ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა გუშინ 19 საათზე ღია ვარჯიში გამართა. მანამდე, 17 საათზე სპორტის სასახლე ბელგიელებს დაეთმოთ. მათ ვარჯიშზე გვიან მივედი და ბოლო წუთებს ვუყურე, რადგან გვითხრეს, დახურული ვარჯიში აქვთო.

არ ვიცი, მანამდე რა აკეთეს, მაგრამ ბოლოს "ლომები" მეტად ხალისიანად გამოიყურებოდნენ. ერთ ფართან ვან როსომი მწვრთნელს სამქულიანებში ეჯიბრებოდა, ხოლო მეორესთან ერველე და ტაბუ-ებომა ასევე შორი დისტანციიდან პაექრობდნენ, ოღონდ მარცხენა ხელით სროლაში (ერველეს მარჯვენათი ტყორცნა გაცილებით უკეთესად გამოსდის)... დანარჩენები სკამებზე ისხდნენ და ტაშს არ იშურებდნენ.
მოვიდა ქართველთა ვარჯიშის დრო და ბელგიელთა სკამიდან შეძახილიც
გავიგონეთ: ვატოო! საქართველოს ნაკრებს დარბაზში ვახტანგ ნაცვლიშვილი შემოჰყვა და სწორედ მისმა გამოჩენამ გაახარა დიმიტრი ლაუერსი. ისინი 2002-04 წლებში ფრანგული "დიჟონის" ღირსებას იცავდნენ.

დარბაზიდან ბელგიელთაგან ყველაზე გვიან აქსელ ერველე გავიდა. მასთან გასაუბრებაც მოვასწარი და ინტერვიუს ამავე ნომერში იხილავთ. ამასობაში მოედნის მთელი სივრცე ქართველებმა დაიკავეს. შუა ხაზთან მყოფმა მანუჩარ მარკოიშვილმა "რუსთავი 2"-თან ლაპარაკი რომ დაასრულა, "ბუმბულმომარჯვებული" კორესპონდენტებისთვისაც მოიცალა. თუმცა, ერველეს ინტერვიუს მსგავსად მანუჩართან საუბარსაც ცალკე სტატიად შემოგთავაზებთ.

ზაზა ფაჩულიას მარცხენა მუხლზე ისევ სახვევი ჰქონდა, თუმცა ჩვეულად ივარჯიშა და ბელგიასთან მოედანზეც ვიხილავთ.

- პოლონეთთან შეხვედრის წინ ექიმებმა თამაშის უფლება მომცეს. წაგების მიუხედავად, ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელთაა, თუ სამივე დარჩენილ მატჩს მოვიგებთ, პირველ ადგილსაც, ალბათ, ვერავინ შეგვეცილება, - აღნიშნა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.

იგორ კოკოშკოვი გიორგი ცინცაძეს დიდხანს ელაპარაკა. საუბარი რომ დაასრულა, მწვრთნელთან ორი ჟურნალისტი მივედით, მაგრამ მოგვიბოდიშა, არ გირჩევნიათ, კალათბურთელებს დაელაპარაკოთო. მწვრთნელი აღარ შევაწუხეთ. გიორგი ცინცაძემ კიგულშემატკივრობის ფაქტორს გაუსვა ხაზი:

- საბრძოლველად მზად ვართ. ბელგიასთან გამარჯვება ძალიან გვჭირდება. ხვალ სავსე ტრიბუნების დახმარების დიდი იმედი გვაქვს.
ახალგაზრდა თორნიკე შენგელიამ გვითხრა, რომ ქართველებს ბელგიელები კარგად ჰყავთ შესწავლილი და გამარჯვებისთვის ემზადებიან:
- ბევრი ვიმგზავრეთ, მაგრამ ენერგიის აღდგენა მეტ-ნაკლებად კარგად მოვახერხეთ და მატჩისთვის მზად ვართ. მნიშვნელობა არ აქვს, თბილისში ბელგიასთან ვთამაშობთ თუ სხვა კონკურენტთან, უნდა მოვიგოთ. ბელგიასთან პირველ მატჩში გვქონდა შეცდომები, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ და მეტოქე ვაიძულოთ, მეტი შეცდომა დაუშვას.

საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა ტორინ გრინმა განვლილი მატჩები გაიხსენა:

- აქამდე ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ხვალინდელ მატჩამდე ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის კარგი შანსი გვქონოდა. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, როგორც დავიწყეთ, ისევე უნდა განვაგრძოთ. მომდევნო სამ შეხვედრას შორის ყველაზე რთული ხვალინდელი თამაში უნდა იყოს.

ყიველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული