მეტოქე: ბოსნიელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ

AutoSharing Option
ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე ბოსნიას ახალი მწვრთნელი ჰყავს. შაბიტ ჰაჯიჩის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე 52 წლის ალექსანდარ პეტროვიჩი დაინიშნა.

ალექსანდარი ტრაგიკულად დაღუპული ცნობილი კალათბურთელის - დრაჟენ პეტროვიჩის უფროსი ძმაა. პეტროვიჩი ორჯერ გახლდათ ხორვატიის ნაკრების დამრიგებელი, მათ შორის, 1995 წელს, როდესაც გუნდმა ათენში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

გასულ სეზონში ხორვატი მწვრთნელი ზაგრების "ცედევიტას" თავკაცობდა. "ცედევიტამ" ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპი დასძლია და ფინალურ რაუნდში გასვლა შეძლო, პეტროვიჩი კი ტურნირის 2010-11 წლის გათამაშების საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

პეტროვიჩი სხვადასხვა დროს
წვრთნიდა ხორვატულ "ციბონასა" და "ზადარს", ესპანურ "სან ფერნანდოს" და "ლეიდას", იტალიურ "ფაბრიანოსა" და "სკაფატის", ასევე პოლონური "ნავილს".

ლიტვაში გამართული ტურნირის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბოსნიელებმა ჩერნოგორია (94:86) და ხორვატია (92:80) კი დაამარცხეს, თუმცა, საბერძნეთთან (67:76), ფინეთთან (64:92) და მაკედონიასთან (63:75) წააგეს და ჯგუფიდან ვერ გავიდნენ.

2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში ბოსნიასა და საქართველოს ნაკრებების გარდა, ჰოლანდია, რუმინეთი და ლატვიაც ითამაშებენ. ბოსნიელები პირველ მატჩს 15 აგვისტოს, შინ, ლატვიასთან ჩაატარებენ, ქართველებთან კი 21 აგვისტოს სტუმრად, ხოლო 5 სექტემბერს შინ ითამაშებენ.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული