ამას მოსდევს კრიტიკული კომენტარები, თავდახრილი ელით ფედერაცია როდის მოისურვებს და სანაკრებო სიას გაგაცნობთო.
სიმართლე გითხრათ, თავდახრილი არავინ ელის, ერთ-ერთი კანდიდატის, დორონ პერკინსის შესახებ რომ შევიტყვეთ, იტალიელ ჟურნალისტს დავუკავშირდით და მასთან დავაზუსტეთ. გაირკვა, რომ დორონი მართლაც მუშაობს ევროპული პასპორტის მიღებაზე, სავარაუდოდ საქართველოსაზე.
თბილისიდან არაერთმა ჟურნალისტმა დაურეკა პერკინსის თანაგუნდელებს, მანუჩარ მარკოიშვილსა და გიორგი შერმადინს, რომლებიც ნამდვილად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. აი, რატომ:
გამოდის, ფედერაციის დაფარული კალათბურთელებმა უნდა გაამჟღავნონ?
თუნდაც ასეთი სიტუაციის თავიდან ასარიდებლად ფედერაციიდან შესაძლოა გამოსულიყო ცნობა - დორონი არა, სხვა ჩამოგვყავს. ან - პერკინსთან მოლაპარაკება მიდის, მაგრამ ცოტა დაგვაცადეთო...
ამასობაში რუსულ თუ ინგლისურენოვან საიტებს ყოველდღიურად ვქექავთ, იმ იმედით, რომ სადმე ნაკრების მომავალი წევრის ვინაობას გადავეყრებით, მაგრამ ამაოდ. ერთხელ კი გაგვიმართლა: 2006 წელს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად თურმე ჯეი ტრაიანო დანიშნულა, ჩვენ ეს ინტერნეტში აღმოვაჩინეთ და ჟურნალისტური ტერმინი რომ გამოვიყენოთ - ყველას დავასწარით.
ისიც გვესმის, რომ სასურველი ლეგიონერის მოძებნა რთული საქმეა, საჭიროა იმაზე უკეთესი იყოს, ვინც გასულ ეტაპზე გვყავდა, ხასიათიც კარგი უნდა ჰქონდეს, სამქულიანის სროლა იცოდეს.
მაგრამ ქართული ფილმის გმირისა არ იყოს: "შენ რო გყავ, იმაი რო ჰყავ?!" მაკედონიას ბო მაკალები ჰყავს, ბოსნიას ჰენრი დომარკანტი ჰყავდა, ბულგარელები ყოველწლიურად ერთმანეთზე უკეთეს ამერიკელებს იმატებენ.
შორს რად მივდივართ - აგერ აზერბაიჯანელებმა სწორედ იმ ტიპის და იმ დონის უცხოელი დაიმატეს, როგორიც ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრებს სჭირდება - კარგი მსროლელი მადრიდის "რეალიდან", ჯეის ქეროლი. სამქულიანებში მანუჩარს ჯეისი რომ მიეხმარებოდა, რომელი მეტოქე დაგვიდგებოდა პერიმეტრზე?
მეორე საკითხია, გვინდა თუ არა ამერიკელი. თუმცა, ეს თემა დახურულია - გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრებს ლეგიონერი სჭირდება. დავაზუსტებთ - კარგი ლეგიონერი.
უცხოელს თავი დავანებოთ, ჩენი გუნდი 1 ივნისს თბილისში არასრული შემადგენლობით იკრიბება. ნუთუ ნაკრებში ჯერ არავინ მიუწვევიათ? ხომ შეიძლება ქართული გვარები მაინც გამოცხადდეს, შემდეგ ლეგიონერზე ითქვას. ერთს ხომ ორი სჯობს. სად ერთხელ რომ დატრიალდება საკალათბურთო ამბები მედიაში და სად - ორჯერ. მეტი რეკლამა სპორტის ამ სახეობას თუ არ არგებს, ნამდვილად არ აწყენს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ
გიორგი შერმადინი: ნაკრებმა შარშანდელზე უკეთესად უნდა ითამაშოს
ინტერვიუ საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატ დორონ პერკინსთან
საქართველოს ნაკრებში იტალიური "კანტუს" მოთამაშე დერონ პერკინსი ჩამოჰყავთ?