საქართველოს ნაკრების მეტოქე: ბოსნია მირზა ტელეტოვიჩით მოდის

AutoSharing Option
ევრობასკეტი-2013-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე რთული მეტოქე ბოსნიაა, რომელიც განვლილ ევროპის ჩემპიონატზეც კარგი გუნდი იყო და ქართველებთან ერთად სლოვენიის ევრობასკეტის საგზურის მოპოვების მთავარ ფავორიტად ითვლება.

ბოსნიელებთან ჩვენი ანგარიში გვაქვს: 1996 წელს სწორედ ამ გუნდთან მარცხის შემდეგ გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრები ევრო-1997-ისთვის ბრძოლას ვეღარ განაგრძობდა. არადა, 90-იან წლებში ევროპას ყველაზე მეტად სწორედ 1996 წელს მივუახლოვდით.

ისევე, როგორც საქართველოს ნაკრები, ახალი ნატურალიზებულით გაძლიერებას ბოსნიაც აპირებს. 2011 წელს ბალკანელთა ღირსებას ამერიკელი ჰენრი დომერკანტი იცავდა, რომელიც 31 წლისაა. ბოსნიელებს შედარებით ახალგაზრდა უცხოელი
სურთ და მოლაპარაკებას აარონ ჯექსონთან აწარმოებენ.

25 წლის ამერიკელი ევროპაში სათამაშოდ 2009 წელს ჩამოვიდა. ჯერ თურქულ "ანთალიაში" ასპარეზობდა, 2010-11 წლებში ვიქტორ სანიკიძის "ვირტუსში" გამოდიოდა, ხოლო მიმდინარე სეზონში ესპანური "ბილბაოს" ღირსებას იცავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აარონი ბოლომდე სწორედ ბასკეთში გაიხსნა. ევროლიგაზე საშუალოდ 25.2 წუთში 9.1 ქულასა და 3.9 პასს აგროვებდა.

ვნახოთ, ვისი ნატურალიზებული აჯობებს: ბოსნიელი ჯექსონი თუ ქართველი... (ახალი გაქართველებულის ვინაობას მალე შევიტყობთ).

* * *

ფიბა-ევროპის საიტზე გამოქვეყნდა სტატია ბოსნიის ნაკრების ლიდერ მირზა ტელეტოვიჩზე. სათაური ასეთია: "ტელეტოვიჩი, დიდი მსროლელი". იგი საკლუბო საკითხებთან ერთად ბოსნიის ნაკრებზეც ლაპარაკობს.

"მირზა ტელეტოვიჩს ტრავმის გამო კარიერაში შეფერხება ჰქონდა, თუმცა ბოლო დროს "კახა ლაბორალში" შესანიშნავად ათამაშდა. იგი საშუალოდ 16.9 ქულას აგროვებს. 206 სმ სიმაღლის ბოსნიელი სამქულიანებსაც მაღალი სიზუსტით ისვრის და მოხსნებშიც გამოირჩევა - 7.6.

ასეთი სეზონის შემდეგ, ზოგის თქმით, ტელეტოვიჩი NBA-ში განაგრძობს კარიერას.

- ამერიკაზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი, "კახა ლაბორალზე" ვარ ორიენტირებული, - ამბობს კალათბურთელი.

ნაკრების შესახებ კი ორი სიტყვით მეტს ამბობს. ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე ტელეტოვიჩი, საშუალოდ, 14 ქულასა და 6 მოხსნას აგროვებდა. მისმა გუნდმა კი ჯგუფში 2 მატჩი მოიგო.

თებერვალში ბოსნიის ნაკრებში ახალი მთავარი მწვრთნელი დაინიშნა - დრაჟენ პეტროვიჩის ძმა, ალექსანდრი. მას ხორვატიის ნაკრების თავკაცად მუშაობის გამოცდილება აქვს.

ევრო-2013-ის შესარჩევში ბოსნია საქართველოს, ლატვიას, ჰოლანდიასა და რუმინეთს დაუპირისპირდება. ტელეტოვიჩი იმედიანადაა:

- გვყავს ახალი მწვრთნელი. ნაკრებში დადებითი ძვრებია და დარწმუნებული ვარ, ამ ზაფხულს, შესარჩევი ეტაპისთვის ძალიან კარგი გუნდი გვეყოლება.

კითხვაზე, ითამაშებს თუ არა ბოსნიის ნაკრებში, პასუხობს:

- რა თქმა უნდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული