ნიკოლოზ დერიუგინი: ტიტანებთან ბრძოლას გამოცდილება სჭირდება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა განმეორებით მატჩში პოტუგალიელთა დიდი ანგარიშით ძლევით კიდევ ერთხელ გაახარა გულშემატკივრები, არადა, გარკვეული ხარვეზებისგან არც ეს ორთაბრძოლა ყოფილა დაზღვეული, ამიტომაც სპეციალისტთა არაერთგვაროვანი შეფასებაც დაიმსახურა. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გუნდს აშკარა პროგრესი ეტყობა, შემადგენლობა ახალგაზრდულია და ბიჭები დიდ სარბიელზეც თავიანთ სათქმელს მალე იტყვიანო. ამ მოსაზრებას მსოფლიოს (1982) და ევროპის (1981) ჩემპიონი, საკონტინენტთაშორსო თასის ორგზის (1977, 1979) მფლობელი, მოსკოვის ოლიმპიადისა (1980) და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის (1977) ბრინჯაოს პრიზიორი, სპორტის დამსახურებული ოსტატი ნიკოლოზ დერიუგინიც იზიარებს. სახელოვან კალათბურთელს
გუშინ შევეხმიანე და ნაკრების ბოლოდროინდელ თამაშებზე შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვე.

_ პორტუგალიაში ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს, განსაკუთრებით პირველ და ბოლო ათწუთიან მონაკვეთებში. კარგი ქნა კოკოშკოვმა, ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში რომ დააყენა. ნიკას შორიდან ტყორცნებიც შეუძლია და ფარქვეშ თამაშიც, რაც ფაფეშიც დაამტკიცა. შარშან, მგონი, სლოვაკებთან მატჩისას გითხარით, კარგი იქნება, მწვრთნელი გიორგი შერმადინს თუ უფრო მეტ სათამაშო დროს მისცემს-მეთქი. ასეც მოხდა. ხომ ხედავთ, საიმედო კალათბურთელია. ფაჩულიამაც მოუმატა. საერთოდაც, შარშანდელთან შედარებით ჩვენი ნაკრები იგორ კოკოშკოვის მეთაურობით საგრძნობლად გაიზარდა, შეკრულ გუნდად იქცა და ნებისმიერი მეტოქისთვის საშიშ ძალას წარმოადგენს.

_ ყოველივეს მიუხედავად, ბელგიასთან შინ წაგებამ ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე მოხვედრა სათუო გახადა...
_ გეთანხებით, მაგრამ დებიუტანტისგან პირველივე ნახტომით რატომ ველოდით, რომ მწვერვალზე აღმოვჩნდებოდით? ვიყოთ ობიექტურნი _ ტიტანებთან ბრძოლას გამოცილება სჭირდება. რაც შეეხება ბელგიელებთან შინ წაგებულ მატჩს, ამის შესახებ ითქვა და დაიწერა კიდეც, რომ მარცხის უმთავრესი მიზეზი გადაღლა იყოო. ცხადია, ამას არც მე გამოვრიცხავ, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ მთავარი როლი მაინც ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა ითამაშა: ბულგარეთთან სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ, გულახდილად ვაღიაროთ, ყველანი ღრმად ვიყავით დარწმუნებული, ბელგიას გავანადგურებდით. ბიჭებიც ზედმეტად თვითდაჯერებულნი გამოვიდნენ მოედანზე.
სამწუხაროდ, მეც მქონია ასეთი შემთხვევები და მერე მინანია. ისე, იღბალიც გინდა ადამიანს: ბელგიელებს იმ დღეს ყველაფერი გამოსდიოდათ, ჩვენი კალათბურთელების ნატყორცნი ბურთი კი კალათიდან უკან ვარდებოდა. იღბალია, აბა, რა! პოლონელებთან შინ და პოოტუგალიელებთან სტუმრადაც ხომ დაივატკიცეთ, ყველა გუნდთან უშიშრად გამკლავება შეგვიძლია.

_ პირენეელებთან დაპირისპირებისას ერთმა ძველია სენმა ისევ იჩინა თავი _ 41-დან მხოლოდ 25 საჯარიმო ჩავაგდეთ..
_ აქაც წინა პლანზე ფსიქოლოგიური მომენტი წამოიწევა ხოლმე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ვარჯიშებისას მიჯრით 100-150 საჯარიმოს ჩააგდებს. ასე ვთქვათ, ცივი გონებით მოთამაშედ მიმიჩნევდნენ, მაგრამ შვიდმეტრიანი ტყორცნები მეც გამიფუჭებია _ დიდი პასუხისმგებლობა თრგუნავს ადამიანს, ამიტომ ნერვებთან ერთად დიდი ოსტატობაც გჭირდება. ჩვენი კალათბურთელები ჯერ ახალგაზრდები არიან, გამოცდილებასთან ერთად ტყორცნების სიზუსტეც გაიზრდება. ისე, პორტუგალიასთან მაინცდამაინც დიდი სანერვიულო არ ჰქონდათ და ამდენი შეცდომა არ უნდა დაეშვათ.

_ ვიცი, მოედანზე სიცოცხლეს უმწარებდით ტკაჩენკოს. თქვენ თუ გაჯარიმებდნენ ხშირად მსაჯები?
_ ყოველთვის ტანმაღალ კალათბურთელებთან მიხდებოდა დაპირისპირება. ისინი კი, მოგეხსენებათ, მეტწილად მოუქნელები იყვნენ და სისხარტით ვჯაბნიდი მათ. აი, არვიდას საბონისთან ორთაბრძოლა კი მიჭირდა. ბალტიისპირელ კალათბურთელს ღმერთმა უხვად უბოძა სიმაღლეც, მოქნილობაც და ჭკუაც. რაც შეეხება ტკაჩენკოს, გარეგნობის შესაბამისად, სულ დაბღვერილი გამოიყურებოდა, მაგრამ სხვებივით ძალად უხეშობას ერიდებოდა. შეცდომები თუ მოსდიოდა, მხოლოდ მოუქნელობით. ჩემთან პაექრობისას ხშირად იღებდა 5 ჯარიმას და ნაადრევად ტოვებდა მოედანს. ერთხელ თბილისში საკავშირო ჩემპიონატის მატჩისას ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა მოიხერხა: მთელი პაექრობის განმავლობაში ვერაფერი გავაწყვე მასთან _ დაცვაშიც მაჯობა და თავდასხმაში. ერთ-ერთი იერიშის მოგერიებისას სიმწრისგან ვუჩქმიტე. ძალიან გაბრაზდა და ხელი მკრა. მსაჯებმა ორივეს დაგვატოვებინა მოედანი. ლიდერის გარეშე დარჩენილი `სტროიტელის~ ძლევა `დინამოს~ არ გასჭირვებია...

უკრაინელ კალათბურთელებს სხვა დროსაც არაერთხელ უწვნევიათ მარცხის სიმწარე. აი, რას წერდა 1977 წლის 30 იანვარს გაზეთი `ლელო~: `დერიუგინის მოედანზე მყოფნა ფსიქოლოგიურად ბოჭავდა გუნდს და ფიზიკურადაც... მე-8 წუთზე ტკაჩენკომ ოთხი ჯარიმა ისე მიიღო, რომ ქულაც არ ჰქონდა აქტივში. მწვრთნელებმა, ცხადია, იგი ბელოსტენნით შეცვალეს. მერ უკვე ბელოსტენნიც დაადგა თავის ამხანაგის გზას. ამ ფსიქოლოგიური ფენომენის ტყვეობას ვერაფრით დააღწია თავი ლუშჩენკომაც... სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა `სტროიტელის~ მთავარი ძალა ყოვლადშეუწყნარებელი შედეგით~ (ტკაჩენკო _ 0, ბელოსტენნი _ 10, ლუშჩენკო _ 12). ის მატჩი `დინამომ~ 77:76 მოიგო.

ნიკოლოზ დერიუგინმა კალათბურთის თამაში 7 წლისამ დაიწყო. 1973 წელს საქართველოს მოსწავლეთა პირველობაზე ქუთაისელთა შემადგენლობაში ოქროს მედალი მოიპოვა. თბილისელმა მწვრთნელებმა რიონისპირელი ჭაბუკი მალე დაედაქალაქში გადმოიყვანეს. მე-10 კლასში იყო, ლევან მოსეშვილმა `დინამოს~ დუბლებში რომ მიიწვია. 1975 წელს ჭაბუკთა საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, მომდევნო წელს მსგავს წარმატებას ახალგაზრდებში მიაღწია. თბილისის `დინამოს~ მაისურა პირველად 1977 წლის იანვარში მოირგო _ 18 წლის ყმაწვილმა სვერდლოვსკის `ურალმაშთან~ ორთაბრძოლისას 18 ქულა მოუტანა გუნდს. მთავარი გამოცდა მაინც მოსკოვში ჩააბარა არმიის ცენტრალური სასპორტო კლუბის გუნდთან დაპირისპირებისას. მიხეილ ქორქიას, გივი ბიჭიაშვილის, ლევან ჩხიკვაძის, იური პულავსკის, იური ძიძიგურის, ნოდარ ქორქიას, თამაზ ჩიხლაძისა და ლევან გულდედავას გვერდით დებიუტანტი თავს თავისუფლად გრძნობდა მოედანზე. მართალია, თბილისელებმა ის მატჩი 100:110 დათმეს, მაგრამ დერიუგინმა იყოჩაღა. ამ ორთაბრძოლის შესახებ მეორე დღეს `სოვეტსკი სპორტი~ წერდა, რომ დინამოელთა 18 წლის ცენტრალურმა თავდამსხმელმა დერიუგინმა თავის გუნდის 57 ქულა შესძინა. ასეთი რამ საკავშირო ჩემპიონატებზე ჯერჯერობით არც ერთ კალათბურთელს არ გაუკეთებია. რეკორდსმენთან ორთაბრძოლისას მიშკინმა 22-ე წუთზე მე-4 პერსონალური ჯარიმა მიიღო, 36-ე წუთზე 5 საჯარიმოთი მოედანი დატოვა სერგეი კოვალენკომ. ვერც მესამე მეურვემ _ ლოპატოვმა გააწყო მასთან ვერაფერი.

ცსკა-სთან პაექრობის შემდეგ `დინამო~ სტუმრად კიდევ ორი მატჩი გამართა _ რიგის არმიელებთან და ლენიგრადის `სპარტაკთან~. ნიკოლოზ დერიუგინმა გუნდს, შესაბამისად, 31 და 34 ქულა შესძინა...

_ სპორტულ კარიერაში ყველაზე მეტად რომელმა წარმატებამ გაგახარათ?
_ ცხადია, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვებამ. კოლუმბიაში მაშინ ჩემთან ერთად გამოდიოდნენ ტკაჩენკო, ბელოსტენნი, საბონისი, მიშკინი, ლოპატოვი, ტარაკანოვი, იოვაშა, ერიომინი, ვალტერსი, ენდენი და ხომიჩუსი. ექვსი ორთაბრძოლის მოგების შემდეგგ ქვეჯგუფში ბოლო მატჩი ამერიკელებთან დავთმეთ, თუმცა ფინალში მაინც გავედით და იქ ისევ ოკეანისგაღმელებს დავუპირისპირდით. 28 აგვისტოს მეტოქეს 95:94 ვძლიეთ და ოქროს მედლები დავიმსახურეთ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ყველაზე გადამწყვეტ მომენტში გუნდს 7 ქულა შევძინე და ჩემპიონობის მოპოვებაში ჩემი წვლილი შევიტანე.

_ გული რამ დაგწყვიტათ?
_ 1980 წლის ოლიმპიადაზე პირველი ადგილის დაკარგვამ. არადა, ძლიერი გუნდი გვყავდა. ამერიკელებმა მოსკოვს ბოიკოტი რომ გამოუცხადეს, შეჯიბრების დაწყებამდე თავი გამარჯვებულად ჩავთვალეთ. დავისაჯეთ კიდეც: ორი მატჩი დავთმეთ იუგოსლავებთან და იტალიელებთან და მესამე ადგილს დავჯერდით. 1983 წელს ევროპის ჩემპიონატზეც `ბრინჯაო~ შეგვხვდა. სამი წლის შემდეგ მძიმე ტრავმა მივიღე და იძულებული შევიქენი, აქტიურ სპორტს ჩამოვშორებოდი.

_ ახლა რას საქმიანოთ?
_ ისევ ჩემს პროფესიას ვემსახურები _ მოზარდ კალათბურთელებს ვავარჯიშებ.

_ ნაცნობებმა მითხრეს, ამას წინათ დაუჯარიმებიხართ...
_ ჰო, იყო ასეთი შემთხვევა _ გზაზე მოძრაობის წესები დავარღვიე და პატრულმა გამაჩერა. ოქმს რომ ავსებდა, ერთ-ერთი უცებ შემომაჩერდა _ შენ კალათბურთელი ხომ არა ხარო, მკითხა. თავი დავუქნიე. ეს რომ მცოდნოდა, ამ ფურცელის შევსებას არ დავიწყებდი, რადგან ბაბუაჩემი შენი ფანი იყოო. აწი არაფერი ეშველება, მაგრამ იაფად გამოგიყვანო, მითხრა და ათლარიანი ჯარიმა გამომიწერა.

_ ბატონო ნიკოლოზ, ბულგარელებთან კვირის მატჩზე რას ფიქრობთ?
_ ბულგარელებს ყოველთვის ჰყავდათ ძლიერი გუნდები. ხშირად მითამაშია მათ წინააღმდეგ, განსაკუთრებით ოლიმპიადისა და მსოფლის ჩემპიონატის მატჩები მახსენდება. ამჟამინდელი თაობაც გამოირჩევა. ხომ ნახეთ, ჯგუფის ლიდერს მოუგეს შინ. ფრთხილად უნდა ვიყოთ. ნუ გაგვათამამებს სტუმრად მოპოვებულ წარმატება. ზედმეტად თავდაჯერებული ნუ გავალთ მოედანზე, როგორც ბელგიასთან. ვითამაშოთ ჩვენებური, ქართული კალათბურთი, პირველი წუთებიდანვე შემართებით, როგორც შინ პოლონეთთან და, მჯერა, ხვალაც გავიმარჯვებთ.

ყოველდღიური სპპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 5 /
გაიხარე კოლია. ვაჰ ნეტავ იმ დროს გარდა ჩამოთვლილებისა გრიშაევსაც რომ მაგრად ამწარებდი. შენ ჩვენთვის ქართველებისათვის საბონისზე, ჯორდანზე,ონილზე და ყველაზე მეტი ხარ. გვიმრავლოს ღმერთმა შენნაირი ვაჟკაცები. მარიამობას გილოცავ შენ და სრულიად ყველა მარLმადიდებელს.
0
საგოლ კოლია კაი კაცი ხარ და გვახსოვხარ
0

სიახლეები პოპულარული