ბესიკ ლიპარტელიანი: საქართველოს ნაკრები ღირსეული ამერიკელით გაძლიერდება

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია - საქართველოს ნაკრებში მეექვსე ამერიკელი ითამაშებს. მასთან კონტრაქტი დღე-დღეზე გაფორმდება. როგორი მოთამაშეა, რა პოზიციაზე ირჯება და საერთოდ, ვინ არის?

ეს კითხვები ქართველ გულშემატკივარს არაერთხელ დაუსვამს. 1 მაისს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს ველაპარაკეთ, რომელსაც ნატურალიზებულის თემაზეც ვესაუბრეთ და სხვა, არანაკლებ საინტერესო ამბავიც შევიტყვეთ: ფიბა-ს მსოფლიო ორგანიზაცია ფიბა-ევროპისგან ევრობასკეტის ოთხ წელიწადში (ორის ნაცვლად) ერთხელ გამართვას ითხოვს.

ეს ქართველებისთვისაც სერიოზული პრობლემაა: გუნდურ სპორტში ერთადერთი მოვლენა, სადაც ყოველ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გვაქვს, ევრობასკეტია.

წარმოიდგინეთ, რამდენს დავკარგავთ, ჩემპიონატამდე ოთხი წელი მოცდა
რომ მოგვიწიოს. საკითხავია ისიც, რა უნდა აკეთონ საშუალო და დაბალი კლასის ევროპულმა ნაკრებებმა სამი წლის განმავლობაში? ნუთუ 8 მატჩი, რომელიც ერთ თვეში ეტევა, სამ წელიწადზე უნდა განაწილდეს?

მოკლედ, ევროპული კალათბურთი სერიოზული დილემის წინაშე დგას. დანარჩენს ბესიკ ლიპარტელიანის ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ლიტველებმა კალათბურთის 90-წლიანი იუბილე გადაიხადეს, სადაც საქართველოდან მიწვეულები ვიყავით მე, მერაბ რატიშვილი და ირაკლი სამყურაშვილი.

ეს ღონისძიება დაემთხვა ფიბას მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ევროპის ჩემპიონატის ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარების შესახებ. ლიტვის კალათბურთის ფედერაციამ მიგვიწვია რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელი როგორც იუბილეზე, ასევე საჭირბოროტო საკითხზე სამსჯელოდ.

- ლიტვურ საიტებზე NBA-ს კომისრის, დევიდ შტერნის და სხვა ცნობილი სახეების მილოცვებს შევხვდით...
- შოუ დიდ დარბაზში გაიმართა. ბალტიისპირელებმა საინტერესო სანახაობა წარმოადგინეს. გაგვაცნეს, როგორ ჩაეყარა საფუძველი კალათბურთს ლიტვაში და როგორ ვითარდებოდა სპორტის ეს სახეობა.

სხვათა შორის, საქართველოში კალათბურთი ერთი წლის დაგვიანებით შემოვიდა და გაისად ჩვენ მოგვიწევს მსგავსი ღონისძიების მასპინძლობა 90-წლიანი იუბილის აღსანიშნავად. სწორედ შოუს მსვლელობისას ჩაერთვნენ ინტერნეტით ცნობილი სახეები, მათ შორის, დევიდ შტერნი და ლიტველებს იუბილე მიულოცეს.

- ცხადია, თქვენც ფიბა-ს მოთხოვნის წინააღმდეგი ბრძანდებით...
- რა თქმა უნდა. სადღეისო სისტემით ევრობასკეტი ორ წელიწადში ერთხელ იმართება, ფიბა კი ოთხ წელიწადში ერთხელ გამართვას ითხოვს. ეს ჩვენთვის მიუღებელია.

- ლიტვაში თუ შეხვდით ვინმეს, ვინც მსოფლიო ფიბა-ს მოთხოვნას ემხრობა?
- ევროპის ქვეყნების კალათბურთის ფედერაციების ხელმძღვანელთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ძირითად პრინციპს (ოთხ წელიწადში ერთხელ გამართვას) არც უმეტესობა ეთანხმება და არც ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობა. ლიტვაში მყოფნი შევთანხმდით, რომ მსოფლიო ფიბა-ს მითითებას არ გავიზიარებთ.

- ეს საკითხი როდის უნდა გადაწყდეს?
- 19 მაისს ფიბა-ევროპის კონგრესია. სწორედ იქ ვიმსჯელებთ ამ თემაზე.

- არის კიდევ ერთი საკითხი, რაც კალათბურთის ქართველი გულშემატკივრის ცხოველ ინტერესს იწვევს - რომელი ნატურალიზებული უცხოელი ითამაშებს საქართველოს ნაკრებში?
- ერთ კალათბურთელთან შეთანხმება მიღწეულია, საკონტრაქტო საკითხებიც მოგვარებულია, მხოლოდ ხელმოწერაა დარჩენილი. სამწუხაროდ, წინასწარი შეთანხმებით, ვიდრე ხელშეკრულება არ გაფორმდება, მისი გვარის დასახელება არ შემიძლია.

- დაახლოებით როდის უნდა ველოდეთ მისი ვინაობის გამჟღავნებას?
- შესაძლოა, ამ კვირაშივე მოვიწვიოთ პრესკონფერენცია. ერთს კი ვიტყვი, მაღალი დონის ამერიკელი უკანახაზელია - სწორედ ისეთი, როგორსაც საქართველოს ნაკრები იმსახურებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული