- იტალიაში როდის მიდიხარ?
- "კანტუს" ზეგ შევუერთდები. ნაკრების თამაშების შემდეგ ხუთდღიანი დასვენება გამომივა, მერე "კანტუსთან" ერთად განვაგრძობ მზადებას. გუნდი 24 აგვისტოს შეიკრიბა და აქამდე იმ კალათბურთელების გარეშე ვარჯიშობდა, რომლებიც სანაკრებო მატჩებს ვატარებდით.
- იანვარში, წილისყრისას თქვი, პირველივე სეზონში
- რამდენად ხმაურიანად შევაბიჯეთ A დივიზიონში, ეს ევროპელების განსასაზღვრია. ფაქტია, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ, არ დავნებებულვართ და, სამწუხაროდ, ევრობასკეტამდე ცოტა დაგვაკლდა.
- გუნდის გამოსვლით რამდენად კმაყოფილი ხარ?
- კმაყოფილი მაშინ ვიქნებოდი, საგზური რომ მოგვეპოვებინა. თუმცა არც უკმაყოფილების საბაბი გვაქვს: მეორე ადგილი დავიკავეთ. ეს კარგი შედეგია. ჩამოვიტოვეთ ჯგუფის ფავორიტები ბულგარეთი და პოლონეთი... ხალხს დავანახეთ, რომ გვაქვს პოტენციალი და 2011 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის გაისად ვიბრძოლებთ.
- 10 გუნდი ერთი საგზურისთვის ითამაშებს...
- საგზურის მოპოვება ძნელი იქნება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ერთი ლიცენზიისთვის სხვა გუნდებს შორის იტალიაც ითამაშებს, რომელიც 2009 წლის ევრობასკეტზეც ვერ მოხვდა.
- თუმცა საქართველოს ნაკრებმა საზოგადოებას დაანახა, რომ ძლიერი გუნდების ჩამოტოვებაც შეუძლია. თან, თუ 10 ნაკრები სამ ჯგუფად დაიყო, ჩვენს ჯგუფში A დივიზიონის ერთი აუტსაიდერი მოხვდება...
- საქართველოს ნაკრები გარკვეულ სიმაღლეზე ავიდა, ვიცით, რა შეგვიძლია, მაგრამ ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. არავინ იცის, მომავალ ზაფხულს იმავე აუტსაიდერებს - ფინეთსა და ლატვიას რა დონის გუნდები ეყოლებათ. მათ აუტსაიდერებად ნამდვილად არ მივიჩნევ. ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს ნაკრები დროულად შეიკრიბოს და ყველა ჯანმრთელად იყოს...
- გამოცდილება კლუბებში თამაშითაც საკმარისად გაქვთ, თუმცა ამ აგვისტომაც, ალბათ ბევრი მოგცათ...
- შეიძლება, გამოცდილება არ გაკლდეს, მაგრამ ყოველი მატჩიდან მაინც ბევრს სწავლობ. საქართველოს ნაკრებმა წლეულს 8 მატჩი ჩაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი გამოცდილება შევიძინეთ.
- სხვა გუნდებთან შედარებით, რა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ნაკრების პლუსად, რამაც ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება განაპირობა?
- კონკრეტულად ძნელი სათქმელია. არ ვიცი, სხვა გუნდებში ამ მხრივ რა სიტუაცია იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. 6 წლიწადია განმავლობაში ერთი შემადგენლობით ვთამაშობთ.
- რვიდან ყველაზე მეტად რომელი მატჩი დაგამახსოვრდა?
- პოლონეთის ნაკრებთან ყველამ კარგად ვითამაშეთ. ასეთი დონის გუნდის 19-ქულიანი სხვაობით დამარცხება სერიოზული განაცხადი იყო. პირველმა გამარჯვებამ ხალხის განწყობაზეც დადებითად იმოქმედა. ზოგს არც სჯეროდა ჩვენი... თუმცა პოლონეთთან თამაშის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და უკვე ევრობასკეტზე ალაპარაკდნენ.
- ასევე მნიშვნელოვანი იყო ბულგარეთთან სტუმრად მოგება...
- ნამდვილად ასე იყო. კალათბურთელები ყოველი მატჩის მოსაგებად ვიბრძვით, მნიშვნელობა არ აქვს, შინ ვთამაშობთ თუ სტუმრად. ბულგარეთის მისსავე მოედანზე დამარცხებამ ხალხს რწმენა შემატა.
- ისიც დავინახეთ, რომ გულშემატკივრობით ვერც ბულგარელები გვჯობიან და ვერც პოლონელები...
- ბულგარეთის არენა 2 ათას კაცს იტევს. დარბაზი ბოლომდე შეივსო, თუმცა ქომაგებს თამაშში ბოლომდე ჩართვა ჩვენ არ დავაცადეთ - შეხვედრა თავიდან ბოლომდე სტაბილურად ჩავატარეთ. პოლონეთში კი 10 ათასამდე ქომაგი მოვიდა, თუმცა იქ ტრიბუნები მოედნიდან საკმაოდ მოშორებული იყო და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პოლონელმა ქომაგებმა ჩვენზე რაიმე გავლენა მოახდინეს. ქართული ქომაგობა სულ სხვაა.
- იყო ცუდად გასახსენებელი მატჩიც. ჩემი აზრით, ბელგიასთან თბილისური შეხვედრის შედეგზე დიდი გავლენა დაღლამ იქონია...
- ამ მატჩზე ბევრი გვეკითხება. ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ნამდვილად არ ვფიქრობდით, რომელი გუნდი უფრო დასვენებული იყო. არ მიგვიქცევია ყურადღება, რომ წინა ტურში ბელგიამ დაისვენა. მოედანზე საბრძოლველად გავედით, პირველი ტაიმის მეტ-ნაკლებად თანაბრად ჩატარების შემდეგ დაღლა დაგვეტყო. ენერგია აღარ გვყოფნიდა... პოლონეთთან მატჩამდე ბულგარეთში რთული ბრძოლა ჩავატარეთ, მანამდე თბილისში პორტუგალიას ვუმასპინძლეთ და ყველას ემახსოვრება, პირენეელებმა რა ომი გაგვიმართეს. ამ სამ შეხვედრას შორის ბევრმა მგზავრობამ მოგვიწია.
- როგორ ფიქრობ, ჩვენი ჯგუფიდან საუკეთესო გავიდა?
- ბელგიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა დაიმსახურა. იგი წინა შესარჩევზეც კარგად გამოიყურებოდა, ჯგუფშიც წარმატებით ითამაშა, თუმცა პლეი ოფში გზა საფრანგეთმა გადაუღობა. წლეულს ბელგიელებს მარკუს ფეისონი დაემატათ, რომელმაც გუნდი საგრძნობლად გააძლიერა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"