცხებაც არ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ საქმეში პოლიტიკა ჩაერია - მოსკოვიდან სასწრაფო ბრძანება მივიღეთ - ჩან კაიშის ქვეყნის წარმომადგენლებთან პროტესტის ნიშნად არ გვეთამაშა.
რა უნდა გვექნა, ასეც მოვიქეცით. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციმ დისკვალიფიკაცია მოგვცა და ბოლო ადგილზე გავედით. ჩემპიონობა კი ბრაზილიელებმა მოიპოვეს, რომლებსაც იმ ტურნირზე ორჯერ ვძლიეთ და ორივეჯერ მინაშვილის დამსახურებით, რადგან ქართველმა კალათბურთელმა სამხერთამერიკელთა წარმოშობით ლიტველ მეტოქეს, რომელიც გუნდის ლიდერი იყო, ფაქტობრივად ხელი არ გაანძრევინა. მოსკოვში დაბრუნებულს საკავშირო სპორტკომიტეტის ხელმძღვანელობამ ჩემპიონის ოქროს მედლები დაგვირიგა, რომლებზეც 1959 წელია ამოტვიფრული, მაგრამ ამას რაღა ფასი აქვს, თუკი მსოფლიოში ჩემპიონად არავინ გვთვლის. მაშინდელი პოლიტიკა დღეს არავის ახსოვს, ისტორიას სტატისტიკა შემორჩა.
- 20 აგვისტოს სპორტის სასახლეში ბელგიას ვუმასპინძლებთ...
- ვუმასპინძლებთ და მოვუგებთ კიდეც. ანტვერპენში მარცხი შემთხვევითობის ბრალი იყო, რომლისგან დაზღვეული არავინა. დარწმუნებული ვარ, პარასკევს კვლავ გადაიჭედება ტრიბუნები. გულშემატკივარი დიდი ძალაა. დარწმუნებული ვარ, ქვეჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებთ და ევროპელებს შევახსენებთ, რომ მაღალ დონეზე კალათბურთის თამაში ჩვენც შეგვიძლია...
ძნელია, ვეტერანი პროფესიონალის სიტყვებს არ ენდო. დღეს ბელგიაა სათვალავში, მერე - პორტუგალია და ბულგარეთი... ბებერო კონტინენტო, ქართველები მოდიან!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"