წინა სერიებში:
2008 წელი - იგორ კოკოშკოვი საქართველოში ჩამოვიდა;
2009 წელი - გუნდი A დივიზიონში გადაიყვანა;
2010 წელი - ევროპის ჩემპიონატზე გავიდა;
2011 წელი - ევრობასკეტი-2011-ზე 8-დან 2 მატჩი მოიგო, თუმცა ქართველები ევროპის ტოპ-12 გუნდს შორის მოახვედრა;
2011 წლის 19 ნოემბერი - გაზეთ "ლელოში" სანახევროდ შევაფასეთ მწვრთნელის მუშაობა;
2011 წლის 26 ნოემბერი - დღეს შეფასების მეორე ნაწილს შემოგთავაზებთ. ჯერ გაგახსენებთ გასულ შაბათს დასმულ ოთხ კითხვას,
შემდეგ მომდევნო ოთხს ჩამოვწერთ.
2. გამოიყენა თუ არა მის ხელთ არსებული რესურსი მაქსიმალურად?
3. რატომ არ ააღებინა კალათბურთელებს ჯარიმა მაკედონიასთან მატჩის ბოლოს, როცა სირენამდე 16 წამი რჩებოდა და ბო მაკალები საქართველოს ნაკრების კალათისკენ დაიძრა?
4. ჰქონდა თუ არა კოკოშკოვს შეგირდებთან ნორმალური ურთიერთობები?
ამ კითხვებზე ბევრი მსჯელობის შემდეგ ასეთი პასუხები მივიღეთ:
1. დადებითად.
2. უკეთ გამოყენება მართებდა.
3. მატჩის ოვერტაიმში გადაყვანა სურდა, რაც ზოგისთვის შეცდომაა, ზოგისთვის - არა.
4. ჰქონდა.
მივხედოთ მომდევნო ოთხ კითხვას. რომელთაგან პირველი ასე ჟღერს:
. უნდა ჩამოეყვანა ჰეინსი, მაშინ, როცა ევროპულ კალათბურთში მასზე გაცილებით გამოცდილი არაერთი მოთამაშეა?
ჯერ ეს ვიკითხოთ: ნატურალიზებისთვის მოთამაშე თავად მწვრთნელმა შეარჩია თუ ფედერაციამ? თუ კოკოშკოვს არ აურჩევია, ეს მისი დიდი მინუსი იქნებოდა, რადგან სწორედ მწვრთნელმა იცის, როგორი ხასიათისა და რა მონაცემების კალათბურთელი სჭირდება. თუმცა, აქ მწვრთნელს უარყოფითი შეფასება არ ეკუთვნის, რადგან ფედერაციას თავად შესთავაზა ჰეინსის კანდიდატურა, რომელიც ორი წლის წინათ მასთან, "ფინიქსში" ვარჯიშობდა.
აი, როგორ ახასიათებს ამერიკელს თავად ბატონი იგორი: მარკიზი ნიჭიერი კალათბურთელია, ყველა მონაცემი აქვს უმაღლეს დონეზე ითამაშოს როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაშიო.
ასე რომ, იგორ კოკოშკოვს სურდა ჰეინსი საქართველოს ნაკრებთან შეერწყა, რათა მისი საკლუბო წინსვლა სანაკრებოზე ასახულიყო.
არჩევანში მწვრთნელი არ შემცდარა - მარკიზი ესპანეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ "გრან კანარიაში" ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა იგორ კოკოშკოვმა ერთი ვერ გათვალა: ევროპაში ახლად ჩამოსულ (მანამდე ერთი სეზონი ფრანგულ "შალონში" ჰქონდა გატარებული), ახალგაზრდა კალათბურთელს ეყოფოდა გამოცდილება პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე გამოემჟღავნებინა შესაძლებლობები?
გამოცდილების უკმარისობა ყველაზე მკაფიოდ ბულგარეთთან და მაკედონიასთან გამოჩნდა, როცა ნატურალიზებულ როულანდსა და მაკალებს "დაეჭიდა".
პასუხი: გაცილებით გამოცდილი უცხოელი უნდა ჩამოეყვანა.
. გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობოდა, თუ ინდივიდუალურად მიაღწია შედეგს?
შეიძლება ვინმეს გაეცინოს, მწვრთნელის გარეშე ვინ რას იზამსო, მაგრამ საქმე სპეციფიკურ შემთხვევასთან გვაქვს - საქართველოს ნაკრები 2004 წლიდან თითქმის ერთი შემადგენლობით თამაშობს და მწვრთნელის გარეშეც იცის რა ქნას. არ გეგონოთ, თითქოს, იმას ვამტკიცებდე, გუნდი უმწვრთნელოდ რამეს მიაღწევდა-მეთქი. საკითხავი ისაა, რაში გამოჩნდა იგორ კოკოშკოვის მუშაობის კვალი.
პირდაპირ გეტყვით, მისმა წინამორბედებმა (ბრაიკოვიჩმა, ჰერბერტმა, შილდსმა) ან ვერ მოასწრეს გუნდის დალაგება, ან ვერ შეძლეს. ასე რომ, მათი ხელწერა ნაკრებს არ ეტყობოდა - თუ რამეს ვაღწევდით, ინდივიდუალიზმის შედეგად.
იგორ კოკოშკოვმა კი "წრედი შეკრა": მთავარ დარმტყმელად ზაზა ფაჩულია აქცია. ზაზა ხომ 2008 წლამდეც მთავარი ფიგურა იყოო - გაიკვირვებთ. სხვაობა ისაა, რომ კოკოშკოვამდე გუნდი ფაჩულიაზე იყო აწყობილი და თუ მეტოქე მის განეიტრალებას შეძლებდა თამაშსაც მოიგებდა.
იგორის გუნდიც ფაჩულიაზეა აწყობილი, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ თუ ზაზას ძლიერი მეურვე (ან მეურვეები) ჰყავს საქართველოს ნაკრები აღარ აგებს, რადგან თამაშის სიმძიმე სხვა კალათბურთელებზე ნაწილდება. ამის მაგალითი უკრაინასთან მატჩია, რომელშიც ზაზამ 27 წუთში 6-6 ქულა-მოხსნა მოაგროვა. თამაშის შეფასებისას უკრაინის ნაკრების ერთ-ერთმა ამერიკელმა მწვრთნელმა მითხრა - ეს მატჩი ფაჩულიამ მოიგო, მისი დაჭერა ვცადეთ, მაგრამ გუნდზე ითამაშა და შანსი არ დაგვიტოვაო.
ერთ შენიშვნას მაინც შევიტანთ. კოკოშკოვმა ფინეთთან მატჩის შემდეგ თქვა: ჩვენი ტაქტიკა ზაზაზე იყო აგებული და მისმა ტრავმამ ყველაფერი აგვირიაო. ნებისმიერ მწვრთნელს მრავალფეროვნებისთვის სათადარიგო ტაქტიკა დამუშავებული აუცილებლად უნდა ჰქონდეს, რათა ერთი კაცის დაკლებამ საქმე ლურსმანშერჭობილი საბურავივით არ ჩაფუშოს.
გორდონ ჰერბერტმა თქვა - ჩემს ხელში საქართველოს ნაკრები ევროპაში დაცვით უნდა გამოირჩეოდესო. ეს კოკოშკოვს არ უთქვამს, მაგრამ საქართველოს ნაკრების დაცვას წლიდან წლამდე აშენებდა და პიკს 1 სექტემბერს მიაღწია: კირილენკომ, ხრიაპამ, მონიამ და სხვა რუსმა სნაიპერებმა მეოთხე პერიოდის საწყის 5 წუთში ქულა ვერ ჩააგდეს. სწორედ ამის შემდეგ თქვა რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა დევიდ ბლატმა: მსროლელები არ გვყავს, ზიმბებვედან შამანები უნდა ჩამოვიყვანოთ და კალათბურთელები შევალოცინოთო.
პასუხი: იგორ კოკოშკოვის ხელში საქართველოს ნაკრები ტაქტიკურად საგრძნობლად დაიხვეწა.
. იგორ კოკოშკოვს ევრობასკეტზე გამოცდილება ხომ არ დააკლდა?
ისევე როგორც საქართველოს ნაკრებისთვის, იგორ კოკოშკოვისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში ასეთი დონის ტურნირი პირველი იყო. შესაბამისად არსებობდა საშიშროება, რომ მეტოქე მწვრთნელებს გამოცდილებით ეჯობნათ.
ეს ვერ მოახერხა უკრაინის დამრიგებელმა მაიკ ფრატელომ, რომელმაც საქართველო-უკრაინის მატჩის შემდეგ თქვა - მესამე პერიოდში იგორ კოკოშკოვმა აშკარად მაჯობაო.
კარგი კატალიზატორი მეორე მატჩი იყო - რუსეთის ნაკრებს დევიდ ბლატი წვრთნის, რომელიც 2007 წლიდან ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს უდგას სათავეში და ასევე აქტიურადაა ჩართული საკლუბო კალათბურთში. შეხვედრის ბოლოს ბედის ბორბალი რუსების სასარგებლოდ დატრიალდა, თუმცა ყველა აღნიშნავდა, კარგად ორგანიზებული და განსწავლული გუნდების პაექრობა იყოო. ერთ-ერთმა რუსმა ჟურნალისტმა მატჩის გარჩევისას მითხრა - დევიდ ბლატს შეუძლია შეგირდების ისე განწყობა, რომ ასეთ მატჩებში ბოლო წამებზე მოგებას არავის ანებებენო.
პასუხი: ზიგიერთ მატჩში იგორ კოკოშკოვსა და საქართველოს ნაკრებს დებიუტანტობა ნამდვილად არ ეტყობოდათ, თუმცა იყო გუნდები და მწვრთნელები, რომლებსაც ჩვენი გუნდი და მწვრთნელი გამოცდილებთ ჩამოუვარდებოდა.
უნდა დარჩეს იგორ კოკოშკოვი?
ვინც პუბლიკაცია ბოლომდე ჩაიკითხა, ალბათ სათაურში დასმულ კითხვაზე პასუხს ბოლო ქვეთავში მოელოდა. არც შემცდარა. შესაძლოა, დარჩა კიდევ არაერთი შეკითხვა, მაგრამ ვფიქრობ, ძირითად საკითხებზე საკმარისად დავწერეთ და უკვე თამამად შეგვიძლია ვუპასუხოთ კითხვას - უნდა დარჩეს იგორ კოკოშკოვი? ისევე როგორც ძირითად შემთხვევებში, პასუხი ამ კითხვაზეც არ არის ერთმნიშვნელოვანი...
პასუხი: სერბმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებში დიდი მოცულობის სამუშაო გასწია, გუნდი წინ წასწია და მწვრთნელის დიდი წვლილია 2013 წლის ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები პირველ კალათაში რომაა განთესილი. ვფიქრობ, წლიდან წლამდე კოკოშკოვი ნაკრებთან ერთად იზრდებოდა და როგორც გუნდს, ასევე მწვრთნელს კიდევ აქვს მომატების შესაძლებლობა. ამიტომ ბატონი იგორი მთავარ მწვრთნელად უნდა დარჩეს... თუ დევიდ ბლატი, ეტორე მესინა ან მათი დონის მწვრთნელი (ქართულ კალათბურთს კარგად რომ იცნობს) არ ჩამოვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"