თვის დასაწყისში მონაწილეთა რაოდენობა 24 გუნდამდე კი გაზარდეს, მაგრამ ბურუსით იყო მოცული უამრავი საინტერესო საკითხი: ევროპის ჩემპიონატის ფორმატი, ტურნირის გამართვის ვადები, წილისყრის თარიღი...
ფიბა-ევროპას ბურუსის გასაფანტად 20 დღეც არ დასჭირდა, გაირკვა, რომ წილისყრა 25 იანვარს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში
გაიმართება, დაზუსტდა გათამაშების ფორმატი და შეჯიბრების ყველა თარიღი.
***
დავიწყოთ კალენდრით. როგორც წესი, ფიბა-ევროპა
აქამდე ვიცოდით, რომ ევროპის ჩემპიონატი 3 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა გახსნამ სამი დღით გადმოიწია - ევრობასკეტი-2011 31 აგვისტოს დაიწყება. ჯგუფური ეტაპის სამი მატჩი 31 აგვისტოს, 1 და 2 სექტემბერს ჩატარდება, 3-ში ყველა ჯგუფში დასვენებაა, დარჩენილი ორი თამაში კი 4 და 5 სექტემბერს გაიმართება.
მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩები 7 სექტემბერს დაიწყება, ხოლო მეოთხედფინალები - 14-ში. ფინალური შეხვედრა 18 სექტემბერს იგეგმება. ასე რომ, ევროფორუმი 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე გასტანს.
***
ტურნირის დასაწყისის სამი დღით გადმოწევის მიზეზი ფორმატია. ერთი ვარიანტის მიხედვით, 24 გუნდი 4 ექვსგუნდიან ჯგუფად უნდა გაყოფილიყო, საიდანაც საუკეთესო ოთხეულები მერვედფინალებს ითამაშებდნენ. ასეთ შემთხვევაში ფინალისტ გუნდებს 9 მატჩის ჩატარება მოუწევდათ და ტურნირიც 3 სექტემბერს დაიწყებოდა.
საბოლოოდ დამტკიცდა მეორე ვარიანტი, რომლის მიხედვით ფინალისტ გუნდებს 11 შეხვედრის ჩატარება მოუწევთ. ამიტომაც გადაწყდა ჩემპიონატის 31 აგვისტოს დაწყება. ეს ფორმატიც 24 ნაკრების ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფად განაწილებას ითვალისწინებს, თუმცა მომდევნო ეტაპზე 3-3 საუკეთესო, ანუ 12 ნაკრები გავა, რომლებიც ორ ჯგუფად დაიყოფიან. ერთი ჯგუფიდან გადასულ სამეულებს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები მეორე ეტაპზეც გადაჰყვებათ. მეოთხედფინალში გასასვლელად საკმარისია ოთხეულში მოხვედრა. ამას მოჰყვება ნახევარფინალი და ფინალი...
***
დაველოდოთ 25 იანვარს და ვნახოთ, საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად წილისყრა ვის არგუნებს. მანამდე ვავეცნოთ განთესვის შედეგებს, რომლის მიხედვით საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათშია.
I კალათი: თურქეთი, ლიტვა, სერბეთი, ესპანეთი.
II კალათი: რუსეთი, სლოვენია, საბერძნეთი, საფრანგეთი.
III კალათი: ხორვატია, გერმანია, ჩერნოგორია, ბელგია.
IV კალათი: დიდი ბრიტანეთი, მაკედონია, ისრაელი, საქართველო.
V კალათი: იტალია, ბულგარეთი, უკრაინა, პოლონეთი.
VI კალათი: ბოსნია, ლატვია...
მეექვსე კალათში დარჩენილ ორ ადგილს საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე გუნდები (ფინეთი, უნგრეთი, პორტუგალია) შეავსებენ. ეს შეჯიბრება 3-24 აგვისტოს მიმოსვლის სისტემით გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"