მოკლედ, ყველაფერს ერთ კითხვამდე მივყავართ: იგორ კოკოშკოვმა ნაკრებში მუშაობა უნდა გააგრძელოს, თუ - არა? ზუსტი პასუხისთვის აუცილებელია დაისვას რვა შეკითხვა.
როგორ უნდა შეფასდეს იგორ კოკოშკოვის საქართველოში მოღვაწეობის ოთხწლიანი პერიოდი?
სერბმა სპეციალისტმა გააკეთა იმაზე მეტი, რაც მისმა წინამორბედებმა: გორდონ ჰერბერტმა, კენ შილდსმა დრაჟენ ბრაიკოვიჩმა. მათ გუნდი B დივიზიონის პლეი ოფშიც ვერ გაიყვანეს.
2010 წელს ქართველთა კრებულმა შესარჩევ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა, მხოლოდ ბელგიას ჩამორჩა. უკან მოიტოვა ევროპის 2009 წლის ჩემპიონატის მონაწილეები პოლონეთი და ბულგარეთი, რასაც ბევრი არ მოელოდა.
ფიბა-ევროპამ ჩვენდა ბედად ევრობასკეტის მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24-მდე გაზარდა და საქართველოს ნაკრებს 2011 წელს ლიტვაში თამაშის საშუალება მიეცა. იქ იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავეს (რუსეთსა და სლოვენიას ჩამორჩნენ) და ტოპ-12-ში მოხვდნენ.
პასუხი: ოთხი წლის განმავლობაში მწვრთნელმა ყველა მიზანს მიაღწია, ამიტომ ტაბლოზე დაფიქსირებული ციფრების მიხედვით მისი მოღვაწეობა დადებითად უნდა შეფასდეს.
გამოიყენა თუ არა მის ხელთ არსებული რესურსი მაქსიმალურად?
პირდაპირ გეტყვით: ბრაიკოვიჩმა, ჰერბერტმა და შილდსმა ვერ გამოიყენეს. სწორედ ამიტომ ვერ უჩვენეს ის შედეგი, რაც მათ მოეთხოვებოდათ.
ფაქტია, იგორ კოკოშკოვმა რესურსი მათზე უკეთესად გამოიყენა: თუ მანამდე გუნდი 5-6 კალათბურთელზე იყო აწყობილი, სერბი სპეციალისტის მოსვლის შემდეგ ფუნქციები მეტ ნაკლებად თანაბრად გადანაწილდა. ის კალათბურთელებიც კი, რომლებიც მანამდე მხოლოდ სათადარიგოთა სკამს "ამშვენებდნენ", მოედანზე გადამწყვეტ მომენტშიც ჩნდებოდნენ. 2009 წელს, როცა კოტე ტუღუშმა და ლაშა გამყრელიძემ (ლაშას ჰერბერტის გარდა არავინ ენდობოდა) ბელარუსს ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე სამქულიანი ჩაუგდეს, მეტოქის მწვრთნელმა ალექსანდრ პაპკოვმა გაოცებულმა თქვა: მეგონა, საქართველოს ნაკრები მხოლოდ 5 კალათბურთელზე იყო დამოკიდებულიო.
...მაგრამ კოკოშკოვს რესურსის მეტად გამოყენებაც შეეძლო. მაგალითად: მაკედონიასთან ზაზა ფაჩულიას არყოფნაში ნიკა ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში ცენტრად დააყენა. მანამდე, წინა ორ თამაშში ნიკას ჯამში 10 წუთი ჰქონდა მათამაშები. მაკედონიასთან 25 წუთში 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. ნამდვილად შეიძლებოდა წინა ხუთ შეხვედრაში მეტოქეთათვის ნიკას უკეთესად გამოყენება, თუნდაც ცენტრად, მას ხომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში...
ბელგიასთან გიორგი ცინცაძემ მოედანზე 32 წუთი გაატარა და გასაკვირი არ არის, რომ მეორე დღეს რუსეთთან მატჩისას ბოლო პერიოდში ჩვეული ენერგიულობით ვერ გაისარჯა. ნამდვილად შეიძლებოდა ბელგიასთან ისედაც მოგებულ მატჩში ცინცაძის ნაცვლად გამყრელიძის შეყვანა (რომელმაც მოედანზე 3 წუთი დაჰყო) და ბუს მომდევნო შეხვედრისთვის შემონახვა. ლაშამ შემდეგაც დაგვანახა, რომ მისი ნდობა გადამწყვეტ მომენტშიც თავისუფლად შეიძლება.
გიორგი შერმადინიც მეტად უნდა დატვირთულიყო და ვლადიმერ ბოისაც. წესითა და რიგით, ვოვა სათანადო ფორმაში უნდა ყოფილიყო, რადგან გუნდთან ერთად ევრობასკეტისთვის 35 დღე ემზადებოდა.
ორი დღის წინათ, მანუჩარ მარკოიშვილმა "ფენერბაჰჩე"-"კანტუს" მატჩის ოვერტაიმში პლეიმეიქერობა იკისრა, თამაში საკუთარ თავზე აიღო და სირენამდე 13 წამით სამქულიანით სხვაობა ორამდე დაიყვანა... თუნდაც ბულგარეთთან, როცა მეტოქე გუნდში როულანდის სახით ლიდერი გამოიკვეთა, ქართველებს კი არაფერი გამოსდიოდათ, ნამდვილად შეიძლებოდა მწვრთნელს მარკოიშვილისთვის სრული კარტ-ბლანში და პლეიმეიქერის "ოქროს ჯოხი" მიეცა. არ ვამბობთ, რომ ამით ბულგარეთს ვაჯობებდით, მაგრამ გუნდს ლიდერი ნამდვილად სჭირდებოდა. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბოლო პერიოდში არ უთამაშია გიორგი ცინცაძეს, რომელიც წინა დღეს უკრაინასთან მატჩის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.
პასუხი: მწვრთნელს სანაკრებო რესურსის უკეთ გამოყენება შეეძლო.
იგორ კოკოშკოვის მისამართით გაჩენილ ყველაზე ხმამაღალი კითხვა ასე ჟღერს: რატომ არ ააღებინა კალათბურთელებს ჯარიმა მაკედონიასთან მატჩის ბოლოს, როცა სირენამდე 16 წამი რჩებოდა და ბო მაკალები საქართველოს ნაკრების კალათისკენ დაიძრა?
- ჯარიმის შემთხვევაში მაკალები თავისუფალ ტყორცნებს ესროდა, მინიმუმ ერთს აუცილებლად ჩააგდებდა და საქართველოს ნაკრებს შეტევისთვის დრო დარჩებოდა. შესაძლოა ზოგიერთ სპეციალისტს მაკედონელი წესების დარღვევით შეეჩერებინა, იმ იმედით, რომ 14-15 წამში საპასუხო შეტევას შედეგიანად დააგვირგვინებდა. იგორ კოკოშკოვმა კი ივარაუდა, რომ უფრო დიდი შანსი იყო მაკალებს ჯარიმა (ან ჯარიმები) გამოეყენებინა, ვიდრე ქართველებს დარჩენილ დროში ბურთი ჩაეგდოთ. ამიტომაც გადაწყვიტა მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა, რისთვისაც აუცილებელი იყო მხოლოდ ერთი კალათბურთელისთვის ხელის შეშლა და ძირითადი დრო 63:63 დასრულდებოდა.
პასუხი: დამატებით დროში მწვრთნელს რისი იმედი ჰქონდა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია: ვიდრე მაკალები ორქულიანს ჩააგდებდა, ზემოთ დასმულ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობდა, კოკოშკოვს ვერ გავამტყუნებდით. მას შემდეგ, რაც ბომ შეტევა შედეგიანად დაასრულა (63:65), მწვრთნელის შეცდომაზე ლაპარაკიც გაიოლდა. თუმცა, იმ ეპიზოდში მოთამაშეებსაც მეტი ყურადღება მოეთხოვებოდათ.
ჰქონდა თუ არა კოკოშკოვს შეგირდებთან ნორმალური ურთიერთობები?
იგორის ჩამოსვლამდე ერთმა მწვრთნელმა ნიკა ცქიტიშვილზე თქვა უარი (კენ შილდსმა), მეორე თავისივე ასისტენტთან იყო გაბუტული (დრაჟენ ბრაიკოვიჩი)...
საქართველოს ნაკრებში ამბიციური კალათბურთელები თამაშობენ. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თუ სპორტსმენს ამბიცია არ აქვს, ბევრს ვერაფერს მიაღწევს. ასეთ კალათბურთელებთან მუშაობა კი გაცილებით რთულია, ვირდე ვთქვათ ფინელებთან, რომლებიც მწვრთნელის სიტყვების ბოლომდე პირნათლად შესრულების ხარჯზე აღწევენ წარმატებას.
ამა თუ იმ დღეს ბოძებული არასაკმარისი სათამაშო დრო კალათბურთელის ხასიათზე უმალ ისახებოდა. გიორგი ცინცაძემ ბულგარეთთან მატჩისას უკმაყოფილება ვერ დამალა და ალბათ, ამიტომ არ ითამაშა მეოთხე პერიოდში. თუმცა, მეორე დღეს იგი ისეთივე შემართებით ვარჯიშობდა, როგორც დანარჩენები. უნდა ვივარაუდოთ, რომ იგორ კოკოშკოვმა თავის ნაცად ტაქტიკას მიმართა: მატჩის შემდეგ ოთახში შეიყვანა კალათბურთელი და სიტუაცია მასთან ერთად გაანალიზა.
პასუხი: სერბ იგორ კოკოშკოვს ქართველებთან საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებია. მოთამაშეებშიცა და ქართულ საზოგადოებაშიც, უმთავრესად საკუთარი ხასიათის გამო, პატივისცემა დაიმსახურა.
ნაკრების მწვრთნელისადმი იმდენივე კითხვა დარჩა, რამდენიც ზემოთ წაიკითხეთ. რადგანაც გაზეთის ფორმატი არ გავძლევს ერთ გვერდში ორი ამდენის ჩატევის საშუალებას (მითუმეტეს, რომ ამავე გვერდზე სუპერლიგის ქუთაისურ მატჩსაც გთავაზობთ), თხრობა გავწყვიტოთ და მომდევნო კვირას განვაგრძოთ. მეორე ნაწილის ბოლოს მოგვიგროვდება პასუხი ყველა კითხვაზე და შეგვეძლება დასკვნის გამოტანაც: რამდენად წაადგება ნაკრებს იგორ კოკოშკოვის გუნდში დარჩენა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"