ღირსეულად!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა პოლონეთთან მოგებით A დივიზიონში ომახიანად შეაბიჯა, გუშინ კი ბულგარეთის ნაკრები ლამაზი თამაშით დაამარცხა და შესარჩევი ციკლი ეფექტურად დახურა. ურთიერთშეხვედრებში ერთსაც ვაჯობეთ და მეორესაც. პოლონეთიცა და ბულგარეთიც შარშან ევრობასკეტზე ასპარეზობდნენ... ასე რომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ - საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე მოხვედრას იმსახურებდა. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებდა კიდეც უამრავი არასახარბიელო დამთხვევა რომ არა. შეიძლება, ვინმე შემოგვედავოს: თუ იმსახურებდა რატომ არ გავიდაო. რამდენიმე დეტალს ჩამოგითვლით და დასკვნა თავად გამოიტანეთ: ბელგიას ჩვენთან მატჩების წინ მოუწია დასვენება და სწორედ ამის გამო გვაჯობა ორივე
შემთხვევაში (თავადაც ნახეთ ბულგარეთსა და პოლონეთში რა ბედი ეწია). იტალიას ისრაელისთვის ერთით მეტი ორქულიანი რომ ჩაედგო (შინ, ან გარეთ), მეორეზე აპენინელები გავიდოდნენ და უარესი მეორეადგილოსანი სწორედ იტალია იქნებოდა. ბრიტანეთმა შინ ბოლო წამებზე მოიგო ბოსნიასა და უნგრეთთან, არადა სტუმრებს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდათ. ალბიონელებს ერთ-ერთი მატჩი მაინც რომ დაეთმოთ...

მოკლედ, მოვლენათა თანხვედრამ ჩ ჯგუფის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი საქართველო, წლეულს ევრობასკეტზე არ გაუშვა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია _ პირველი ტაიმი. მეორე ნახევარი 2011 წელს გველის - დამატებითი საკვალიფიკაციო ტურნირი სწორედ გაისად აგვისტოში გაიმართება და 2011-ის სექტემბერში ლიტვაში გასამართი ევრობასკეტის ერთი საგზური გათამაშდება. ბულგარეთის ნაკრებთან მატჩის პირველი ტაიმი 7 ქულის სხვაობით წავაგეთ, თუმცა ჩვენი კალათბურთელების შემყურეს მჯეროდა, რომ მეორე ტაიმში თამაშს შემოატრიალებდნენ. თითქმის ასეთივე განცდა უნდა ჰქონდეს ქართველ გულშემატკივარს მომავალი წლის მეორე ტაიმთან დაკავშირებით - იმ ნანატრი ერთი საგზურის მოპოვება საქართველოს ნაკრებს ნამდვილად ხელეწიფება. იტალიის ნაკრებთან ერთად A დივიზიონის გამორჩეული გუნიდია. სხვათა შორის, იტალიასა და საქართველოს ქულათა თანაბარი რაოდენობა მოუგროვდათ - 13 (5 მოგება, 3 წაგება). რამდენი რამ გვასწავლა და დაგვანახა ამ შესარჩევმა ტურნირმა, ამაზე ცალკე სტატიაში უახლოეს დღეებში ვილაპარაკებთ, ახლა კი ბულგარეთთან მატჩს მივხედოთ, რომელიც ისეთივე ლამაზი სანახავი გამოდგა, როგორიც პოლონეთთან თბილისური და სოფიური დაპირისპირება.

ნამატჩევს ბულგარეთის თავკაცმა, როსენ ბარჩოვსკიმ თქვა - გახსნილი თამაში იყო, ამიტომაც ჩავარდა უამრავი ქულაო. იგორ კოკოშკოვმა რისკი ახსენა. ჩვენი მწვრთნელიც სწორედ ღია თამაშს გულისხმობდა. საკითხავია, რას ნიშნავს სიტყვები "ღია", "გახსნილი"? პასუხი ერთ სიტყვაში არ ეტევა: ბულგარეთსაც და საქართველოსაც ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად დიდი სხვაობით მოგება სჭირდებოდათ. სწორედ ამიტომ, ორივე გუნდმა შეტევების წარმოებაზე გამოყოფილი 24 წამი გაანახევრა და ცდილობდა, რაც შეიძლება მალე დაესრულებინა თითოეული იერიში. პირველ ტაიმში შეტევის პირველივე ფაზაში დასრულება ორივე გუნდს მეტ-ნაკლებად კარგად გამოსდიოდა (თუმცა იყო ჩავარდნებიც).

თუ მატჩის დასაწყისში ბულგარელებს ქართველთა დაცვითი ზღუდის დაძლევა გაუჭირდათ, მეორე პერიოდში მათ ერთბაშად 8 სამქულიანი ჩააგდეს. დიახ, 8 შორეული ტყორცნა გამოიყენეს (14-დან), რაც არათუ ერთი ათწუთეულისთვის, ტაიმისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. მეორე პერიოდში 29-დან 24 ქულა სტუმრებმა შორეული ტყორცნებით მოაგროვეს. მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ჩავდარ კოსტოვის შესაჩერებლად ანატოლი ბოისა შეუშვა. ამ ნაბიჯმა აშკარად გაამართლა.

არც საქართველოს ნაკრები იყო პასიურად, უპირატესობის მოპოვებას ფარქვეშიდან ცდილობდა და ბულგარელებს ისღა რჩებოდათ, ფარქვეშ შესული მასპინძლები წესების დარღვევით შეეჩერებინათ. მეორე მეოთხედის ბოლოს სამქულიანებმა (ბულგარელებმა) საჯარიმოებს (ქართველებს) მაინც აჯობეს და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

ბელგიასთან თბილისური მატჩისასაც პირველი ტაიმი 7 ქულის სხვაობით წავაგეთ, თუმცა მაშინ, რატომღაც არ ჩანდა გზა, რითაც ბელგიელების ძლევა შეიძლებოდა. გუშინ პირიქით, დარწმუნებული ვიყავი, რომ მეორე ტაიმში ქართველები თამაშს შემოაბრუნებდნენ... თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენები აშკარად კარგ განწყობაზე იყვნენ და თამაშიც გამოსდიოდათ. კიდევ იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ერთმა გუნდმა თითო პერიოდში 8-8 სამქულიანი ჩააგდოს. ბულგარელებს კი ქართველებთან უპირატესობის მოსაპოვებლად შორეული ტყორცნის გარდა სხვა გზა არ რჩებოდათ (ფარქვეშ რომ ვჯობნიდით, ძმები ივანოვები იძულებულნი იყვნენ პერიმეტრზე გასულიყვნენ).

მეორე ტაიმში მოედანზე სასტარტო ხუთეული დაბრუნდა: ცინცაძე, გრინი, სანიკიძე, ცქიტიშვილი, ფაჩულია. ცინცაძემ პასები არიგა, ცქიტიშვილმა, სანიკიძემ და ფაჩულიამ ორქულიანებით მეტოქეს სისხლი გაუშრეს, ხოლო გრინმა თანაგუნდელებს სამქულიანი შეაშველა. ეს უკვე ის საქართველოს ნაკრები იყო, რომლის შეჩერება ნებისმიერ მეტოქეს გაუჭირდებოდა. რაც მთავარია, ქართველები დაცვაში შესანიშნავად თამაშობდნენ და დაბნეული ბულგარელები გააზრებულ კომბინაციებს თავს ვერ აბამდნენ.

ასეთ დროს იგორ კოკოშკოვმა თამამი შეცვლები განახორციელა - მოედანზე მარკოიშვილი, შენგელია, შერმადინი და გამყრელიძე შეიყვანა. მათ ქართველთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და...

მეოთხე პერიოდზეც იგივეს თქვა შეიძლება, რაც მესამეზე - ქართველები სწრაფად და ლაღად თამაშობდნენ, როგორც შეტევაში ასევე დაცვაში, იერიშებისას ქულას-ქულას აწებებდნენ, ხოლო ბულგარელებს სროლის უფლებას აძლევდნენ. თუ მეტოქე მაინც გაბედავდა ტყორცნას, დაფარება არ აყოვნებდა. 23-ე წუთზე დაწინაურების შემდეგ ქართველთა გამარჯვება ეჭვქვეშ აღარ დამდგარა.

ორთვიანი მუშაობის ბოლო აკორდი ეფექტური გამოდგა. დარბაზში შეკრებილ 9 ათას გულშემატკივარს საშუალება მიეცა თითოეული ქართველი კალათბურთელის ინდივიდულური მოქმედებით დამტკბარიყო (სხვათა შორის, სწორედ სწრაფ თამაშში კარგად ვლინდება მოთამაშეთა ინდივიდუალური უპირატესობები).

ვიქტორ სანიკიძემ პირველ ტაიმში ბევრი იმუშავა, მეორეში კი იფრინა - მეორე 20 წუთში მან 9 მოხსნა და 18 ქულა მოაგროვა, ვიკას (ტრიბუნებმაც ერთხმად შემოსძახეს სანიკიძის სახელი) საერთო მონაგარი კი 27 ქულა და 11 მოხსნა იყო. სირენამდე 2:01 წუთით ადრე მანუჩარ მარკოიშვილის ნატყორცნს ვიქტორ სანიკიძე ჰაერში დაეუფლა და ეფექტურად ჩატენა. ამ ეპიზოდში ვიქტორზე დეიან ივანოვი დაჯარიმდა (მეხუთე), რაც მსაჯებმა არასპორტულ დარღვევად მიიჩნიეს და ვიქტორმა კიდევ ორი საჯარიმო ჩააგდო - 91:77.

სირენამდე 8 წუთით ადრე მარკოიშვილმა მეტოქეს ბურთი ლამაზად ჩაუჭრა და სამქულიანით სხვაობა 12 ქულამდე გაზარდა. სწორედ ამ ეპიზოდის შემდეგ დავმშვიდდი - ქართველები გამარჯვებას აღარ გაუშვებდნენ. მანუს საბოლოოდ 14 ქულა და 5 პასი მოუგროვდა. მან სამქულიანები მაღალი შედეგიანობით ისროლა _ 3-დან 2 ჩააგდო. სანიკიძეს კი ერთი ისეთი პასი მისცა...

პირველ ტაიმში ბულგარეთმა მოხსნებში საგრძნობლად გვაჯობა: 27:18. ზაზა რომ არა, სხვაობა გაცილებით დიდი იქნებოდა - ფაჩულიამ საწყის 20 წუთში 9-ჯერ მოხსნა. მესამე პერიოდში, როცა საქართველოს ნაკრების გაქცევას ერლ კალუეიმ სამქულიანით უპასუხა, ზაზამ ორი ორქულიანი მიაყოლა და ბულგარელებს დაანახვა, რომ მხოლოდ სამქულიანებით თამაშს არ იგებენ. ფაჩულიამ საბოლოოდ ორმაგი დუბლი შეასრულა - 14 ქულა, 12 მოხსნა.

ზაზას შემცვლელმა გიორგი შერმადინმა 12 წუთში სამიდან სამი ორქულიანი გამოიყენა. აღსანიშნავი იყო ეპიზოდი, როცა ივანოვს ერთი შეტევისას ორჯერ დაუფარა...

ანგარიში გიორგი ცინცაძემ გახსნა. მან ზაზასგან პასი ფარქვეშ მიიღო და დაგვანახა, რომ ბულგარეთის ნაკრებს დაცვაში საქმე არც ისე კარგად ჰქონდა.

ქართველებს ბოლო 94-ე ქულა ლაშა გამყრელიძემ წრაფი გარღვევით მოუტანა. იგი დაცვაშიც და შეტევაშიც იმდენად სასარგებლო იყო, რომ მესამე პერიოდის შემდეგ მწვრთნელს აღარ შეუცვლია.

ნიკა ცქიტიშვილს მესამე პერიოდის დასაწყისში ქართველთა გაქცევაში ლომის წვლილი მიუძღვის. 9:1 სპურტისას 5 ქულა მის ანგარიშზე იყო. 15 წუთში 8 ქულა, 5 მოხსნა და თითო პასი-დაფარება...

ნიკას შემცვლელმა თორნიკე შენგელიამ მოედანზე შესვლისთანავე ახალი ენერგია შეიტანა: ერთმანეთის მიყოლებით 5 ქულა ჩააგდო და - 18:16.

ეფექტურ თამაშზე როცა ვლაპარაკობთ, ტორინ გრინი არ უნდა გამოგვრჩეს, რომელიც თევზივით მიძვრებოდა მეტოქის ფარქვეშ. იგი სხვა მატჩებისგან განსხვავებით, მეტისმეტი აკურატულობით გამოირჩა: 3-3 ორი და სამქულიანიდან 2-2 გამოიყენა.



ბელგია-პოლონეთი 70:67
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბელგია 8 6 2 604/580 14
2. საქართველო 8 5 3 599/568 13
3. ბულგარეთი 8 4 4 638/600 12
4. პოლონეთი 8 4 4 607/579 12
5. პორტუგალია 8 1 7 518/639 9


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული