ბესიკ ლიპარტელიანი: ხუთი საათი საუკუნედ გვეჩვენა

AutoSharing Option
სტამბოლში კალათბურთელ ვაჟთა მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას ფიბას მე-19 მსოფლიო კონგრესიც გაიმართა, რომელზეც ამ ორგანიზაციის მე-11 პრეზიდენტად 1992 წლიდან საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის 66 წლის თავკაცი ივან მაინინი აირჩიეს. მისი ხელმძღვანელობით კონგრესმა მრავალი, მათ შორის ჩვენთვის ფრიად საინტერესო 2011 წელს ლიტვაში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გამართვის საკითხი განიხილა. უკვე გაუწყეთ, რომ კონგრესის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრები კონტინენტის პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე დაუშვეს, რაც ქართული სპორტის მატიანეში ისტორიული მომენტია.

ფიბას მსოფლიო კონგრესის მუშაობას ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი, რომელსაც სტამბოლში შევეხმიანე და
ჩვენთვის სასიხარულო მოვლენასთან დაკავშირებით შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვე:

- კონგრესზე ჩემთან ერთად იმყოფება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი მერაბ რატიშვილი. ჯერ კიდევ თბილისიდან გამომგზავრებამდე შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც ფიბასთვის უნდა წარგვედგინა. ალბათ, იცით, რომ კალათბურთის მსოფლიო ასოციაციაში განიხილებოდა 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე 24 გუნდის დაშვების საკითხი.

ამ პროცესის დაჩქარება გადავწყვიტეთ და სტამბოლში ჩვენი მოსაზრება უკრაინელებსა და იტალიელებს გავაცანით, რომლებსაც იდეა მოეწონათ და სამივე ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთდროულად მივმართეთ კონგრესს, რომ ეს საკითხი განეხილათ. მთავარი სიტყვა ლიტვას უნდა ეთქვა, როგორც მასპინძელ ქვეყანას, შეძლებდა თუ არა დამატებით 8 ქვეყნის მიღებას. ბალტიისპირელებს უარი არ უთქვამთ. ბიუროს სხდომაზე კამათი 5 საათს გაგრძელდა, რაც საუკუნედ გვეჩვენა. ჯერ ორი გუნდის დაშვებაზე იყო ლაპარაკი, მერე მონაწილეთა 20 გუნდამდე გაზრდის ვარიანტი განიხილეს.

ჩვენ ყველა შემთხვევაში კვალიფიკაციის გაუვლელად ვხვდებოდით ფინალში. ბოლოს საღმა აზრმა გაიმარჯვა: ფიბამ, უმრავლესობის მხარდაჭერით, გონივრული გადაწყვეტილება მიიღო - მონაწილეთა რაოდენობა 24-მდე გაზარდა. ქართული კალათბურთის ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა - ჩვენი ნაკრები გაისად ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ითამაშებს. იმ რვა მძიმე ორთაბრძოლას, რომლებიც ჩვენმა ბიჭებმა წლეულს შესარჩევ ტურნირში გამართეს, უკვალოდ არ ჩაუვლია.

- რადგან წინასწარ ყოფილხართ ამ მომენტისთვის შემზადებული, ამ ცხელ კვალზე ჩემპიონატისთვის მზადების კონტურებიც გექნებათ შერჩეული...
- ჯერ სიხარულის ტალღას არ გადაუვლია და კონკრეტულად რამის თქმა ძალიან მიჭირს. ვიმეორებ, მთავარი ის არის, რომ მიზანი მიღწეულია. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ბიჭებს შარშან და წლეულს ტურნირებისთვის მოსამზადებლად საკმაოდ გავუუმჯობესეთ პირობები. მესმის, რომ კონტინენტის პირველობის ფინალისთვის ეს არ იქნება საკმარისი.

მალე თბილისში დავბრუნდებით, ფედერაციის სხდომას მოვიწვევთ, ყველაფერს ავწონ-დავწონით და შესაბამის გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. ქართული კალათბურთის ყველა გულშემატკივარს, მთელ საქართველოს ვულოცავ ამ ისტორიულ მოვლენას და ვპირდებით, რომ ქომაგებს მომავალშიც გავახარებთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული