საქართველოს ნაკრებში იტალიური "კანტუს" მოთამაშე დერონ პერკინსი ჩამოჰყავთ?

AutoSharing Option
ძიუდოისტებმა რუსები დაამარცხეს, საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში ჩაერთო, მოვიპოვეთ ლონდონის ოლიმპიადის არაერთი ლიცენზია...

მოვლენათა ასეთი სიუხვის მიუხედავად ერთ-ერთ მთავარ სპორტულ თემად საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი რჩება.

ცნობილია, რომ ფედერაციამ ერთ ამერიკელ უკანახაზელთან შეთანხმებას მიაღწია, მაგრამ უცნობია მისი ვინაობა. სწორედ ამიტომ, თითოეული მინიშნება ყურადღებას იმსახურებს.

4 მაისს, რუსულ საიტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ნაკრებში დორონ პერკინსი ჩამოჰყავთ. იგი მანუჩარ მარკოიშვილთანა და გიორგი შერმადინთან იტალიურ "კანტუში" თამაშობს. ამიტომ, დავინტერესდით, რა იყო პირველწყარო, რომელზე დაყრდნობითაც რუსებმა ინფორმაცია გაავრცელეს. ასეთი აღმოჩნდა
იტალიური გამოცემა "დეილი ბასკეტი".

ინტერნეტ-სივრცეში სტატიის ორიგინალის პოვნა რთული არ იყო. გთავაზობთ პუბლიკაციის თარგმანს, რომლის სათაურია "ამბობენ, პერკინსი გაქართველდებაო".

"საქართველო ლამაზი კავკასიური ქვეყანაა, რომელიც "მსოფლიოს მიკარგულ კუთხეში" მდებარეობს. მაღალ მთებს ალპური მინდვრები და მართლმადიდებლური მონასტრები ამშვენებს. ცხოვრობს ამაყი და ძალიან მეგობრული ხალხი.

საქართველოს შესახებ ნათელ წარმოდგენას გვაძლევენ ელჩები მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი.

გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კიდევ ერთი კანტუელი, დორონ პერკინსი მალე საქართველოს პასპორტს მიიღებს და თეთრ-წითელ ფორმას მოირგებს. თუ ეს მოხდა, ორივე მხარე მოგებული დარჩება. პერკინსი ხომ მაღალი დონის კალათბურთელია, რომელმაც მუხლის ტრავმის შემდეგ "კანტუში" ფორმა აღიდგინა და საქართველოს ნაკრებსაც დიდ სამსახურს გაუწევს.

თავის მხრივ, ევროპული ქვეყნის პასპორტი მას კლუბებში გამოადგება - ამერიკელად აღარ ჩაითვლება"
.

უახლოეს მომავალში გამოჩნდება, იტალიელმა ჟურნალისტმა რამდენად სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია. ერთის დამატება ჩვენც შეგვიძლია: სარწმუნო ცნობით, პერკინსი მართლაც იყო კანდიდატთა შორის, მაგრამ მოლაპარაკება შედეგიანად დასრულდა, თუ კალათბურთის ფედერაცია სხვა გვარს დაასახელებს, ამასაც მალე გავიგებთ.

ცნობისთვის: პერკინსი "კანტუს" მაისურით იტალიის ჩემპიონატში საშუალოდ 30.1 წუთში 11.8 ქულას, 4.2 პასსა და 6.6 მოხსნას აგროვებს.

P.S. 4 მაისს ღამით იტალიელმა ჟურნალისტმა, რომელიც "კანტუს" შესახებ ხშირად წერს, ასეთი რამ მითხრა: "შემიძლია დაგიდასტურო, რომ დორონ პერკინსი საქართველოს პასპორტის მიღებაზე მუშაობს. ისიც შევიტყვე, რომ იგი მომავალ სეზონში "კანტუში" აღარ ითამაშებს".

"ნეტავ ვინ არის ის ახალგაზრდა..." (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული