იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში 2013 წლამდე დარჩა

AutoSharing Option
- იგორ კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრებში 4 წელი იმუშავა. მან ჩვენს მიერ დასახული ყველა მიზანი შეასრულა, გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, იქ კი ტოპ-12-ში მოხვდა. ამასთან, იგორმა ჩვენი ნაკრები კარგად შეისწავლა და მისდამი უკმაყოფილების საფუძველი არ გვქონდა, ამიტომ შესარჩევი ეტაპის წილისყრის დასრულების შემდეგ კოკოშკოვს დავუკავშირდით და გუნდში კიდევ ორი წლით დარჩენა შევთავაზეთ.

თანხმობა მივიღეთ და გადაწყდა, რომ სერბი სპეციალისტი ჩვენს ნაკრებს 2013 წლამდე გაუძღვება, - გვითხრა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა.

დავინტერესდით, წინა ხელშეკრულებასთან შედარებით კონტრაქტის პირობები ხომ არ შეცვლილა, თუმცა როგორც
ფედერაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, მწვრთნელთან ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა.

- იგორი ამჟამად ამერიკაშია, სადაც NBA-ს გუნდებმა ლოკაუტის დასრულების შემდეგ მზადება უკვე დაიწყეს. იგი "ფინიქსის" სამწვრთნელო შტაბშია და თუ საქართველოში ჩამოსვლას ვერ მოახერხებს, გამზადებულ კონტრაქტს ამერიკაში გავუგზავნით.

ფედერაციის ხელმძღვანელმა ისიც დასძინა, რომ მწვრთნელთან მომავალი წლის მოსამზადებელ გეგმაზე კონკრეტული საუბარი არ ყოფილა, რადგან სწორედ ახლა მიმდინარეობს სხვადასხვა ფედერაციებთან მოლაპარაკებები, შეთავაზებების განხილვა, რაც საბოლოოდ მწვრთნელთან უნდა შეთანხმდეს და სწორედ იგორ კოკოშკოვი დაგეგმავს 2012 წლის შესარჩევი ეტაპის მოსამზადებელ გეგმას.

ფედერაციის პრეზიდენტს ისიც ვკითხეთ, მწვრთნელთან ნატურალიზებულ კალათბურთელზე თუ ჰქონდა საუბარი...

- იგორ კოკოშკოვმა იცის, ვინ სჭირდება საქართველოს ნაკრებს. იგი თავის ვარიანტს შემოგვთავაზებს, თუმცა პარალელურად ჩვენც ვიმუშავებთ. ჩვენს გუნდში სწორედ ის ნატურალიზებული კალათბურთელი ითამაშებს, რომელიც ნაკრებს სათანადოდ გამოადგება.

ჩვენი მხრივ დავძენთ, სერბმა სპეციალისტმა ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩის შემდეგ ნაკრებში საჭირო ახალ სისხლზე ილაპარაკა. უნდა ველოდოთ, რომ 2012 წელს საქართველოს ეროვნულ გუნდში არაერთი ახალი სახე გამოჩნდება.

დოსიე
იგორ კოკოშკოვი
სერბეთი
დაიბადა: 17.12.1971

საკლუბო კარიერა
1992-94 - "ბელგრადის" (იუგოსლავია) ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი.
1994-95 - "ბელგრადის" (იუგოსლავია) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.
1995-96 - "ბელგრადის" მთავარი მწვრთნელი.
1996-97 - "პარტიზანის" (იუგოსლავია) ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი.
1999-2000 - მისურის უნივერსიტეტის (აშშ-ის უმაღლესი სტუდენტური დივიზიონი) მეროე მწვრთნელი.
2000-03 - "ლოს ანჯელეს კლიპერსის" (NBA) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.
2003-08 - "დეტროიტ პისტონსის" (NBA) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.
2008-დან - "ფინიქს სანსის" (NBA) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

სანაკრებო კარიერა
1997-99 - იუგოსლავიის ახალგაზრდული ნაკრების მეორე მწვრთნელი.
2004 - სერბეთი-ჩერნოგორიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ათენის ოლიმპიურ თამაშებზე.
2005 - სერბეთი-ჩერნოგორიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ევროპის ჩემპიონატზე.
2008 წლის აპრილიდან საქართველოს ნაკრების თავკაცი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრებში 2013 წლამდე დარჩა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული