ბესიკ ლიპარტელიანი: მადლობა ლიტველებს ლიტვისთვის

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გასულ აგვისტოში გამართულ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 8 მატჩიდან 5 მოიგო, უკან მოიტოვა პოლონეთი, ბულგარეთი, პორტუგალია, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზეც გავიდოდა, სხვა ჯგუფებში მეორეზე გასულ ისრაელზე და მაკედონიაზე უკეთესი ბურთების შეფარდება რომ ჰქონოდა. ასე რომ, ჩვენს ნაკრებს სულ მცირედი დააკლდა ევროჩემპიონატზე მოსახვედრად, თუმცა, რომ იტყვიან, სამართალმა პური ჭამა:

ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებით, 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობა 8 გუნდით გაიზარდა და საქართველოც სხვა ნაკრებებთან ერთად მოხვდა ძველი კონტინენტის უმთავრეს შეჯიბრზე. ეს ამბავი გასულ კვირას, თურქეთის
ქალაქ სტამბოლში, ფიბა-ევროპის კონგრესზე გადაწყდა, რომელსაც მისი ყველა წევრი ქვეყანის წარმომადგენელი ესწრებოდა. საქართველოს ეს სასიხარულო ამბავი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ლიპარტელიანმა ამცნო, ვისი დიდი დამსახურებაა, რომ ფიბა-ევროპამ ფორმატი შეცვალა.

- სანამ თურქეთში გავემგზავრებოდით, რეალურად ვერ წარმოგვედგინა ის ფაქტი, რომ ფიბა ევროპის ჩემპიონატზე 2011 წელსვე გაზრდიდა მონაწილეთა რაოდენობას, თუმცა ადგილზე ჩასვლისთანავე აქტიურად დავიწყეთ ამაზე მუშაობა - გვესაუბრება თურქეთიდან დაბრუნებული ბესიკ ლიპარტელიანი.

- რაიმე კონკრეტული გეგმით არ წასულხართ თურქეთში?

- ჩვენ გვსურდა, რომ საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ძალიან ცოტა დააკლდა ევროპის ჩემპიონატამდე, რამენაირად მიეღო ამ ტურნირში მონაწილეობა. თუ რა სახით მოხდებოდა ეს, უკვე ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. თურქეთში ჩასვლისა და ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობასთან გასაუბრების შემდეგ ეს საკითხი რეალური გახდა.

- როდის ირწმუნეთ, რომ შესაძლებელი იყო, საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ეთამაშა?

- როცა ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობამ გვითხრა, ევროპირველობაზე მონაწილეთა გაზრდა უპირველესად ტურნირის მასპინძელ ლიტვაზეა დამოკიდებულიო, ამის შემდეგ უკვე იმედი მოგვეცა. ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე იმ ქვეყნის ფედერაციის მესვეურებს, რომლებიც ჩვენსავით ფინალურ ეტაპს მიღმა დარჩნენ - კერძოდ კი იტალიის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ დინო მენეგინს, უკრაინული კალათბურთის მესვეურ ალექსანდრ ვოლკოვს. მათ, რა თქმა უნდა, მოეწონათ ჩვენი ეს ინიციატივა და გვერდში დაგვიდგნენ. შევხვდით ევროპირველობის მასპინძელ ლიტვის წარმომადგენლებს, რომლებმაც დადებითი პასუხი მოგვცეს და ამისათვის მათი ძალიან დიდი მადლობელები ვართ. მათი თანხმობის შემდეგ შევიდა ფიბა-ევროპაში ეს ინიციატივა.

- გადაწყვეტილების მიღების პროცესმა დიდ ხანს გასტანა?

- ჩვენ თავიდან გვეგონა, რომ ყველაფერი ერთ საათში გადაწყდებოდა, მაგრამ ამ ახალ ინიციატივას მოწინააღმდეგეები გამოუჩდნენ საფრანგეთის, ესპანეთისა და საბერძნეთის წარმომადგენლების მხრიდან. ფიბა-ევროპის გამგეობის სხდომა 5 საათს გაგრძელდა, რის შემდეგაც ჩვენთვის სასიხარულო ვერდიქტი გამოიტანეს. იყო მეორე ვარიანტიც, რომ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვი არა 24, არამედ 20 გუნდამდე გაზრდილიყო. ჩვენ ეს ვარიანტიც გვაწყობდა, რადგან ფინალურ ეტაპზე ვერმოხვედრილთა შორის ყველაზე საუკეთესო შედეგი გვქონდა.

- ევროპის ჩემპიონატის გათამაშების ახალი სისტემა როგორი იქნება?

- ჯერ არ გადაწყვეტილა, თუ როგორი ფორმატით ჩატარდება 2011 წლის ევროპის ჩემპიონატი. ამის თაობაზე ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობა უკვე მუშაობს და ამ წლის დასრულებამდე დამტკიცდება ახალი ფორმატი. იანვარში კი უშუალოდ ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდება, სადაც გაირკვევა ჩვენი მეტოქეები ჯგუფში.

- ევროპის ჩემპიონატზე თამაში დიდი პასუხისმგებლობაა და სათანადო მომზადებაც სჭირდება...

- საქართველოს სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობა ძალიან გახარებულია ჩვენი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლით და ყველანაირად გვერდში გვიდგას. ჩვენი ნაკრები ევროპირველობისთვის კარგად უნდ ამოემზადოს. უშუალოდ რომელ გუნდებთან გავმართავთ სპარინგ-მატჩებს და სად გავივლით საწვრთნელ შეკრებას, ეს იანვრის კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა. ის კი გადაწყვეტილია, რომ თბილისი კვლავ უმასპინძლებს საერთაშორისო ტურნირს, როგორც ეს გასულ აგვისტოში, შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე მოხდა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდი http://www.gbf.ge/news.php?m=news&d=&id=2320

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული