ლაშა გამყრელიძე: სიურპრიზი, რომელიც დავიმსახურეთ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელ ვაჟთა ნაკრების წევრთა უმეტესობა ამჟამად უცხოეთშია, მშობლიურ კლუბებში, შინ ორი-სამი მოთამაშე თუა დარჩენილი. ერთ-ერთი გახლავთ ეროვნული გუნდის 24 წლის გამთამაშებელი ლაშა გამყრელიძე, რომელმაც ახლახან გერმანიის "ვიზენთან" გააფორმა ხელშეკრულება და ალემანთა ქვეყანაში დღე-დღეზე გაემგზავრება.

- ფინალურ ეტაპზე ჩვენი ნაკრების დაშვების ამბავი სტამბოლიდან ბესიკ ლიპარტელიანმა შეგვატყობინა, - მითხრა ლაშამ. - თავიდან ხუმრობა გვეგონა, ისე მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. ემოციების პირველმა ტალღამ რომ გადაიარა, თანაგუნდელებს შევეხმიანეთ უცხოეთში. მე, მაგალითად, მარკოიშვილს დავურეკე იტალიაში. სიხარულისგან ლამის იტირა. უეცარი სიურპრიზი იყო ფიბასგან, მაგრამ ჩვენ
ხომ ეს დავიმსახურეთ - ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მხოლოდ ბურთების სხვაობის გამო ვერ ვხვდებოდით. ახლა გაორკეცებული ენერგიით მოვემზადებით მომავალი წლის სექტემბრისთვის, ოღონდ, ვინმემ სერიოზული ტრავმა არ მიიღოს და კლუბებში ყველას მეტი სათამაშო დრო ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ერთი წლის განმავლობაში უფრო დავხვეწთ ოსტატობას და ნებისმიერ მეტოქეს გავუწევთ წინააღმდეგობას. მთავარი მწვრთნელი და ფედერაციის ხელმძღვანელები კი იზრუნებენ, რომ მოსამზადებელ პერიოდში საერთაშორისო ტურნირი ძლიერი გუნდების მონაწილეობით მოგვიწყონ.

- ფინალურ ეტაპზე ჯგუფში ვისთან ერთად მოხვედრას ისურვებდით?
- ლიტვაში სუსტი გუნდები არ იქნება. ნებისმიერს შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება. ისე, სასურველია, ჯგუფში A დივიზიონიდან რამდენიმე ნაკრები მაინც მოხვდეს, თუნდაც ბულგარეთი და პოლონეთი. მთავარია, სათანადოდ მოვემზადოთ და კარგი თამაში ვაჩვენოთ.

- განვლილ საკვალიფიკაციო ეტაპზე რას იტყვი, კმაყოფილი ხარ?
- აბა, რა გითხრათ. ელიტის დებიუტანტი რვიდან ხუთ შეხვედრას რომ მოიგებს, ურიგო ნამდვილად არ ეთქმის. შედეგით კმაყოფილი ვარ. სხვა საქმეა, რომ ზოგიერთ მატჩში ჩავარდნა გვქონდა. განსაკუთრებით ბელგიასთან შევრცხვით შინ, დიდი ანგარიშით რომ წავაგეთ. პაექრობის შემდეგ ვთქვი და გავიმეორებ - გადაღლილები ვიყავით. თუმცა ყველაფრის მგზავრობისთვის გადაბრალებაც არ ივარგებს - მეტოქესაც უნდა მივაგოთ თავისი. ბელგიამ, უბრალოდ, კარგად ითამაშა, იმ დღეს ყველაფერი გამოსდიოდა. რაც შემეხება მე, ვფიქრობ, მწვრთნელის დავალებებს თავი გავართვი. რა ხარვეზებიც მქონდა, მათს გამოსწორებას მოვახერხებ და, ალბათ, მოედანზე მეტ სათამაშო დროსაც მომცემენ. სხვისა არ ვიცი, მე კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ რვა მატჩში ნაკრების თითოეული წევრი აშკარად გაიზარდა. ვეცდებით, ერთ წელიწადში უკეთ მოვემზადოთ.

- ტრანსფერზე რას იტყვი?
- გერმანიის ჩემპიონატში წელიწადი "მიტელდოიჩერის" შემადგენლობაში გავატარე. ახალი სეზონიდან "ვიზენში" ვითამაშებ. მდიდარი ტრადიციების გუნდია. ქვეყნის ჩემპიონობა ხუთჯერ აქვს მოპოვებული, სამჯერ თასს ფლობდა, თუმცა სამი ათეული წელიწადია, ხმაურიანი გამარჯვება არ მოუპოვებია, მეტიც, შარშან 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილი დაიკავა. სხვათა შორის, ჩემმა ყოფილმა გუნდმა მას ორივე ორთაბრძოლა მოუგო, რომლებში მეც ვმონაწილეობდი. წლეულს კლუბის ხელმძღვანელობა გაძლიერებას და პლეი ოფში გასვლას გეგმავს. პირველი გამთამაშებელი ვიქნები. "მიტელდოიჩერშიც" იმავე პოზიციაზე ვიყავი, საშუალოდ მატჩში 6,1 ქულას, 1,5 მოხსნას და 3,8 შედეგიან გადაცემას ვახერხებდი, მაგრამ დეკემბერში ტრავმა მივიღე და ზოგი რამ შეიცვალა.

"ვიზენში" უკეთესი კონტრაქტი შემომთავაზეს და ჩემი არჩევანიც ამან განაპირობა. მოედანზეც უფრო მეტ ხანს დავყოფ, რაც თამაშის ხარისხის ამაღლებაში დამეხმარება. დღეიდან ჩემი ორიენტირი ხომ 2011 წლის ევრობასკეტის ფინალური ეტაპი იქნება. ვისარგებლებ შემთხვევით და მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ მივულოცავ ამ დიდ წარმატებას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული