ბესიკ ლიპარტელიანი: მთავარია, ჩერნოგორია, ისრაელი და იტალია აგვცდა

AutoSharing Option
წილისყრის შედეგების შესახებ საინტერესოა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კალათბურთელთა და ექსპერტთა მოსაზრება, თუმცა გადავწყვიტეთ პირველ რიგში, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბესიკ ლიპარტელიანისთვის მოგვესმინა, რომელიც გენერალურ მდივან მერაბ რატიშვილთან ერთად წილისყრას გერმანიაში ესწრებოდა.

სხვათა შორის, ბატონი მერაბი ქალთა ევროპის ჩემპიონატის წილისყრის პროცედურაში მონაწილეობისთვის სცენაზეც ავიდა.

ბესიკ ლიპარტელიანი შედეგებით კმაყოფილი ჩანდა:
- მეორე კალათაში სამი ისეთი გუნდი იყო, რომლებთან შეხვედრასაც ნამდვილად არ ვისურვებდით - ისრაელი, ჩერნოგორია და იტალია. კარგია, რომ ამ ნაკრებებიდან რომელიმე ჩვენს ჯგუფში არ მოხვდა.

- მეორე კალათიდან ბოსნია-ჰერცოგოვინა გვერგო.
- მართალია,
ევრობასკეტზე ბოსნიელებმა ფინეთთან დიდი სხვაობით წააგეს, მაგრამ მხოლოდ ამ შეხვედრის მიხედვით მეტოქეზე წარმოდგენა არ უნდა შევიქმნათ. ბოსნიელებს ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ჰქონდათ, თუმცა ბოლო ტურში მაკედონიასთან წაგების გამო ჯგუფში ჩარჩნენ. ასე რომ, საქართველოს ნაკრებთან ერთად ბოსნია ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია.

- გასულ სეზონში ლატვიას ამხანაგურად ორჯერ ვეთამაშეთ. როგორი გუნდია?
- ბოლო ორი წელია ლატვიელები წინასწარ დასახული გეზით მიდიან - გუნდს აახალგაზრდავებენ. შედეგი ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზეც გამოჩნდა: ყველა მეტოქეს ღირსეულად ებრძოლნენ, რითაც მაყურებლის დიდი სიმპათია დაიმსახურეს. ასე რომ, ლატვიასთან არც ჩვენ გველის იოლი გასეირნება.

- მესამე მეტოქეზე, ჰოლანდიაზე რას იტყვით? შეიძლება იგი თუნდაც ბოსნიას გავუთანაბროთ?
- ბოსნია ჰოლანდიაზე წინაა, როგორც უკვე ვთქვი ერთ-ერთი ფავორიტია. ჰოლანდიელებს ბოლო წლებში არაერთხელ შევხვდით, ამხანაგური მატჩებიც ვეთამაშეთ და საერთაშორისო ტურნირებზეც. მასაც კარგად ვიცნობთ. ჯგუფიდან გასვლისთვის ჰოლანდიაც იბრძოლებს.

- რომელი ჯგუფი მიგაჩნიათ ყველაზე ძლიერად?
- პირველი, სადაც თავი მოიყარეს ჩერნოგორიამ, სერბეთმა და ისრაელმა.

- ასევე ავცდით ექვსგუნდიან ჯგუფს.
- ესეც დადებითი მოვლენაა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ათი მატჩის ჩატარება არ მოგვიწევს (რვას ვითამაშებთ) და მეორეც - ექვსგუნდიან ჯგუფში ბოლო ისლანდიაა. მაშინ, როცა შეხვედრები სამ დღეში ერთხელ იმართება ისლანდიამდე, შორ მანძილზე მოგზაურობა სასურველი ნამდვილად არ არის.

- კალენდარზე რა აზრის ბრძანდებით?
- პირველ ტურში ვისვენებთ და შესარჩევს მეორე ტურიდან რუმინეთთან მატჩით ვიწყებთ. ეს კარგია. კარგია ისიც, რომ შემდეგ ბოსნიაში სტუმრად ვთამაშობთ და მასთან განმეორებითი მატჩი შინ გველის. შესარჩევი ეტაპის ბოლო დღეს ჰოლანდიას თბილისში ვუმასპინძლებთ.

2010 წელს პირველ და მეორე წრეებს შორის ერთბაშად ორი გასვლითი მატჩის ჩატარება მოგვიწია, ბულგარეთსა და პოლონეთში. ამჯერად, ასეთი შემთხვევა არ გამეორდება, რაც ასევე პოზიტიური მომენტია. ერთადერთი, რაც კალენდარს შეიძლება დაეწუნოს, ისაა, რომ სამი გუნდი შუალედში ორჯერ ისვენებს. ჩვენ და ბოსნია რადგან, შესაბამისად პირველ და ბოლო ტურში არ ვთამაშობთ, შუალედში ერთხელ გვიწევს დასვენება.

- წილისყრის შემდეგ კოლეგებთან შეხვედრებში სამომავლო მზადების კონტურები ხომ არ გამოიკვეთა?
- რამდენიმე ფედერაციის ხელმძღვანელს შევხვდი და ზოგმა უკვე შემოგვთავაზა პაექრობა. მაგალითად, უკრაინამ სურვილი გამოთქვა თბილისის საერთაშორისო ტურნირზე გაისადაც ჩამოვიდეს. ვფქრობ, ევრობასკეტზე ნაჩვენები შედეგების შემდეგ სათანადო სპარინგ-პარტნიორების შერჩევა არ გაგვიჭირდება.

- საქართველოს ნაკრები პირველ კალათაში იყო განთესილი. შესაბამისად, გუნდს, ალბათ, მომავალ შესარჩევშიც უმაღლეს მიზანს დაუსახავთ.
- მთავარი მიზანია შევინარჩუნოთ ის სიმპათია, რაც ევრობასკეტზე მოვიპოვეთ. ამისთვის აუცილებელია შესარჩევ ეტაპზეც ღირსეულად გამოსვლა და 2013 წლის ევრობასკეტის საგზურის მოპოვება. მნიშვნელოვანია ჯგუფში, რაც შეიძლება, მაღალი პოზიციის დაკავებაც. დარწმუნებული ვარ, ამისთვის კალათბურთელებიც ყველაფერს გააკეთებენ, ჩვენ კი მოსამზადებელ ციკლს სწორედ ისე დავგეგმავთ, როგორც საჭირო იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული