იგორ კოკოშკოვი: შეცდომები უნდა გამოვასწოროთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები პორტუგალიიდან თბილისში გუშინ დაბრუნდა. კიდევ კარგი, ქართველებმა ჩარტერული რეისით იმგზავრეს, თორემ უთუოდ ბულგარელები ჩამოასწრებდნენ. ჩვენი ხვალინდელი მეტოქე თბილისში დღეს გამთენიისას ჩამოფრინდა.

პორტუგალიურმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ შესრჩევ ტურნირს მარათონს ტყუილად არ ვუწოდებთ - ძველ საბერძნეთში მარათონის ომიდან გამობრუნებული მაცნე თავის მეფემდე სირბილით მივიდა, შედეგი მოახსენა, იქვე დაეცა და სული განუტევა. მთლად ასეთი სასტიკი არა, მაგრამ მეტად რთული გამოდგა 27-დღიანი საკალათბურთო მარათონი: პორტუგალიის ნაკრები ბოლო ტურს 5 ტრავმირებულით შეხვდა.

მათ შორის აღმოჩნდა ლიდერი ჰეშიმუ ევანსი. ტრავმებს, როგორც წესი
გადაღლა და ორგანიზმის გადატვირთვა იწვევს. დარწმუნებული ვარ, 35 წლის ევანსს რომ ეთამაშა, ზედიზედ ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ ჩვეული სიზუსტით ვეღარ ისროდა...
საქართველოს ნაკრებმა კი 5 დღე დაისვენა და პორტუგალიაში ენერგიააღდგენილი ჩავიდა. ჩვენმა გუნდმა მატჩი თავიდან ბოლომდე ისე წარმართა, რომ გამარჯვება ეჭვქვეშ არ დაუყენებია. გუნდმა ამ მოგებით კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბელგიასთან წაგება გარკვეულწილად გადაღლის ბრალი იყო (ბელგიამ წინა ტურში დაისვენა, ხოლო ქართველებმა მანამდე პორტუგალიასთან, ბულგარეთში, პოლონეთში ითამაშეს).

იყო მეორე ფაქტორიც - ფსიქოლოგია. პორტუგალიასთან შეხვედრამდე გაირკვა, რომ ჯგუფიდან გასვლის მიზერული შანსი დაგვრჩა. ამიტომ, ქართველებმა ფაფეში თავისუფლად ითამაშეს. სხვა ფაქტების გარდა ამაზე 17-დან 7 სამქულიანის ჩაგდება მიგვანიშნებს. ბელგიასთან გუნდი თან გადაღლილი იყო და თან დიდი ფსიქოლოგიური წნეხი აწვა - მოგების შემთხვევაში ევრობასკეტზე თამაში თითქმის გადაწყვეტილი იყო. წაგება კი ლიტვის გზას მეტად ამრუდებდა. ყველა კალათბურთელს ესმოდა, რომ ბელგიასთან ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რამაც ქართველთა ფსიქოლოგიაზე დადებითად ნამდვილად ვერ იმოქმედა.

პორტუგალიასთან მატჩში ვიხილეთ იგორ კოკოშკოვის ახალი ნაბიჯი - ნიკა ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. ეს სკიტასთვის დამატებითი მოტივაცია აღმოჩნდა და პორტუგალიაში ერთ-ერთი საუკეთესო სანაკრებო მატჩი ჩაატარა - სამქულიანების პარალელურად 15 მოხსნა მოაგროვა. არადა, ბელგიასთან ორივე მატჩში ცქიტიშვილის მცირე სათამაშო დრო ერგო და ფაქტობრივად იგი დავკარგეთ.
პორტუგალიაში არ დაგვჭირდა მანუჩარ მარკოიშვილის სამქულიანები. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ მანუ მწვრთნელმა ბულგარეთისთვის შემოინახა.

ზაზა ფაჩულიამ მეორე ტაიმში ისევე ითამაშა, როგორც ციკლის დასაწყისში. ეს პირველ რიგში გასახარი იმიტომაა, რომ დავინახეთ - ზაზას მუხლი უკეთესობისკენაა...
პორტუგალიაში 21 შეცდომა დავუშვით, მეტოქემ - 14. ბულგარეთთან გაცილებით აკურატულად გვმართებს თამაში.
ფაფეში ჩატარებული მატჩის შემდეგ იგორ კოკოშკოვმა მეტოქეც შეაქო და საკუთარი გუნდის უარყოფით მხარეებზეც ილაპარაკა:
- ჩვენთვის ყველა მატჩში გამარჯვება მნიშვნელოვანია. პორტუგალიელებმა მჭიდრო დაცვა დაგვიპირისპირეს და ბევრი შეცდომაც დაგვაშვებინეს. ამდენ შეცდომას ხშირად როდი ვუშვებთ. ვულოცავ პორტუგალიელთა ნაკრების მწვრთნელს ასეთ კარგ თამაშს. მან ლიდერების არყოფნის მიუხედავად ბრძოლისუნარიანობის კარგად შენარჩუნება მოახერხა.

მონჩო ლოპესი კოლეგის ნათქვამს გამოეხმაურა:
- მადლობას მოვახსენებ საქართველოს ნაკრების მწვრთნელს. მან სწორად შენიშნა ჩვენი მუშაობის შედეგი. ძნელია ლიდერების გარეშე თამაში. ჩემმა კალათბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ღირეულად გამოსულიყვნენ, მაგრამ დღეს ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწია თამაში.
ვაჟა სიმონიშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული