მაგალითად, "ვირტუსს" სეზონი რამდენიმე დღის დასრულებული ჰქონდა, როცა ვიქტორ სანიკიძეს სიენას "მონტეპასკიმ" სამწლიანი ხელშეკრულება შესთავაზა.
გიორგი შერმადინს კი "მაქაბიმ" ორწლიანი კონტრაქტი მაისში გაუფორმა. 23 წლის, 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი თელავივური კლუბის პირველი შენაძენი აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელ დევიდ ბლატს იგი საკვანძო ფიგურად სჭირდება.
კონკრეტულად რა დაევალება გიორგის და როგორ მოერგება ბლატისეულ დაზეთილ მექანიზმს, ამას მომავალ სეზონში ვნახავთ.
მაქაბი
- "კანტუსთან" ერთად სეზონის დასრულების შემდეგ ისრაელში ხომ არ ჩასულხარ?
- არა. თელ-ავივში სამედიცინო შემოწმების გავლის მიზნით მომიწევს გადაფრენა, თუმცა ზუსტად არ ვიცი, როდის. შესაძლოა, მომდევნო თვეში ან სანაკრებო მატჩების დასრულების შემდეგ.
- საქართველოშიც "მაქაბის" ღირსებას იცავდი. უცხოეთში არაერთი კლუბი მოიარე და ბოლოს ისევ "მაქაბის" მიაშურე...
- წინასწარ ნამდვილად არ ჩამიფიქრებია, უბრალოდ, ასე დაემთხვა. განვლილი სეზონის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი ინტერესი ისრაელის "მაქაბიმ" გამოიჩინა და არც მე ვიყავი წინააღმდეგი.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ყვითელ-ლურჯი მაისურა ჩემთვის უცხო არ არის, საქართველოშიც მეცვა. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
- ცნობილია, "კანტუსაც" სურდა კონტრაქტის გახანგრძლივება. თვლი, რომ "მაქაბიში" გადასვლა სწორი ნაბიჯი იყო?
- ასე რომ არ ვთვლიდე, კონტრაქტი არ შედგებოდა. საერთოდაც, გადადგმულ ნაბიჯზე არასოდეს უნდა ინანო.
თელავიველებს კარგი გუნდი ჰყავთ, ფუნქციები ყველა კალათბურთელზე თანაბრადაა გადანაწილებული და შესაძლებლობებს თითოეული წევრი სათანადოდ ავლენს. ამიტომ, იმის საჩვენებლად, რა შემიძლია, ვფიქრობ, შანსი მეც საკმარისად მექნება.
- ხელშეკრულების გაფორმებამდე "მაქაბის" მწვრთნელ დევიდ ბლატს თუ ელაპარაკე?
- გუნდში გადასვლის წინ მწვრთნელთან არ მისაუბრია, თუმცა არაერთხელ შევხვედრივარ. "მაქაბის" წინააღმდეგ ევროლიგაზე ორჯერ სლოვენიის "ოლიმპიას" მაისურით ვითამაშე, ორჯერაც "კანტუს" ფორმით.
ბოლო მატჩის წინ ბლატი გამოსასვლელში იდგა და თბილადაც მომესალმა. ალბათ, მაშინ ჩემი გადაყვანა მონახაზში უკვე ჰქონდა. კინაღამ გამომრჩა - ბლატს 2011-12 წლებში სულ ხუთჯერ შევხვდი - ევრობასკეტზე ის რუსეთის ნაკრებს წვრთნიდა.
კანტუ
- აღნიშნე, რომ "მაქაბიში" ფუნქციები ყველა კალათბურთელზე თანაბრადაა განაწილებულიო. იგივეს თქმა შეიძლება "კანტუზე", რომელშიც წარმატებული სეზონი გქონდა...
- არ ვიცი, 2011-12 წლების სეზონი სხვა გუნდში რომ ჩამეტარებინა, რა შედეგს ვუჩვენებდი, მაგრამ, ვფიქრობ, "კანტუში" მართლაც თავისუფლად ვითამაშე.
ამის მთავარი მიზეზი მწვრთნელი ანდრეა ტრინკიერი გახლდათ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.
იგი გუნდისთვის ყველაფერი იყო - ტაქტიკოსიც, ფსიქოლოგიც, ექიმიც... ამიტომაც ჰქონდა მაღალი შედეგები - "კანტუმ" ევროლიგაზე არაერთ ძლიერ გუნდს აჯობა და ტოპ-16-ში ითამაშა, ხოლო მეოთხედფინალში გასასვლელად ძალიან ცოტა დააკლდა.
- სეზონის ბოლოს გულშემატკივარი გუნდისგან კვლავ იტალიის ჩემპიონატის ფინალში მოხვედრას ელოდა, მაგრამ ასპარეზობას მეოთხედფინალიდან გამოეთიშა. რა იყო ამის მიზეზი?
- სეზონის ბოლოს გუნდის თამაშზე უარყოფითი გავლენა ტრავმებმა მოახდინა. პლეი ოფში გუნდს ვერ დავეხმარეთ მე, მიკოვი, სჩეკიჩი.
ზოგი კალათბურთელი მეოთხედფინალს ახლად გამოჯანმრთელებული შეხვდა. პესაროს "სკავოლინისთან" გადამწყვეტ შეხვედრებში მთელი დატვირთვა 6-7 კალათბურთელზე მოდიოდა...
- იტალიელები უკმაყოფილონი იყვნენ - მოეცადათ და "მაქაბისთან" ხელშეკრულება "კანტუს" მატჩების დასრულების შემდეგ გაეფორმებინათო. მართლა ადრე მოაწერე ხელი კონტრაქტს?
- თავიდან რამდენიმე საიტმა (მათ შორის, ლიტვურმა) დაწერა - შერმადინი "მაქაბიში" გადავიდაო, რამაც დიდი ხმაური გამოიწვია.
ეს ტყუილი იყო, მაშინ ხელშეკრულება ნამდვილად არ მქონდა გაფორმებული. სეზონის ბოლოს "მაქაბის" პრეზიდენტმა რომ გამოაცხადა, შერმადინი დავიმატეთო, მაშინ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.
- კანტუელი თანაგუნდელი დორონ პერკინსიც "მაქაბიში" აპირებდა დაბრუნებას...
- სურვილი ჰქონდა, მაგრამ ისრაელის ჩემპიონის შემადგენლობაში დორონის პოზიციაზე ლენგფორდი თამაშობს. თუ იგი გუნდში დარჩება, პერკინსი, ალბათ, სხვაგან წავა.
- ისიც ითქვა, "მაქაბის" შარუნას იასიკიევიჩუსი სურსო...
- შარუნასთან ძალიან ახლოს ვარ, კარგი პიროვნებაა. მასთან ერთად ბერძნულ "პანათინაიკოსში" ვთამაშობდი. გამეხარდება, თუ კვლავ მის გვერდით მომიწევს ასპარეზობა.
ტრავმა
- მეოთხედფინალებში მწვრთნელმა გუნდის განაცხადში შეგიყვანა. მოედანზე გამოჩენასაც ველოდით, მაგრამ ამაოდ. ტრავმა ბოლომდე არ გქონდა მოშუშებული?
- მცირე ტკივილს ახლაც ვგრძნობ. ცხადია, მაისშიც არ ვიყავი სათამაშოდ მზად. მოედანზე ამიტომაც ვერ გავედი.
- კონკრეტულად რა დაგიზიანდა?
- ტერფის თითის ძვალი იყო გაბზარული. იტალიელმა ექიმებმა ლითონი ჩამიდგეს, რომელიც ახლაც ფეხში მაქვს. მირჩიეს, ასე უფრო მყარად იქნებაო.
- ვარჯიშს როდის შეუდგები?
- 2 ივლისს საქართველოს ნაკრები შეიკრიბება. მინდა მზადება გუნდის დანარჩენ წევრებთან ერთად დავიწყო, მაგრამ მანამდე სურათს გადავიღებ, ექიმებს ვუჩვენებ და თუ ყველაფერი კარგად იქნება, ვარჯიშსაც შევუდგები.
ეროვნული
- კარს მოგვადგა ევროპის მორიგი ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. გულშემატკივარს ამ საკითხთან დაკავშირებით თითოეული კალათბურთელის მოსაზრება აინტერესებს...
- მთავარია, მოსამზადებელ ეტაპსა და თამაშებს ყველა ჯანმრთელად შევხვდეთ. სეზონის ბოლოს ზაზა ფაჩულიასაც ფეხის პრობლემა ჰქონდა, ჩემი მდგომარეობა უკვე გაგაცანით.
საქართველოს ნაკრების თამაშზე ერთი კალათბურთელის დანაკლისიც გარკვეულ გავლენას ახდენს. იმედი მაქვს, ყველა მწყობრში ვიქნებით და ნატურალიზებული ამერიკელიც სათანადოდ შეგვეწყობა, თუმცა ჯერ არ ვიცით, ვინ არის.
შარშანდელზე უკეთესად უნდა ვითამაშოთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, წლეულს ოთხი თამაში თბილისში გვაქვს, სავსე ტრიბუნების წინაშე მოგვიწევს გამოსვლა და ჩვენი გულშემატკივარი არ უნდა გავაწბილოთ.
- ბოსნიის ნაკრების რამდენიმე წევრის წინააღმდეგ გასულ სეზონში ითამაშე...
- მირზა ტელეტოვიჩი ესპანურ "კახა ლაბორალში" ასპარეზობს. ფიზიკურად ძალიან ძლიერია და კარგი შემსრულებელიცაა. მისი შეჩერება იოლი არ არის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტელეტოვიჩის პოზიციაზე ჩვენს გუნდში ვიქტორ სანიკიძე თამაშობს.
"რომას" უკანახაზელი ნიჰად დედოვიჩიც სერიოზული მოთამაშეა. მას დრაფტზე არჩევას უწინასწარმეტყველებენ. თუმცა, საერთო ჯამში, ბოსნიაზე არანაკლები გუნდი გვყავს.
- დანარჩენ მეტოქეებსაც მეტ-ნაკლებად კარგად იცნობ...
- ლატვიელებს შარშან ამხანაგურად ორჯერ ვეთამაშეთ. მოგება-წაგება გავცვალეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ არც ბალტიისპირელებს ჰყავთ ურიგო გუნდი. იგივე უნდა ითქვას ჰოლანდიაზე. თუმცა სადღეისოდ ყველა მეტოქეზე მსჯელობა რთულია.
წინ ეტაპობრივად უნდა ვიაროთ. ჯერ უახლოესი მოწინააღმდეგისთვის მოვემზადოთ, შემდეგ მეორესთვის, მესამესთვის და ა.შ.
დიდი პასუხისმგებლობა: საქართველოში, სავსე ტრიბუნების წინ... (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"