გინდ დაიჯერეთ და გინდ არა - საქართველოს ნაკრები გაისად, სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს! ევრო-2011 ლიტვაში გაიმართება და იქ საქართველოს ნაკრები ყოველგვარი დამატებითი საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დაუშვეს, სამართალმა პური ჭამა!
აგვისტოში საქართველოს ნაკრებმა C საკვალიფიკაციო ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა (5 მოგება, 3 წაგება) და ეს სწორედ ყველაზე უარესი მეორე ადგილი გამოდგა და, წესით, 6-გუნდიან საკვალიფიკაციო ტურნირში უნდა ეთამაშა. მაგრამ ჩვენს ფედერაციაში ფიბასგან ფაქსი მიიღეს, რომლის თანახმადაც ამ დამატებით საკვალიფიკაციო ეტაპზე 6-ის ნაცვლად 10-ვე ხელმოცარულ ნაკრებს უნდა ეთამაშა, რადგან წლევანდელი
სიმართლე გითხრათ, სადღაც გულის სიღრმეში გვჯეროდა, რომ ასე არ დაგვჩაგრავდნენ, მაგრამ მაინც თვალებს არ დავუჯერეთ, როცა იტალიის კალათბურთის ფედერაციის საიტზე შავით თეთრზე ამოვიკითხეთ - ფიბამ ევრობასკეტ 2011-ზე გუნდების რიცხვი 24-მდე გაზარდა და მომავალი წლის საკვალიფიკაციო ტურნირი საერთოდ გააუქმაო. საქართველომ, იტალიამ, ბოსნიამ, უკრაინამ, ლატვიამ, პოლონეთმა და ბულგარეთმა ყოველგვარი რეპეშაჟის გარეშე მიიღეს ევრო-2011-ის საგზური - იტყობინებოდა იტალიის კალათბურთის ფედერაციის საიტი. შემდეგ ინფორმაცია სხვა საიტებზეც გავრცელდა.
ჩვენ იგორ კოკოშკოვის ასისტენტ დავით უსტიაშვილს დაუკავშირდით: "ეს არის ისტორიული მოვლენა - პირველად გუნდურ სახეობებში საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ეს უდიდესი წარმატებაა. ნაკრებს შრომა და ბრძოლა დაუფასდა. ჩვენ ხომ ძალიან ახლოს ვიყავით საგზურთან და საკმარისი იყო იტალიას ერთით მეტი ორქულიანი ჩაეგდო ისრაელთან მატჩში, ან ბრიტანეთს ორი ოვერტაიმიდან თავი ვერ დაეძვრინა და ფინალურ ეტაპზე ისედაც გავიდოდით. ჯერ არ ვიცით, როდის იქნება ფინალური ეტაპის კენჭისყრა. დღემდე ველოდით, თუ რა სისტემით ჩატარდებოდა დამატებითი საკვალიფიკაციო ეტაპი, ახლა კი ველით, როგორი სისტემით იქნება ფინალური ტურნირი. ახლა მთავარია, ნაყოფიერი შეკრება გავიაროთ და ეჭვიც არ მეპარება, ყველა კალათბურთელი დაეხმარება გუნდს ლიტვაში. ერთი ახლავე შემიძლია ვთქვა, ნაკრები საქართველოს ნამდვილად არ შეარცხვენს".
ქართული სპორტის გულშემატკივრებს ფანტასტიკური შემოდგომა გველის 2011 წელს - სექტემბერში ლიტვაში საკალათბურთო ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო "ბორჯღალოსნები" ახალ ზელანდიაში სარაგბო მსოფლიო თასზე გამოვლენ...
ლელო