ბელგიასთან გადაღლილები ვიყავით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ევროშესარჩევში გამოსვლის შეფასება გამთამაშებელ ლაშა გამყრელიძეს ვთხოვეთ. მასთან საუბრისას შევეხეთ საკლუბო საკითხსაც - მოგეხსენებათ, გასული სეზონის შემდეგ ლაშას გერმანულ "მიტელდოიჩერთან" კონტრაქტი ამოეწურა.

- "დოიჩერში" აღარ დავბრუნდები. ამის თქმა გადაჭრით შემიძლია, თუმცა კარიერას სად გავაგრძელებ, ჯერ არ ვიცი. ვფიქრობ, ამას მალე გავარკვევ.

- რადგან საკლუბო თემაზე სალაპარაკო ბევრი არაა, სანაკრებოზე გადავიდეთ. ბულგარეთთან მატჩს როგორ შეაფასებ?
- ვიცოდით, რომ დაძაბული ბრძოლა იქნებოდა. ბულგარეთი სერიოზული გუნდია. შედარებით დასვენებულები ვიყავით, თავისუფლადაც ვთამაშობდით და მეორე ტაიმში გარდატეხაც შევიტანეთ.

- ერთი ტურით ადრე პორტუგალიაში
დიდი სხვაობით მოიგეთ...
- სხვაობა დიდი იყო, მაგრამ რთული თამაში გამოდგა - პორტუგალიელები ორგანიზებულად იცავდნენ თავს. თუმცა, ისევე, როგორც ბულგარეთთან, პორტუგალიაშიც თავისუფლად ვთამაშობდით, ფაქტობრივად, ყველაფერი გამოგვდიოდა. განსაკუთრებით კარგად პირველ პერიოდში გავისარჯეთ. საბოლოოდ გამარჯვება ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია.

- თქვი, თავისუფლად ვთამაშობდითო, ბელგიასთან თბილისური მატჩისას...
- პორტუგალიასთან თამაშს დასვენებულები შევხვდით. ბელგიასთან მატჩამდე კი ერთმანეთის მიყოლებით დავუპირისპირდით პორტუგალიას, ბულგარეთსა და პოლონეთს. ბულგარეთში შესანიშნავად გავისარჯეთ და 2 ქულა მოვიპოვეთ. პოლონეთში დაცვაში ურიგოდ არ გვითამაშია, თუმცა ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც გვსურდა. პოლონეთთან მატჩს ზაზა ფაჩულიას ტრავმაც დაემთხვა... ასეთი რთული ბრძოლების შემდეგ საქართველოში ბელგიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩამოვედით. დაღლილები ვიყავით. მეტოქეს კი ხუთდღიანი დასვენება ჰქონდა და ენერგიის აღდგენაც მოასწრო. ჩემი აზრით, დაღლილობის ფაქტორმა ბელგიასთან ჩვენს გამოსვლაზე დიდი გავლენა მოახდინა.

- პორტუგალიაში ჩარტერით წახვედით...
- მშვიდად ჩავედით და მშვიდად ჩამოვედით. არც აეროპორტებში მოგვიხდა დიდხანს ლოდინი. შესაბამისად, ბულგარეთთან მატჩს ნორმალურ კონდიციებში შევხვდით.

- გუნდის შესარჩევში გამოსვლას როგორ შეაფასებ?
- ტურნირის დაწყებამდე ზოგიერთს ეგონა, ერთი-ორი თამაშის მეტს ვერ მოვიგებდით. საბოლოოდ მეორე ადგილზე გავედით, რაც კარგი შედეგია. ნაკრებმა დაამტკიცა, რომ A დივიზიონში თამაშსაც მშვენივრად ართმევს თავს. ევროპის ჩემპიონატზე წლეულსვე მოხვედრა მხოლოდ ბურთების შეფარდების გამო ვერ მოვახერხეთ. თუმცა ამის შანსი გაისად გვექნება. წლევანდელი თამაშები სამომავლოდ კარგ გაკვეთილად გამოგვადგება - დიდი გამოცდილება შევიძინეთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული