საქართველომ ეს პატივი დაიმსახურა

AutoSharing Option
ფიბას გადაწყვეტილებით, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის დაშვების შესახებ, ცხადია, უპირველესად თვით ნაკრების წევრებმა გაიხარეს. ერთ-ერთ მათგანს - კოტე ტუღუშს გუშინ გავესაუბრეთ:

- ამერიკაში გამგზავრების წინა დღეს ზაზა ფაჩულიამ ჯვარი დაიწერა და საღამოს ბიჭებთან ერთად რესტორანში ამ მოვლენას აღვნიშნავდით, სტამბოლიდან ბესიკ ლიპარტელიანმა რომ დაგვირეკა და სასიხარულო ამბავი გვაცნობა. წარმოიდგინეთ, რა დღეში აღმოვჩნდებოდით. ცრემლმორეულმა ზაზამ ესღა თქვა - ამ ერთ წელიწადს რა გაძლებსო. ჩვენ აქედანვე შესარჩევი თამაშებისთვის განვეწყობოდით და უცებ ფინალში კი აღმოვჩნდით. საქართველომ ეს პატივი დაიმსახურა. ერთი-ორად
იზრდება პასუხისმგებლობა, მაგრამ ამის არ გვეშინია. მთავარია, ამ ერთი წლის განმავლობაში ვინმემ სერიოზული ტრავმა არ მიიღოს. ბიჭები ოსტატობას აიმაღლებენ, ვლადიმერ ბოისაც დაგვემატება და გავძლიერდებით. გვერწმუნეთ, ჩვენი გუნდი ანგარიშგასაწევი ძალა იქნება ჩემპიონატზე.

- ლიტვური ბატალიები სექტემბერში გაიმართება. ფაჩულიას ან სხვა რომელიმე კალათბურთელს პრობლემა ხომ არ შეექმნება ნბა-ს ან სხვა ჩემპიონატის გამო?

- ვფიქრობ, რომ არა. ახლაც ხომ მიმდინარეობს თურქეთში მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელშიც უძლიერესი მოთამაშეები მონაწილეობენ. ერთი კი მინდა აღვნიშნო: ალბათ, საწყენად არ დარჩება, თუ ვიტყვი, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მონაწილე ქვეყანას უკეთესი ეროვნული პირველობა უნდა ჰქონდეს, რომ ღირსეული ცვლა მომზადდეს და ნაკრებში მოსახვედრად კონკურენცია გაიზარდოს.

- თავად სად აპირებ თამაშს?
- ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია, თუმცა საქართველოდან წასვლას არსად ვაპირებ.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან გამიხარდა ამ ამბავის გაგება, გილოცავთ ყველას და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს!
dada
13:56 07-09-2010
0

სიახლეები პოპულარული