ბელგიელები გასაღებს თბილისში ეძებენ

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრების ლიდერი, "ბილბაოს" წევრი აქსელ ერველე ვარჯიშის ბოლოს დარბაზიდან ყველაზე გვიან გავიდა. მას დასვენება და ქართველთათვის თვალის დევნება არ დავაცადეთ - ინტერვიუს ჩაწერა ვთხოვეთ და მასთან ერთად განვიხილეთ ჯგუფიდან გასვლის შანსები.
- ჯერ ხვალინდელ მატჩზე ვთქვათ.
- ბელგიის ნაკრები საქართველოში ყოველმხრივ მომზადებული ჩამოვიდა. ვიცით, რომ სავსე, ხმაურიანი ტრიბუნების წინაშე თამაში რთული იქნება, მაგრამ ამისთვისაც მზად გახლავართ, რადგან გვესმის, რომ სწორედ თბილისური მატჩია ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის გასაღები.

- სხვათა შორის, ეს მატჩი ქართველებისთვისაც ბევრს წყვეტს.
- ესეც მესმის და
ამიტომაც ველი რთულ მატჩს.

- პოლონეთში 20 ქულით წააგეთ...
- ამას თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. იყო რაღაც პრობლემები, ამასთან, პოლონეთში ცოტა დაღლილები ჩავედით...

- საქართველოს ნაკრებზე უშუალო პაექრობამდე რა იცოდი?
- თითქმის ყველა კალათბურთელს ვიცნობდი. ზაზა ფაჩულია ამერიკაში ასპარეზობს, ნიკა ცქიტიშვილისა და თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ ესპანეთის პირველობაზე მითამაშია. იტალიიდან ვიქტორ სანიკიძე და მანუჩარ მარკოიშვილი ვიცი. საქართველოში პირველად ჩამოვედი და აქაურობამ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.

- ბელგიისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი პოლონეთთან შინ გამარჯვება უნდა იყოს.
- იმ შეხვედრას მართლაც სერიოზული დატვირთვა ექნება. შეიძლება ჩვენი მოგება ქართველებსაც გაწყობდეთ.

- შესაძლოა...
- ჰოდა, ნამდვილად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო თუ ჯგუფიდან საქართველო და ბელგია გავლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან დარწმუნებულები მაინც ნუ იქნებით ბელგიელებო საკუთარ ძალებში ,ქვეჯგუფიდან საქართველო და პოლონეთი გავა მაინც ამას უნდა შეეგუოთ, პოლონელებთან კიდე რისი გამკეთებლები ხართ მაგასაც ვნახავთ მალე, დგეს გადაწყდება სწორედ თქვენი ბედი თბილისში
latsius
17:13 20-08-2010
0

სიახლეები პოპულარული