ახლანდელი თაობა ქართულ კალათბურთს დიდ სიმაღლეზე აიყვანს

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ ქომაგები დაღვრემილნი ტოვებდნენ სპორტის სასახლეს. ზოგს თვალებზე სინანულის ცრემლიც კი ადგა. იმ დღეს პირთამდე იყო სავსე ტრიბუნები და ბოლო წუთებამდე ყველას სჯეროდა, რომ სტუმრებს ვძლევდით... მაგრამ პაექრობამ დაგვარწმუნა, რომ ეს უფრო სურვილი იყო, ვიდრე რეალობა.

_ გული არ უნდა გავიტეხოთ, რადგან ჩვენს ბიჭებს სამკალი ჯერ კიდევ წინ აქვთ, _ მითხრა თბილისის `დინამოს~ ყოფილმა კალათბურთელმა გივი ბიჭიაშვილმა. _ მაქსიმალისტები ვართ და საყვარელი გუნდისგან ყოველთვის მოგებას ვითხოვთ. მკაცრად ნუ განვსჯით მარცხისთვის, რადგან წარმატებები დაოსტატებას და გამოცდილებას მოაქვს. საქართველოს
ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის დებიუტანტია, ახალგაზრდებით დაკომპლექტებული. დრო და ერთგულება გვჭირდება და დიდი გამარჯვებებიც მოვა.

_ მაინც, ელოდით ასე წაგებას?
_ ჩვენებმა ანტვერპენში უკეთ ითამაშებს. იმ მატჩის გათვალისწინებით, მეგონა, თბილისში ვძლევდით მეტოქეს, მაგრამ ის ვერ გავითვალისწინე, რომ საქართველოს ნაკრებმა შვიდ დღეში 3 მატჩი გამართა, ერთი ქვეყნიდან მეორეში იფრინა, დაღლილ-დაქანცული დაბრუნდა შინ, ბელგიელები კი დასვენებულები გვესტუმრნენ, თანაც ამ ორთაბრძოლისთვის სპეციალურად მომზადებულნი. ყველა ასპექტში დაგვჩაგრეს და ალალად მოიგეს. მათ ყოველთვის ჰყავდათ კარგი კალათბურთელები, რომელთა ძალას ჩვენი თაობაც კარგად იცნობს. 1977 წელს ბელგიაში საქართველოს კულტურის დღეები გაიმართა და მაშინ თბილისის `დინამომ~ იქაურ კლუბებთან ხუთი მატჩი ჩაატარა. სამი მოვიგეთ და ორში დავმარცხდით.

როგორც გითხარით, ახალგაზრდული, პერსპექტიული გუნდი გვყავს. ამაში პოლონელებთან შინ და ბულგარელებთან სტუმრად თამაშმაც დამარწმუნა. მთავარია, ნაკრების თითოეულმა წევრმა ოსტატობისა და პასუხისმგებლობის ამაღლებაზეც იზრუნოს. მახსოვს, `დინამოში~ ლევან ჩხიკვაძე მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელ მაინც თუ დაკარგავდა ბურთს, მთელი საღამო დარდობდა და ბიჭებს დიდი ძალისხმევა გვჭირდებოდა მის დასაწყნარებლად. სწორედ, ასეთი პასუხისმგებლობაა საჭირო. ამასთანავე, მეტი სათამაშო დისციპლინა და სამქულიან ტყორცნებში დაოსტატებაა აუცილებელი. კოკოშკოვმა და მისმა შეგირდებმა დიდი საქმე გააკეთეს ევროპის B დივიზიონიდან ელიტაში დაწინაურებით. ბებერ კონტინენტს დავანახეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია ნებისმიერი გუნდისთვის წინააღმდეგობის გაწევა. საქართველო კალათბურთის ფედერაციაც დღეს ბევრად მეტს ზრუნავს სპორტის ამ სახეობის გასავითარებლად, ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, რითაც ევროპელებმა დიდი ხანია კარგა მანძილით გაგვისწრეს.

_ თქვენ სამქულიანი სროლები ახსენეთ. სტაჟიან გულშემატკივრებს დღესაც ახსოვთ გივი ბიჭიაშვილის შორეული ზუსტი ტყორცნები...
_ ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ მართლაც მქონდა ასეთი ბედნიერება _ შორიდან ნასროლი ბურთები ზუსტად მომეთავსებინა მეტოქის კალათში. სამწუხაროდ, მაშინ სამქულიანები არ იყო, თორემ ვილნიუსში საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ ჩემპიონატზე ცსკა-სთან 39 ქულა რომ მოვაგროვე, ეს მაჩვენებელი 50-ს ასცდებოდა. არადა, იმ გუნდში თამაშობდნენ ისეთი დიდოსტატები, როგორებიც იყვნენ სერგეი და ჟენია კოვალენკოები, ერიომინი, მიშკინი, ანდრეევი... სავალალო კურიოზებიც მქონია _ რიგაში ვეფთან პაექრობისას ზედიზედ 6 საჯარიმო ავაცილე მიზანს. მაშინ თბილისის `ბურევესტნიკის~ შემადგენლობაში გამოვდიოდი. არადა, ახლო მანძილებიდან მოსკოველი არმიელებისთვის ერთხელ მიჯრით თერთმეტი ბურთი მაქვს ჩაგდებული.

_ ყველაზე მეტად რომელი მატჩი დაგამახსოვრდათ?
_ სხვადასხვა ობიექტური მიზეზით 1968 წელს `დინამოდან~ თბილისის `ბურევესტნიკში~ აღმოვჩნდი. მახსოვს, ლენინგრადის `სპარტაკს~ ვხვდებოდით. ბოლო წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ხან ჩვენები იყვნენ წინ, ხან _ ნევისპირელები. ორთაბრძოლის დამთავრებამდე ორი წუთი რჩებოდა, მიხეილ კეკელიძემ მოედანზე რომ შემიშვა. საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე ჩემი შორეული ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა და სწორედ იმ ორი ქულის წყალობით მოვიგეთ. `ბურევესტნიკში~ ის ჩემი სადებიუტო მატჩი იყო. მომავალი შეხვედრისას ძია მიშამ სერგეი კოვალენკოსთან, სანდრო გლურჯიძესთან, ლევან ჩხიკვაძესთან და ილია ლეჟავასთან ერთად სასტარტო ხუთეულში დააყენა...

გივი ბიჭიაშვილმა კალათბურთის თამაში 10 წლისამ დაიწყო თბილისის 77-ე საშუალო სკოლის სექციაში, რომელსაც სერგო აკოფოვი და გოგი ღლონტი ავარჯიშებდნენ. საქალაქო პირველობებზე თანატოლთა შორის რომ გამოირჩა, მიხეილ კეკელიძემ 1965 წელს თბილისის ნაკრების შემადგენლობაში მოსწავლეთა საკავშირო პირველობაზე წაიყვანა გომელში, სადაც ქართველმა ჭაბუკებმა ყველა შეხვედრა მოიგეს და ჩემპიონის ოქროს მედლები მოიპოვეს, მომავალ წელს კი მსგავს წარმატებას ბიჭიაშვილმა ყაზანში მიაღწია, ოღონდ `ნორჩი დინამოელის~ შემადგენლობაში. იმავე წლებში საკავშირო ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამოდიოდა.

_ 1965 წელს მე, ლევან ჩხიკვაძე, იური პჟლავსკი და მიხეილ ქორქია საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მიგვიწვიეს. უცხოელებთან რამდენიმე ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ. 1966-ში კი მე და ლევანი სოფიაში საერთაშორისო ტურნირზე გავემგზავრეთ. მახსოვს, კუბის, ბულგარეთის, რუმინეთის, პოლონეთისა და იტალიის პირველ ნაკრებს ვძლიეთ და მთავარი პრიზი მოვიპოვეთ; არადა, ორი წლის შემდეგ კუბელებმა მექსიკის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, იტალიელთა ის გუნდი კი ევროპის ჩემპიონი გახდა.

ბულგარეთიდან დაბრუნებისთანავე ოთარ ქორქიამ გივი ბიჭიაშვილი `დინამოში~ მიიწვია, სადაც გურამ მინაშვილის, ლევან მოსეშვილის, ვალერი ალთაბაევის, ანზორ ლეჟავას, ვოვა უგრეხელიძის, ამირან სხიერელის, სერგო მაღალაშვილის, ალიკ კაზანჯიანის გვერდით თამაშობდა. სამი წელიწადი თბილისის `ბურევესტნიკის~ ღირსებასაც იცავდა. `დინამოსთან~ ერთად საკავშირო ჩემპიონატზე 1977 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მანამდე კი მსგავს წარმატებას საბჭოთა კავშირის ხალხთა VI სპარტაკიადაზე მიაღწია, სამჯერ საბჭოეთის 25 საუკეთესო კალათბურთელს შორის დაასახელეს, სოციალისტური ქვეყნების დინამიადებზე 1973 წელს მეორე ადგილი დაიკავა, 1977 და 1983 წლებში ოქროს მედლები ერგო. 1984 წელს აქტიურ კალათბურთს თავი დაანება. მერე ხუთი წლის განმავლობაში `დინამოს~ საკალათბურთო სასპორტო სკოლას ხელმძღვანელობდა, სადაც სხვა ცნობილ მოთამაშეებთან ერთად ვლადიმერ სტეფანია აღზარდა.

_ ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრების საუკეთესო წლები კალათბურთს შევწირე. არჩევანი არასდროს მინანია, რადგან სპორტის ამ სახეობას ჩემთვის სიამოვნება მოჰქონდა, დიდებულ ადამიანებს დამაკავშირა. დებიუტისას კორიფეებთან მიხდებოდა მოღვაწეობა. სხვა წლებშიც ისეთი სახელოვანი სპორტსმენების გვერდით ვიყავი, როგორებიც იყვნენ მიხეილ ქორქია, საკანდელიძე, დერიუგინი, პულავსკი, კაპუსტინი, ტიუბინი, დარსაძე, გრძელიძე, ნოდარ ქორქია, ქამაბაკი, ფიცხელაური, ჭეიშვილი, ძიძიგური... რომელი ერთი ჩამოვთვალო. სწორედ ამათ ნაკვალევზე მოვიდა ახალი თაობა, რომელიც ღირსეულად განაგრძობს წინაპართა გზას და, ვიმედოვნებ, რომ ახლანდელი ბიჭები ქართულ კალათბურთს უფრო დიდ სიმაღლეზე აიყვანენ.

_ პორტუგალიასთან განმეორებით მატჩზე რას ფიქრობთ?
_ ძნელი ორთაბრძოლა გველის. ძლიერი მეტოქე გვყავს, რაც პირენეელთა პოლონელებთან და ბელგიელებთან მატჩებშიც გამოჩნდა. ხუთშაბათის შანსები შეიძლება შეფასდეს _ 50X50-ზე, მაგრამ წარმატებისთვის ჩვენ მეტი მოტივაცია გვაქვს, დასვენებულებიც ვართ და უცილობლად უნდა მოვიგოთ. ყოველ შემთხვევაში, ქართველ ქომაგთა სურვილი ასეთია. იმედია, სურვილი რეალობად იქცევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული