ევროპამდე ცოტა დაგვაკლდა

AutoSharing Option
ნამატჩევს ბელგია-პოლონეთის შეხვედრის მიმოხილვაში ასეთი რამ დაიწერა: ბელგიელებმა პოლონელებს მოუგეს და ევროპის ჩემპიონატზე ქართველები გაიყოლესო. წარმოიდგინეთ, ამის წაკითხვისას რა ემოციები გაჩნდებოდა, თუმცა მალევე შეასწორეს - საქართველომ და ბულგარეთმა დამატებითი საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვესო.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე ჯერ ბულგარელთა თავკაცი როსენ ბარჩოვსკი წარდგა:

- ვულოცავ ქართველებს. მათ დაცვაშიც კარგად ითამაშეს და გახსნილ თამაშშიც ყველაფერი გამოუვიდათ. ზოგადად, ორივე გუნდისთვის რთული შეხვედრა იყო, რადგან წინასწარ ვიცოდით, რომ ევრობასკეტზე მოსახვედრად დიდი სხვაობით მოგება გვჭირდებოდა. ამანაც იქონია გავლენა მატჩის სცენარზე.

იგორ კოკოშკოვი კმაყოფილი ჩანდა:

- ივლისის შემდეგ ერთად ვართ. ერთბაშად ამდენი მატჩის მაღალ დონეზე ჩატარება რთული იყო. საერთო ჯამში ჩემი გუნდის გარჯით კმაყოფილი ვარ. ისინი ზედა ლიგაში დებიუტანტები იყვნენ და საზოგადოებას დაანახეს, რომ ბევრი შეუძლიათ. ბულგარეთთან შეხვედრაში მათ მებრძოლი ხასიათი გვიჩვენეს, ენერგიულად ითამაშეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ბიჭების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

- ვიცოდით, რომ დაძაბული ბრძოლა იქნებოდა. ბულგარეთი სერიოზული გუნდია. შედარებით დასვენებულები ვიყავით, თავისუფლადაც ვთამაშობდით და მეორე ტაიმში გარდატეხაც შევიტანეთ, - განაცხადა ლაშა გამყრელიძემ.

ზაზა ფაჩულიამ ყურადღება გამოცდილებაზე გაამახვილა:

- დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ. თუმცა, საერთო სიტუაციით კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან ევროპამდე ცოტა დაგვაკლდა. წლეულს კალათბურთელებმა დიდი გამოცდილება მივიღეთ. ასეთი დონის გუნდებთან პირველად ვითამაშეთ. გამოცდილება შეიძინეს ჟურნალისტებმა და ქომაგებმაც. გულდასაწყვეტია, რომ დარბაზი ისევე არ გაივსო, როგორც ბელგიასთან მატჩისას. იყო ზოგიერთი პუბლიკაცია, რამაც ჩვენზე დადებითად ნამდვილად არ იმოქმედა, თუმცა, როგორც ჩვენ თამაში, თქვენ ასეთი დონის მატჩების გაშუქება პირველად გიწევდათ. იმედია, მომავალი სეზონისთვის წლევანდელ გამოცდილებას ყველა გავითვალისწინებთ და ყველაფერი გაცილებით უკეთესად გამოვა. ახლა ადგილს ვიქტორს დავუთმობ, მან დღეს შესანიშნავად ითამაშა.

ბოლოს პრესკონფერენციაზე ვიქტორ სანიკიძემ ილაპარაკა:

- დავამტკიცეთ, რომ A დივიზიონის ღირსები ვართ. დასანანია, ევრობასკეტზე მოსახვედრად ცოტა დაგვაკლდა, მაგრამ საგზურის მოპოვების შანსი კიდევ გვაქვს. გაისად ყველაფერს ვიღონებთ, რომ ერთი ლიცენზია ჩვენ დაგვრჩეს. ბულგარეთი თავისივე სტრატეგიის მსხვერპლი გახდა: დიდი სხვაობით მოგებაზე ითამაშა. სწორი იქნებოდა, ჯერ მოგებაზე ეფიქრა და ამის მერე ეზრუნა დიდი უპირატესობით გამარჯვებაზე.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული