აინარს ბაგაცკისი: ჯგუფის ფავორიტი საქართველოა

AutoSharing Option
კვირას გაირკვა, რომ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ლატვია, ბოსნია, ჰოლანდია და რუმინეთი დაუპირისპირდებიან.

წილისყრის შედეგებზე ვრცლად მსჯელობას უახლოეს დღეებში დაგპირდით. დღეს ყველაზე კარგად ნაცნობ მეტოქე ლატვიაზე შევჩერდებით, რომელსაც "სოხუმის" ყოფილი თავკაცი აინარს ბაგაცკისი წვრთნის.

ლატვიელების საერთაშორისო ასპარეზობებში მონაწილეობის ისტორიაზე მოკლედ შევჩერდებით. ეს ნაკრები ევროპის პირველი ჩემპიონია - 1935 წელს ოქრო მოიგო, რასაც 1939 წელს ვერცხლი მიამატა და მას მერე დიდი ხნით მოუწია უქმობა. მიზეზი გასაგებია - ლატვია სსრ კავშირმა შეიერთა.

საბჭოეთის დაშლის შემდეგ მდიდარი ტარდიციების მქონე
ბალტიისპირელებმა გამონახეს რესურსი, ძლიერი ნაკრები შეკრიბეს და 1993 წლიდან დღემდე ევრობასკეტი მხოლოდ ორჯერ გამოტოვეს (1995 და 1999 წლებში). დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ რვა ჩემპიონატში ლატვიელებმა საუკეთესო შედეგი 2001 წელს უჩვენეს - მერვე ადგილზე გავიდნენ. მას მერე დაღმასვლა დაეწყოთ და პირველი ჯგუფური ბარიერის გადალახვა ერთხელაც ვერ მოახერხეს. სიტუაციის გამოსწორება მწვრთნელ აინარს ბაგაცკისს დაევალა, რომელიც გუნდს აახალგაზრდავებს. თუმცა უარს არც ერთ-ორ გამოცდილ კალათბურთელზე ამბობს, რომლებთან ერთადაც ახალგაზრდები პროფესიულად უნდა გაზარდონ.

სწორედ ასეთმა ნაკრებმა დაიმსახურა მაყურებლის სიმპათია ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე. მიუხედავად კლასში სხვაობისა, ლატვიელებმა სერბეთს, საფრანგეთს, იტალიასა და გერმანიას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს.

როგორი გუნდი ეყოლებათ ბალტიისპირელებს მომავალ ზაფხულს? ფედერაციამ ჩემპიონატის შემდეგ ბაგაცკისს მადლობა გამოუცხადა და კონტრაქტი გაუგრძელა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არჩეულ გეზს არ უღალატებს - 2012-შიც ახალგაზრდა გუნდი ეყოლება. დაუბრუნდება თუ არა NBA-ში მოასპარეზე მეფარე ანდრის ბიედრინსი, ჯერ ძნელი სათქმელია. სტრატეგიაც მეტ-ნაკლებად ცნობილია: გასულ ზაფხულს ორ ამხანაგურ მატჩში ლატვიელებმა ქართველებთან აქცენტი პერიმეტრიდან ტყორცნებზე გააკეთეს.

პირველ შეხვედრაში ფარქვეშ უბადლოდ მოთამაშე ზაზა ფაჩულიას ვერ აჯობეს (83:79 საქართველოს სასარგებლოდ), ხოლო მეორეში 84:73 დაგვამარცხეს. პირველ მატჩში ქართველთა კაპიტანმა სანაკრებო რეკორდი დაამყარა - 42 ქულა ჩააგდო. ასეთი შედეგის საჩვენებლად ზაზას 29 წუთიც ეყო.

მიუხედავად იმისა, რომ ლატვიელები წილისყრისას მესამე კალათაში იყვნენ განთესილნი, მათთან იოლი გასეირნება არ გველის. თუ ამხანაგურ მატჩებს არ ვენდობით, თვალსაჩინოებისთვის ერთი ანგარიშიც გამოდგება: 80:81 - დირკ ნოვიცკის გერმანიამ ევრობასკეტზე ბალტიისპირელები დიდი გაჭირვებით დაამარცხა.

სიკვდილის ჯგუფს არ ჰგავს
წილისყრის შედეგების გამოცხადებისთანავე ლატვიის მთავარ საკალათბურთო საიტზე გამოქვეყნდა მწვრთნელის, აინარს ბაგაცკისის ინტერვიუ, რომელშიც იგი საქართველოზე ვრცლად ლაპარაკობს.

- იოლი მეტოქეები ნამდვილად არ შეგვხვდა, თუმცა, არც იმ "სიკვდილის ჯგუფს" ჰგავს, რომელშიც წინა შესარჩევში მოვხვდით (ჩერნოგორია, ფინეთი, იტალია, ისრაელი). ახლა, ყველაზე ძლიერად F ჯგუფი მიმაჩნია, სადაც კენჭისყრამ იტალია და თურქეთი გაამწესა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშვიდი ზამთრის ძილი გველის - ჩვენს ჯგუფშიც ძლიერი მეტოქეები არიან.

- რა რეაქცია გქონდათ, როცა ლატვიის ნაკრების მეტოქეების ვინაობა შეიტყვეთ?
- ჩვენი მოწინააღმდეგეებიდან საქართველოს ნაკრების შესახებ ყველაფერი ვიცი. ბოსნიელებს გამოცდილი გუნდი ჰყავთ და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, მათი ლიდერები შესარჩევ ტურნირს როგორ ფორმაში შეხვდებიან. რუმინელებს მხოლოდ უნივერსიადის დონეზე დავპირისპირებივარ და ვიცი, რომ ხშირად პროვოკაციებს მიმართავენ. ასევე, მათ მთავარ კლუბს ორი წლის წინათ ვეთამაშე, როცა "კრასნოიარსკს" ვავარჯიშებდი. ჰოლანდიელთა შესახებ კი ინფორმაცია ნაკლებად მაქვს.

- საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე მეორე ეტაპზე გავიდა. მას მერე ამ ქვეყანაში ორი თვე იმუშავეთ. როგორი რეზონანსი გამოიწვია ქვეყანაში კალათბურთელთა წარმატებამ?
- შეიძლება, დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, თუმცა, ამ ქვეყანაში ფეხბურთს წამყვანი სპორტის როლი, საკმაო ხანია, აღარ უჭირავს.

კალათბურთი ძალიან პოპულარული გახდა, რასაც ხელს უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა უწყობს. ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაშისთვის მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს და დარწმუნებული ვარ, ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის ახლაც მაქსიმუმს გააკეთებენ. შესაძლოა, მეტოქის რიგებში თაობათა ცვლა მოხდეს, მაგრამ ქართველებს კარგი ახალგაზრდებიც ჰყავთ. მათთან თამაში ძნელი იქნება.

- ქართველები ფავორიტებად მიგაჩნიათ?
- დღესდღეობით, ჯგუფში პირველობის საუკეთესო შანსი საქართველოს აქვს. ცხადია, ყველაფერი ზემოთთქმული არ ნიშნავს, რომ მათთან მოედანზე წასაგებად გავალთ. საკუთარი ძლიერი მხარეები ლატვიის ნაკრებსაც გააჩნია, ამდენად, არა მარტო საქართველოსთან, ნებისმიერ სხვა მეტოქესთანაც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

- ლატვიის ნაკრებისგან რას უნდა ველოდეთ?
- წლეულს ლამაზად ვთამაშობდით, მაგრამ ვაგებდით. ეს უნდა დავივიწყოთ. არ დავეთანხმები ზოგიერთ უცხოელ მწვრთნელს, რომელიც ამბობს, რომ ლატვიელებს წაგებულის ფსიქოლოგია გვაქვს. სწორედ თამაშით უნდა დავამტკიცოთ, რომ ისინი ცდებიან. გვაკლდა რამდენიმე მოთამაშე, რომელთა დაბრუნების იმედიც მომავალ წელს გვაქვს. ნაკრებში საუკეთესოებმა და მონდომებულებმა უნდა ითამაშონ.

- თქვენს მიერ აღებული გეზს ხომ არ უღალატებთ?
- 2011 წელს ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავდა და ვთვლი, რომ წარმატებით ართმევდა თავს დასახულ ამოცანას. 2012-სთვის კალათბურთელებს ერთი წელი და გამოცდილება მოემატებათ, უკეთესადაც ითამაშებენ.

- კრისტაფს ვალტერსის დისკვალიფიკაციას ვადა 2012 წლის სექტემბერში გასდის. მის ამინისტიაზე ხომ არ ფიქრობთ?
- იგი ევროლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატში სტაბილურობით გამოირჩევა. ჩვენი გუნდისთვისაც დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია, მაგრამ დღეს "ამინისტიაზე" ვერაფერს ვიტყვი. ეს საკითხი უამრავი ასპექტისგან შედგება, რაც განხილვის გარეშე არ უნდა გადაწყდეს.

საქართველო-ლატვია
ამხანაგური მატჩები
24.08.2011. ვენტსპილსი, ლატვია
ლატვია-საქართველო 84:73
16:24, 26:15, 26:17, 16:17
ლატვია: ბერტანსი (8ქ), ფრეიმანისი, იურევიჩუსი (10ქ), კუკსიკსი (12ქ), ჟერომანოვსი (10ქ), შტრელნიეკსი (13ქ), ბერზინსი (9ქ, 6მ), შელაკოვსი (6ქ, 6მ), მარეკს მეიერსი (6ქ), მარტინს მეიერსი (10ქ, 5მ).
საქართველო: გამყრელიძე (16წთ), ვ. ბოისა (14წთ, 5ქ), ა. ბოისა (10წთ, 6მ), ფაჩულია (20წთ, 18ქ, 6მ), ცინცაძე (20წთ, 4ქ, 3პ), შერმადინი (18წთ, 3ქ, 4მ), მარკოიშვილი (15წთ, 7ქ, 3პ), სანიკიძე (23წთ, 9ქ, 6მ), ცქიტიშვილი (16წთ, 8ქ), შენგელია (17წთ, 8ქ, 5მ), ჰეინსი (22წთ, 8ქ), შარაბიძე (2წთ, 1ქ), ფარღალავა (7წთ, 2ქ).

22.08.2011. რიგა, ლატვია
ლატვია-საქართველო 79:83
20:13, 24:21, 19:25, 16:24
ლატვია: დაი. ბერტანსი (9ქ), ფრეიმანისი, ბლუმსი (25ქ), კუკსიკსი (12ქ), ჟერომნავსი (3ქ), ვაიროგსი (2ქ), შტრელნიეკსი (16ქ), ბერზინსი (2ქ), შელაკოვსი (5ქ), ბლაუსი (1ქ), დავ. ბერტანსი, მეიერსი (4ქ).
საქართველო: გამყრელიძე (8წთ), ვ. ბოისა (23წთ, 3ქ), ფაჩულია (29წთ, 6მ, 3პ, 42ქ), ცინცაძე (27წთ, 3პ, 2ქ), შერმადინი (10წთ, 5მ), მარკოიშვილი (27წთ, 5მ, 13ქ), სანიკიძე (28წთ, 8ქ), ცქიტიშვილი (17წთ, 9ქ), შენგელია (12წთ, 4ქ), ჰეინსი (18წთ, 2ქ).

27.08.2009. რიგა, ლატვია
ლატვია-საქართველო 72:80
19:22, 15:22, 17:20, 21:16
საქართველო: ცინცაძე (22წთ, 5ქ, 3პ), ელისი (30 წთ, 10ქ, 3პ), სანიკიძე (28წთ, 5ქ. 7მ), ცქიტიშვილი (24წთ, 9ქ, 7მ), ფაჩულია (25წთ, 14ქ, 8მ), ვ. ბოისა (23წთ, 18ქ), შერმადინი (7წთ, 3მ, 2დ), გამყრელიძე (25წთ, 14ქ, 3პ), ა. ბოისა (13წთ, 5ქ), ტუღუში (2წთ).

ევრო-1999-ის შესარჩევი
25.02.1998. ვენტსპილსი
ლატვია-საქართველო 99:63
58:35, 41:28
ლატვია: ჰელმანისი (10ქ, 5მ), აზაცისი (1ქ), შტელმაჰერსი (13ქ, 9პ), ბუსკევიჩისი (3ქ, 6მ), ვალტერსი (8ქ), ვალეიკო (8ქ), ბაგაცკისი (24ქ, 5მ), სკრიმანტსი (2ქ), ბერნატსი (14ქ, 6მ), ვეჩვაგარსი (11ქ, 5მ).
საქართველო: მაისურაძე (26წთ, 10ქ, 2პ), სტეფანია (18წთ, 13ქ, 3მ), ხოშტარია (26წთ, 0ქ, 2პ), ბეჟანიშვილი (28წთ, 4ქ, 4მ, 5პ, 1ჩ), გოგობერიშვილი (19წთ, 2ქ, 3მ, 1ჩ), ვაშაკიძე (21წთ, 2ქ, 6მ, 2პ, 1ჩ), შენგელია (29წთ, 18ქ, 8მ, 1პ, 2ჩ), ჯაფარიძე (17წთ, 9ქ, 1მ), ბოისა (16წთ, 5ქ, 5მ, 1ჩ)

24.02.1999. თბილისი
საქართველო-ლატვია 96:98
38:50, 58:48
საქართველო: მაისურაძე (10წთ, 2ქ, 2მ), ბოისა (28წთ, 17ქ, 6მ, 1პ, 1ჩ), ხოშტარია (14წთ, 4ქ, 1მ), აბრამიძე (30წთ, 12ქ, 3მ, 2პ, 1ჩ), ბერძენიშვილი (18წთ, 18ქ, 7მ), ჯაფარიძე (28წთ, 12ქ, 4მ, 1ჩ), ოთიურიძე (11წთ, 7ქ, 2მ, 1პ), ქარაბაკი (27წთ, 6ქ, 7მ, 1პ), ჩხეიძე (34წთ, 18ქ, 4მ)
ლატვია: ჰელმანისი (15ქ, 5მ), ვიტოლსი (5ქ, 5მ), შტელმაჰერსი (13ქ), ლაკსა (13ქ, 6მ), მიგლინიეკსი (7ქ, 3პ), ბაგაცკისი (27ქ), ბერნატსი (4ქ), ვესვაგარსი (14ქ, 3ჩ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული