შერმადინი და მარკოიშვილი სანიკიძეს შეებნენ

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ში ქართველი "მამელუქების" ბრძოლა შედგა. ერთ მხარეს ვიქტორ სანიკიძე გახლდათ ("ვირტუსი", ბოლონია), მეორე მხარეს - მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი ("კანტუ", მილანი). მომხდური ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსი" იყო, რომელსაც წინა ტურში მოქმედი ჩემპიონი "მონტეპასკი" ჰყავდა დამარცხებული.

ბრძოლა საინტერესო სანახავი გამოდგა, ქართველებს უშუალოდ ერთმანეთის წინააღმდეგ უხდებოდათ თამაში, რასაც ფოტოებიც ადასტურებს. ამიტომ, მატჩიც სურათების დახმარებით მიმოვიხილოთ.

Sportall.Ge
ვიქტორ სანიკიძემ (25 წლის) და გიორგი შერმადინმა ჩატენვების ფეიერვერკი მოაწყვეს, თუმცა მატჩის ყველაზე ეფექტური მომენტი მანუჩარ მარკოიშვილს (25 წლის) ეკუთვნის: პირველ მეოთხედში ბურთი საჯარიმოს გარეთ
მოიხელთა, ვიწრო დერეფანი დაიგულა და ეფექტური სლალომი ჩატენვით დააგვირგვინა.

მარკოიშვილის თამაში გაზეთ "დეილი ბასკეტის" ჟურნალისტებმა 6 ბალით შეაფასეს და განმარტეს: ასეთი ჩატენვის ავტორი შეიძლება მეტსაც იმსახურებდა, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 6 წუთი გაატარაო (2 ქულა, 1 მოხსნა, 1 დაფარება, 1 პასი).

პირველი პერიოდი "ვირტუსის" უპირატესობით წარიმართა, სანიკიძის სამქულიანის შედეგად ბოლონიელები 12:2 დაწინაურდნენ. მეოთხედის ბოლოს მანუჩარის ჩატენვას სხვაობის 8 ქულამდე შემცირება მოჰყვა - 11:19. ასეთი ანგარიშით დასრულდა საწყისი პერიოდი.

Sportall.Ge
მეორე მეოთხედის სტარტზე სანიკიძემ სხვაობა კვლავ ორნიშნა რიცხვით გამოსახა (21:11), თუმცა დიდ შესვენებაზე ათქულიანი უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. ბოლო წამებზე მაარტენ ლეუნენმა სამქულიანით მასპინძელთა ჩამორჩენა სამამდე დაიყვანა - 33:36.

სწორედ ლეუნენი (ბრუნერთან ერთად) ეთამაშებოდა ვიქტორს. საბოლოოდ მატჩის ბომბარდირი სწორედ ფინური წარმოშობის ამერიკელი ლეუნენი გახდა - 17 ქულა. სანიკიძე ამჯერად ორმაგ დუბლს ვერ შესწვდა: 32 წუთი, 8 ქულა (3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი), 8 მოხსნა, 1 პასი.

"დეილი ბასკეტმა" ვიქტორს ექვსი ბალი არგუნა: "სანიკიძე წინა ტურში "მონტეპასკისთან" გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა - 19 მოხსნა მოაგროვა, "კანტუსთან" კი სათამაშო სივრცე მაქსიმალურად შეეზღუდა, რაც ბრუნერისა და შერმადინის შესანიშნავი თამაშის შედეგია."

გემახსოვრებათ, რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა დევიდ ბლატმა რომ თქვა - ვიცოდი, სანიკიძისა და ფაჩულიას შეჩერებით თამაშს მოვიგებდიო. "კანტუს" მწვრთნელ ანდრეა ტრინჩიერისაც მოეხსენებოდა, რომ "ვირტუსის" გამარჯვება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სანიკიძეზე. ამიტომ მთელი ყურადღება ქართველისკენ მიმართა:

- მესამე პერიოდი განსაკუთრებულად ჩავატარეთ. პირველ რიგში ეს მეტოქის სნაიპერების შეჩერებას ეხება - ჯილისა და სანიკიძეს არაერთი მეტოქე გაუმწარებიათ, მათ შორის "მონტეპასკი". ამიტომ, მათ მეურვეობას დიდი ყურადღება დავუთმეთ და შედეგიც მივიღეთ, - განაცხადა ტრინჩიერიმ.

Sportall.Ge
"კანტუს" მწვრთნელმა ეფექტურად ჩატარებულ მესამე პერიოდზე ილაპარაკა. მასპინძლებს თამაშის შემობრუნებაში ძალიან დაეხმარა გიორგი შერმადინი, რომელმაც მესამე პერიოდის საწყის 7 წუთში 8 ქულა ჩააგდო და "კანტუ" 55:46 დააწინაურა. ამ გაქცევის შემდეგ "ვირტუსს" თუნდაც ანგარიშის გათანაბრების შანსი არ მისცემია.

სარგებლიანობის მიხედვით შერმადინი (22 წლის) მხოლოდ ლეუნენს ჩამორჩა. ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტი 18 იყო. იგი "კანტუს" ვიცე-ბომბარდირიც გახდა - 14 ქულა მოაგროვა. რაც ყველაზე საინტერესოა, თამაშიდან ბურთი არ აუცილებია - 4-დან 4 ორქულიანი (სამჯერ ჩატენა) ჩააგდო. ორმაგ დუბლამდე გიორგის 3 მოხსნა დააკლდა. 24 წუთში 14 ქულასა და 7 მოხსნას 1 პასი მიამატა.

"დეილი ბასკეტის" ათბალიანი სისტემით შერმადინს 6.5 ქულა ერგო: "216 სმ სიმაღლის ქართველი კალათბურთელი მსუბუქად მოძრაობდა. მყარად იდგა ფარქვეშ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში."

Sportall.Ge
36-ე წუთისთვის "ვირტუსმა" ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა (68:70), თუმცა ზედიზედ ორი საპასუხო შეტევა მაარტენ ლეუნენმა ზუსტი ტყორცნებით დაასრულა და - 75:68. მატჩის ბედიც აქ გადაწყდა, დამხდურებმა 78:72 იმარჯვეს.

ამ მოგებით "კანტუ" სატურნირო ცხრილში "ვირტუსს" გაუთანაბრდა. ორივეს 10-10 მოგება და 6-6 წაგება აქვს და ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ. მომდევნო ტურში, 21 იანვარს "კანტუ" "კრემონას" მიიღებს, ხოლო "ვირტუსი" "რომას" ესტუმრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული