U20: "სოხუმმა" "დინამოსთან" სერია გაათანაბრა

AutoSharing Option
ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დასრულდა 20-წლამდელთა ფინალური სერიის განმეორებითი მატჩი "სოხუმსა" და "დინამოს" შორის, სადაც სოხუმელებმა დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 70:67 დაამარცხეს და სერია 1:1 გაათანაბრეს.

შეხვედრის საწყისი წუთები სოხუმელთა სასარგებლოდ წარიმართა, რომლებიც მატჩის მე-2 წუთზე 6:3 დაწინაურდნენ, თუმცა დინამოელებიც მალე ამოქმედდნენ და პირველ პერიოდში 17:13 გავიდნენ წინ.

მეორე მეოთხედი სოხუმის გუნდმა ძალიან მობილიზებულად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით - 38:30 გავიდა.

მესამე მეოთხედის დასაწყიში "ზღვისპირელები" კიდევ უფრო აქტიურად ათამაშდნენ და და პერიოდის მე-4 წუთზე თავიანთ სასარგებლოდ 50:38 დააფიქსირეს.
მიუხედავად ამისა, შეხვედრის ამ მონაკვეთში დინამოელებმა თამაშში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანეს და აღნიშნული ათწუთეულის დასრულებამდე 2:42 წუთით ადრე სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს - 51:52, ხოლო პერიოდში მეტოქეს 5 ქულით 51:56 ჩამორჩნენ.

დასკვნით მეოთხედში გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა. მცირე უპირატესობას სოხუმელები ფლობდნენ, თუმცა "დინამომ" ბოლომდე იბრძოლა და ალეკო ჩოჩიას 2-ქულიანის წყალობით შეხვედრის დასრულებამდე 4:21 წუთით ადრე მინიმალური სხვაობით დაწინაურდა - 60:59.

ამის შემდეგ თამაში ქულა-ქულა წავიდა და დაძაბულობამ პიკს მიაღწია, მაგრამ "სოხუმმა" გადამწყვეტ მომენტში შეძლო მატჩზე კონცენტრაცია და შეხვედრის ბოლო წუთს კახა ჯინჭარაძის შორეული ტყორცნის ხარჯზე 70:65 გავიდა წინ.

შეხვედრის მიწურულს "დინამომ" დუდა სანაძის ზუსტი საჯარიმოების წყალობით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა (67:70), თუმცა დარჩენილ დროში დინამოელებმა შანსი ვეღარ გამოიყენეს და დამარცხდნენ.

სოხუმის გუნდს კახა ჯინჭარაძემ ულიდერა, რომელმაც 21 ქულა დააგროვა, ხოლო "დინამოს" შემადგენლობაში საუკეთესო 31 ქულით დუდა სანაძე იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ "სოხუმისა" და "დანამოს" მწვრთნელებმა ლიკა ქაჯაიამ და ამბროსი ორმოცაძემ შემდეგი კომენტარები გააკეთეს:

ლიკა ქაჯაია (სოხუმის მწვრთნელი): "გუშინდელი მატჩი ჩვენმა გუნდმა საშინლად ჩაატარა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ "სოხუმი", "დინამოსგან" განსხვავებით, ასაკით უფრო უმცროსი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

გუშინვე გავაანალიზეთ ჩვენი თამაში და ვეცადეთ, დღეს მაქსიმალური მობილიზება მოგვეხდინა. მიუხედავად უამრავი შეცდომისა, ჩვენს გუნდს ეს გამოუვიდა. "სოხუმი" დღეს ნამდვილად იმსახურებდა მოგებას".


ამბროსი ორმოცაძე (დინამოს მწვრთნელი): "ჩვენს გუნდს ძალიან გაუჭირდა ზედიზედ ორი მატჩის თამაში, რადგანაც გუშინ მოედანზე 100 პროცენტით დაიხარჯა და სათანადოდ ვეღარ შეძლო ძალების აღდგენა. ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან და მომდევნო მატჩში ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება "დინამოს" დარჩეს".

www.u-20.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული