რატომ წავიდნენ ამერიკელი ლეგიონერები "სოხუმიდან"?

AutoSharing Option
11 ნოემბერს "მინსკთან" სტუმრად "სოხუმმა" 63:97 წააგო, რის შემდეგაც სამ დღეში სამმა ლეგიონერმა მარკ სალიერსმა, ფრენკ რობინსონმა და პიერ პირსმა გუნდი დატოვეს. შესაბამისად, სუპერლიგის განაცხადში სოხუმელთა გუნდში მხოლოდ ერთი უცხოელი ბრენდონ გაი შევიდა.

კონტრაქტიანი კალათბურთელების კლუბიდან წასვლა თავისთავად მიუთითებდა, რომ არსებობდა წყალქვეშა დინებები, რომელთა სააშკარაოზე გამოტანას ბევრი ერიდებოდა. ისიც ცხადი იყო, რომ ადრე თუ გვიან, ყველაფერი გაცხადდებოდა. გუშინ სწორედ ეს დღე იყო...

სჯობს მოვლენებს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მივყვეთ. დავიწყოთ იქიდან, რომ აგვისტოში კონტრაქტები გაფორმდა ხუთ უცხოელ კალათბურთელთან: მარკ სალიაერთან, გრეგორი სტეიმსმასთან,
ფრენკ რობინსონთან, პიერ პირსთან და ბრენდონ გაისთან. ისინი გუნდს აგვისტოს ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში შეუერთდნენ.

ხელფასები სექტემბრის შუა რიცხვებამდე უნდა აეღოთ, მაგრამ გადახდა დაგვიანდა, რამაც კალათბურთელთა ხასიათზეც იმოქმედა და ლატვიურ შეკრებაზე მყოფმა მოთამაშეებმა ვარჯიში პირველად 20 სექტემბერს გააცდინეს. მათ შორის არ იყვნენ სალიერსი და გაი (არც ქართველები).

ერთ გაცდენას მეორე მიჰყვა, რაც ევროჩელენჯისთვის მზადების პროცესში გუნდისთვის სასარგებლო ნამდვილად არ იყო. 24 სექტემბერს გუნდი საქართვბელოში დაბრუნდა, კალათბურთელებმა გარკვეული თანხა მიიღეს და ვარჯიში განახლდა.

მანამდე, 22 სექტემბერს გუნდი დატოვა გრეგ სტეიმსმამ...

30 სექტემბერს "სოხუმს" საერთაშორისო ტურნირის წინ გენერალური რეპეტიცია შსს-სთან მატჩში უნდა გაევლო. თამაშის სანახავად "დინამოს" ბაზაზე ხალისით მივედი, მაგრამ გაოგნებული დავრჩი: თამაშს ვინ ჩიოდა, გუნდის ნახევარი ვარჯიშზე არ გამოცხადდა. ვინც მივიდა, სროლებში ეჯიბრებოდა ერთმანეთს. ტაქტიკაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. არადა, სამ დღეში თბილისს "მინსკი" სტუმრობდა.

როგორც მიხვდით, ამის მიზეზი ხელფასების დაგვიანება უნდა ყოფილიყო.
საბედნიეროდ, მატჩამდე ორი დღით ადრე კალათბურთელების დავალიანება გაისტუმრეს და "სოხუმიც" შემართებით გავიდა ბელარუსებთან სათამაშოდ (4 ოქტომბერს). 94:78 - მასპინძელთა სასარგებლოდ. ნამატჩევს პრესკონფერენციაზე მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა აღნიშნა: საწვრთნელი პროცესი არასტაბილურად წარიმართა და ნამდვილად არ ვიცოდი, რეალურად რისი გაკეთება შეგვეძლოო...

მწვრთნელი, სწორედ ჩაგდებულ ვარჯიშებს გულისხმობდა.

მინსკში გასამართ მატჩამდე ერთი უსიამოვნო ფაქტიც დაფიქსირდა: მოხდა შეხლა-შემოხლა კალათბურთელთა შორის. ამის შესახებ ფორუმში წავიკითხე, ისიც ეწერა, მიხეილ ბერიშვილმა პიერ პირსთან იჩხუბაო. იმავე დღეს მიშას დავურეკე, თუმცა დამამშვიდა, ისეთი არაფერი მომხდარა, საჯაროდ გამოტანა რომ ღირდესო. ეს წერილი კალათბურთს ეხება და არა კრივს, ამიტომ ჩხუბზე ყურადღების გამახვილება შეიძლება არც ღირდეს, თუმცა ფაქტს ვერსად გავექცევით: ახლახან დავაკვირდი, რომ მინსკში გამართული მატჩის ერთ-ერთ ფოტოზე პიერ პირსს თვალი აქვს ჩალურჯებული...

განმეორებითი მატჩის წინა საღამოს კალათბურთელები მინსკში კლუბის პრეზიდენტ მინდია გულუას შეხვდნენ და თავისი მდგომარეობა კარგად აუხსნეს.

უშუალოდ 11 ოქტომბრის მატჩი რა სხვაობითაც წავაგეთ, ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ბელარუსში 10 ქულას მხოლოდ ბრენდონ გაი ასცდა...

საქართველოს ჩემპიონატის დაწყების წინ კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ყველა მუშაკი დოპინგ-ტესტზე გაეყვანა. მწვრთნელიდან დაწყებული ყველა გამოცხადდა გარდა სამი ამერიკელისა - მარკ სალიერსის, ფრენკ რობინსონისა და პიერ პირსისა. არგამოცხადება იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე კანონით აკრძალულ პრეპარატს იღებდა. თუმცა საკითხავი ისაა, ჰქონდათ თუ არა ტესტზე არგამოცხადების უფლება.

ამასობაში გაზეთ "ვერსიაში" დაიბეჭდა ინტერვიუ კლუბის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ჩილაჩავასთან. იგი ამბობს:

- 13 ოქტომბერს საღამოს, კლუბის ადმინისტრაციამ სამ ლეგიონერს, რობინსონს, სალიერსსა და პირსს გაუგზავნა სპეციალური მიწვევა 14 ოტქომბერს დოპინგზე კონტროლის გასავლელად. ეს სამი ლეგიონერი არც 14-ში გამოცხადდა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. მაშინ, როდესაც მთელი გუნდი შემოწმებას გადის, სამი კალათბურთელი კი შეგნებულად არ მოდის ნარკოლოგიური ტესტის გასავლელად ეს დიდი დარღვევაა.

მალე ზემოთნახსენებმა სამეულმა საქართველო დატოვა.

გავიდა რამდენიმე დღე და 24 ოქტომბერს, ორშაბათს საღამოს, გამოცემა "მსოფლიო სპორტში" გამოქვეყნდა ღია წერილი მარკ სალიერსის ხელმოწერით, რომელშიც კალათბურთელი ამბობს, რომ დოპინგ-ტესტის გავლა კონტრაქტით გათვალისწინებული არ ყოფილა...

იგი ასევე ყურადღებას ამახვილებს ერთ დეტალზე: მინსკის მატჩის შემდეგ მასთან მივიდა პიროვნება, გუნდის ხელმძღვანელობის წარგზავნილად წარმოუდგა და უთხრა, რომ მისთვის ახალი კლუბი უნდა მოეძებნა, რადგან ხელფასის გადახდას აღარ აპირებდნენ.

როგორც "სოხუმში" გვითხრეს, მარკთან მსგავსი არავინ მისულა.

წერილის წაკითხვიდან რამდენიმე საათში "სოხუმის" ვიდეოოპერატორმა ნუგზარ კერესელიძემ თქვა - ეს წერილი მარკ სალიერსის დაწერილი არ არისო. ბატონმა ნუგზარმა გამოვიგზავნა "ფეისბუქზე" სალიერსის გამოგზავნილი ტექსტის ორიგინალცა და მისი სიტყვასიტყვით თარგმანიც:

"ერთადერთი, მე რაც ვთქვი, ვებ-გვერდზე განთავსებულ სტატიაზე პასუხისმგებელი იყო ქართველი აგენტი. საკალათბურთო კლუბ "სოხუმიდან" ვიღაცამ მისცა ინტერვიუ ტელევიზიას, რომ ჩვენ გადაგვიხადეს ფული თამაშის წაგებისთვის, რაც მტკნარი სიცრუეა და რამაც აღმაშფოთა.

არ წამიკითხავს ვებ-გვერდზე განთავსებული სტატია. ვიცოდი ისტორია ამ სახელწოდების ქალაქის, ძალიან მეამაყებოდა რომ ვთამაშობდი ამ გუნდში. მომავალში მას წარმატებებს ვუსურვებ. გულწრფელად მჯერა, კლუბის პრეზიდენტი კარგი ადამიანია და მან არ იცოდა თუ რა ხდებოდა კლუბში, მისი საქართველოში არ ყოფნის გამო. მე არ დამიწერია ის სტატია და არ წამიკითხავს ის სანამ ჩემი აგენტი გააგზავნიდა მას."

ამის წაკითხვის შემდეგ ცოტა დავიბენი, თუმცა სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით მარკ სალიერსის აგენტ ლევან მიქელაძეს უცხოეთში დავუკავშირდით. მისი კომენტარი ასეთი იყო:

- მარკ სალიერსისთვის დედა ენა არ უსწავლებიათ, შესაბამისად ქართულად არც წერა იცის და არც - კითხვა. ის რაც მან დაწერა, მე გადავთარგმნე. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანი ის ფაქტებია, რაც წერილში ეწერა. მარკი მალე თბილისში ჩამოვა და თავის აზრს კიდევ დააფიქსირებს.

ისღა დაგვრჩენია, მოვლენების შემდგომ განვითარებას დაველოდოთ. ისე კი უნდა ითქვას - რაც უფრო მშვიდობიანად მოგვარდება საქმე, მით უკეთესი იქნება ქართული კალათბურთისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული