11 წლის შემდეგ...

AutoSharing Option
შანსი არის, განვეწყოთ პორტუგალია-ბულგარეთისთვის

1999 წლის 27 თებერვალი... 2010 წლის 20 აგვისტო... ამ ორ თარიღს შორის თერთმეტ წელზე მეტია. ეს ის თერთმეტი წელიწადია, რომლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებს თბილისში არ წაუგია. 1999 წელს იტალიის ნაკრებთან 64:105 დათმო, ხოლო გუშინ, ბელგიასთან - 63:86. იტალიასთან დღევანდელი ნაკრების არც ერთ წევრს არ უთამაშია (მხოლოდ ვლადიმერ ბოისამ მიიღო მონაწილეობა). ვოვას შემდეგ ნაკრებში გამოჩნდა ნიკა ცქიტიშვილი (1999 წელს), ზაზა ფაჩულია (2000), მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე (2004)... და მივიღეთ ნიჭიერი თაობა. სწორედ მისი დამსახურებაა 11-წლიანი
წაუგებელი საშინაო სერია.

ბულგარეთი, ბელარუსი, მაკედონია, ფინეთი, შვედეთი, პოლონეთი, პორტუგალია - ეს და კიდევ არაერთი სხვა გუნდი გავისტუმრეთ თბილისიდან გაწბილებული. იტალიის მატჩიდან ბელგიამდე ნაკრებში ახალი თაობა მოვიდა, გუნდი შეიკრა, B-დან A დივიზიონში გადავიდა და სანაკრებო ისტორიაში ევროპის ჩემპიონატს ყველაზე მეტად მიუახლოვდა. კარგი ნაკრები რომ არ გვყავდეს, 11 წლის განმავლობაში შინ დაუმარცხებელი ვერ დავრჩებოდით. გაგახსენებთ, რომ 1999 წელს იტალიასთან მატჩამდე ზედიზედ ექვსი საშინაო შეხვედრა გვქონდა წაგებული.

"დამერწმუნეთ, ყველაზე მეტად გამარჯვება კალათბურთელებს გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. რაც ნაკრებში ვარ, საქართველოში არ წამიგია და სამწუხაროა, რომ ეს მაინცდამაინც დღეს მოხდა", - თქვა ნამატჩევს ზაზა ფაჩულიამ.

* * *
"კარგი გუნდი რომ არ გვყავდეს, შინ 11 წლის განმავლობაში დაუმარცხებელი არ დავრჩებოდითო", - დავწერეთ ზემოთ. ბელგიასთან წაგების გამო გუნდზე აუგის თქმა არ შეიძლება. ეს იყო ლოკალური ჩავარდნა, რაც ნებისმიერ გუნდს შეიძლება მოუვიდეს. ახლა მთავარია, მწვრთნელ-კალათბურთელებმა შეცდომები კარგად გაანალიზონ და მომავალი მატჩებისთვის ის ნაკრები დააბრუნონ, რაც პოლონეთან თბილისურ მატჩსა და ბულგარეთში ვიხილეთ.

ნამატჩევს ზაზა ფაჩულიამ რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება: "საქართველოს ნაკრები უძლეველი გუნდი რომ იყოს, შესარჩევ ტურნირზე კი არა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვითამაშებდით, რომელიც 28 აგვისტოს თურქეთში იწყება. კალათბურთელებმა ძალები არ დავიშურეთ, მაგრამ რთული აღმოჩნდა შედარებით დასვენებულ გუნდთან დაპირისპირება. ბულგარეთ-პოლონეთის მატჩებს ბელგიასთან საშინაო მატჩი მოჰყვა, მგზავრობამ და ტრავმებმა გარკვეული გავლენა მოახდინა, თუმცა არა გადამწყვეტი. შეიძლება იყო ფსიქოლოგიური ფაქტორიც, გვეგონა, მოვიგებდით, თუმცა ამის გამო კონცენტრირება არ დაგვკლებია. ეს მატჩი ჩვენ წავაგეთ, მაგრამ ბელგიის ნაკრებმაც კარგად ითამაშა - არ მინახავს გუნდს ასე წასვლოდეს სროლა".

ნაკრების კაპიტნის დახმარებით ზოგადი დასკვნების გამოტანა შეიძლება. დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს ნაკრები უძლეველი გუნდი არ არის. იგი A დივიზიონის დებიუტანტია და აქამდე თანაჯგუფელთაგან ევრობასკეტზე მოხვედრის ყველაზე კარგი შანსი ჰქონდა, ამის გამო, ილუზიებს არ უნდა ავყვეთ. რეალურად ჯგუფში ოთხი თანაბარი ძალის გუნდია და თუ საქართველოს ნაკრების ბულგარეთში მოგება მივიჩნიეთ კანონზომიერებად, ასევე უნდა აღვიქვათ ბელგიასთან შინ წაგება. შესაძლოა ხვალ ბულგარეთმა პოლონეთში იმარჯვოს, პოლონეთმა - ბელგიაში... თუმცა, ყველაზე მეტად სწორედ პოლონელების ანტვერპენში მოგება არ გვაძლევს ხელს. ამაზე ბოლოს ვილაპარაკებთ.

ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა შეიძლება მატჩის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა: არა მატჩისწინა, არამედ მატჩის მსვლელობისას შექმნილმა ფსიქოლოგიურმა ფონმა. მეორე პერიოდში ბელგიის ნაკრებმა შეტევაში თამაში გამოასწორა. მჭიდრო დაცვიდან თუ თავისუფალი პოზიციიდან ბელგიელები ტყორცნას ტყორცნაზე იყენებდნენ. საპირისპიროდ, ჩვენს გუნდს შეტევაში თამაში ჩვეულად არ გამოსდიოდა, ბურთიც ურჩობდა ბელგიელთა კალათში ჩასვლას. დიდ შესვენებაზე საქართველოს ნაკრები ცუდ ხასიათზე გავიდა, ბელგიელები კი პირიქით - დარწმუნდნენ, რომ საქართველოში მოგება შეიძლებოდა და მეორე ტაიმში უფრო მეტი და უფრო თამამად ისროლეს.

ფაჩულიამ მეტოქის სროლის სიზუსტეზეც ილაპარაკა. მესამე პერიოდში, ბელგიელთა ზედიზედ შედეგიანად დასრულებული შეტევების დათვლა დავიწყე და... სათვალავი ამერია. მეორე ტაიმში სტუმრებმა 11-დან 6 სამქულიანი, 19-დან 13 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო გამოიყენეს. თუ ბურთს ააცილებდნენ, ფარქვეშაც კარგად იდგნენ, ხსნიდნენ და შეტევის მეორე ფაზას იწყებდნენ. შესვენები შემდეგ ბელგიელებმა ბურთი 19-ჯრ მოხსნეს, ხოლო ქართველებმა - 8-ჯერ.

ძნელია, ახსნა მოუძებნო მაინცდამაინც მეორე ტაიმში ჩავარდნას, სროლის სიზუსტის საგრძნობლად დაკლებას და ქართველთათვის უჩვეულოდ მოხსნების დაბალ მაჩვენებელს. ნამატჩევს ყველა ქართველმა აღნიშნა: ამ შეხვედრას ბელგია ჩვენზე დასვენებული შეხვდა, მაგრამ წაგების გასამართლებლად ეს არ გამოდგებაო. შეხვედრის წინ აქსელ ერველემ თქვა - პოლონეთში დაღლილები ჩავედით, იყო სხვა პრობლემებიც და იმიტომაც დავმარცხდით 20 ქულითო. თუ ბელგია პოლონეთამდე მგზავრობით დაიღალა, საქართველოს ნაკრებზე ცხრა დღეში სამი ურთულესი მატჩი და ხანგრძლივი მგზავრობა არ იმოქმედებდა? შეიძლება, ეს ფაქტორი გადამწყვეტად არ მივიჩნიოთ, მაგრამ ერთზე მაინც შევთანხმდეთ - ბელგიელებმა 14 აგვისტოს შემდეგ კარგად დაისვენეს და გუშინდელ მატჩს ქართველებზე უკეთეს კონდიციებში შეხვდნენ.

* * *
გუშინდელი მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი დარჩა. ამისთვის საჭიროა ბელგიამ შინ პოლონეთს მოუგოს. ასეთ შემთხვევაში ბელგიელებმა ბულგარეთთან სტუმრად რომც წააგონ, ჯგუფში პირველ ადგილს მაინც დაიკავებენ (პორტუგალიას შინ ნამდვილად აჯობებენ) - სულ ორი წაგება მოუგროვდებათ. შესაბამისად, თუ ქართველებმა დარჩენილ ორ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმი მოაგროვეს, მეორეადგილოსნის საკითხს პოლონეთი-ბულგარეთთან გაარკვევენ. მათთან კი დადებითი ბალანსი გვაქვს. სხვა ჯგუფებშიც ისე მიდის საქმე, რომ 3 წაგების მიუხედავად ჩვენი ჯგუფის მეორეადგილოსანმა შეიძლება წლეულსვე მოიპოვოს ევრობასკეტის საგზური.

"სამწუხაროდ, ბელგიასთან მარცხის შემდეგ სხვა გუნდების მატჩების შედეგებს უნდა დაველოდოთ. ჯგუფიდან გასვლა მხოლოდ ჩვენს მოგებებზე აღარაა დამოკიდებული", - დასძინა ზაზამ.


მკითხველის კომენტარები / 6 /
რა უნდა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გამწარებული ვარ.. როგორ შეიძლება, რომ ერთი ნორმალური უკანახაზელი არ გვყავს, რომ უკანახაზელმა სროლა არ იცოდეს, მოკლედ მემგონი მე-3 ადგილას გავალთ და არა და რა შანსი გვქონდა..
0
კლასი ჯერ კიდევ არ გვაქვს სათადოდ საკმარისი რათა ვინატროთ ევრო-2011 მოხვედრა
zumba
21:48 20-08-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული