200-200 ათასი სტუდენტურ გუნდებს...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამოსვლის შესაჯამებლად კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს ვესტუმრეთ. ეროვნული გუნდის პარალელურად საქართველოს ჩემპიონატსაც შევეხეთ. ფედერაციის პრეზიდენტმა ერთი საინტერესო სიახლე გვამცნო. თუმცა ამაზე ინტერვიუს მეორე ნაწილში წაიკითხავთ.

- დავიწყოთ იქიდან, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრამდე ძალიან ცოტა დაგვაკლდა. გუნდის გამოსვლამ უკმაყოფილების საფუძველი არ დაგვიტოვა. 25 დღეში 8 მატჩი ჩავატარეთ. ასეთი რთული კალენდრის კვალობაზე, საქართველოს ნაკრებმა თავი კარგად წარმოაჩინა. არ გვაქვს გრძელი სათადარიგოთა სკამი, ამიტომ გადაღლილობის მომენტსაც ვერ ავუარეთ გვერდი. იყო ერთი დასანანი მატჩი, რომელიც შინ დავთმეთ. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ
ის ორი გამარჯვება, რასაც ბულგარეთსა და პორტუგალიაში მივაღწიეთ. ნაკრებმა წლეულს გუნდური თამაში უჩვენა და ბოლომდე ერთსულოვნება გამოავლინა...

- მწვრთნელის მუშაობით რამდენად კმაყოფილი ხართ?
- იგორ კოკოშკოვმა სამი წლის განმავლობაში ბრძოლისუნარიანი კოლექტივის შეკვრა მოახერხა. დიდი მოცულობის სამუშაო გასწია. მისით კმაყოფილები ვართ.

- კონტრაქტით ნაკრებში როდემდე უნდა იმუშაოს?
- 2008 წელს იგორ კოკოშკოვთან ოთხწლიანი (2+2) ხელშეკრულება გავაფორმეთ. 2009 წელს, A დივიზიონში გადასვლის შემდეგ მწვრთნელთან გაფორმებული კონტრაქტი ორი წლით ავტომატურად გახანგრძლივდა. ასე რომ, კოკოშკოვთან 2011 წლის ბოლომდე ვითანამშრომლებთ. შემდეგ რა იქნება, ამაზე ლაპარაკი ჯერ არასერიოზულია.

- წლეულს ნაკრებს ვლადიმერ ბოისა და ტაირონ ელისი აკლდნენ...
- ამ სეზონში მართლაც სერიოზული ცვლილებები მოხდა - გამოგვაკლდნენ ბოისა და ელისი, დაგვემატნენ მარკოიშვილი და გრინი. ბოისა რომ გვყოლოდა, ალბათ, ჯგუფიდან გავიდოდით კიდეც. მანუჩარის შესაძლებლობებში ყველა დარწმუნებულია, ხოლო გრინმა ნამდვილად გაამართლა, თუმცა მისთვის პირველი სეზონი იყო, ამა თუ იმ გუნდთან სათანადოდ მორგებას კი დრო სჭირდება. ვლადიმერ ბოისას პოზიციაზე კარგად ითამაშეს ნიკა ცქიტიშვილმა და ახალგაზრდა თორნიკე შენგელიამ. აქვე მინდა აღვნიშნო, ბოისა რომ გვყოლოდა, მეტი დასვენება მოუწევდა ვიქტორ სანიკიძეს.

- გაისად 10 გუნდი ერთი საგზურისთვის იბრძოლებს...
- ერთი ლიცენზიის მოპოვება ძალიან ძნელი იქნება. ჩვენს ნაკრებს მოტივაცია არასოდეს აკლდა, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტი საგაისოდ სერიოზულ ბონუსს დაგვპირდა. ეს დამატებითი სტიმული იქნება. მთავრობის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით.

- ბელგიასთან შინ ჩატარებულ მატჩზე მინდა გკითხოთ...
- წაგების მთავარი მიზეზი გადაღლა იყო. 11 აგვისტოს პორტუგალიას ვუმასპინძლეთ და ხისტ ბრძოლაში გავიმარჯვეთ. 14 აგვისტოს ბულგარეთში ჩავედით. ბოლო წამებამდე თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. 17 აგვისტოს პოლონეთს ვესტუმრეთ და ბიჭებმა იმდენი მოახერხეს, რომ პოლონელებთან ბურთების უპირატესობა შეინარჩუნეს. შეუსვენებლად ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ ბელგიას ვუმასპინძლეთ. მეტოქემ წინა ტურში დაისვენა, ამიტომ ჩვენთან თამაშს უკეთეს კონდიციებში შეხვდა და, ფაქტობრივად, იმ გამარჯვებით ევროპის ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

- ნაკრების წარმატებისთვის ძლიერი საქართველოს ჩემპიონატია საჭირო...
- A დივიზიონის 15 გუნდს შორის ყველაზე სუსტი ჩემპიონატი სწორედ ჩვენ გვაქვს. ბულგარეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შიდა პირველობაზეც ვესაუბრე. მითხრა, უმაღლეს ლიგაში ისეთ გუნდს არ ვუშვებთ, რომელსაც მინიმუმ 750 ათას ევროიანი ბიუჯეტი არ აქვსო. ქართულ კლუბებს კი ასეთი ბიუჯეტი ჯამში არ ექნებათ.

- სტუდენტურ გუნდებს 200 ათას ლარს გამოუყოფენო...
- სიტუაციის გამოსწორებისკენ ნაბიჯი უკვე გადაიდგა: განათლების მინისტრმა უმაღლეს სასწავლებლებს დაუსაბუთა, რომ მათ გააჩნიათ საკმარისი რესურსი საკალათბურთო კლუბების დასაფინანსებლად. ამიტომ სასწავლებლებს დაევალათ მინიმუმ 200 ათასი ლარის გამოყოფა კალათბურთის გუნდებისთვის. ვინც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას მოისურვებს, შეეძლება, გუნდს ბიუჯეტი გაუზარდოს.

- ამ სიახლის შედეგად სუპერლიგას რამდენი გუნდი შეემატება?
- გასულ სეზონში თამაშობდნენ თსუ, "სამედიცინო" და "აგრარული". წლეულს მათ სტუ შეუერთდება.

- სხვა კლუბებზე რა ინფორმაცია გაქვთ?
- ახლახან შევიტყვე, რომ ბათუმის ხელმძღვანელობამ საკალათბურთო გუნდისთვის საკმარისი თანხა გამოჰყო, რაც იმას ნიშნავს, რომ წლევანდელ სუპერლიგაში ბათუმელები აუცილებლად ითამაშებენ. "ქუთაისი" სუპერლიგისთვის დიდი ხანია, ემზადება, ისევე, როგორც შსს და "ენერჯი". ვფიქრობ, იმ რესურსის გათვალისწინებით, რაც საქართველოშია, სუპერლიგაში 8 გუნდის თამაში საკმარისია.

- ფიბა-ევროპის გენერალური მდივანი ნარ ძანოლინი საქართველოში სტუმრობისას დაგვპირდა - 2011 წელს ერთ-ერთ ახალგაზრდულ ჩემპიონატს საქართველოში ჩავატარებთო...
- ფიბა-ევროპა ამისთვის მზადაა, მაგრამ მას შემდეგ საკალათბურთო არენები არ გარემონტებულა. მხოლოდ სპორტის დეპარტამენტის დარბაზში მიმდინარეობს სამუშაოები. როცა 3-4 მოწესრიგებული დარბაზი გვექნება, ერთ-ერთ ახალგაზრდულ ასაკში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები აუცილებლად გაიმართება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული