საქართველოს ნაკრები არასწორად იწყებს!

AutoSharing Option
ნაკრები არასწორად იწყებს! - ეს მხოლოდ ჩემი აზრი რომ იყოს, არც დავწერდი და მით უმეტეს, არც ძახილის ნიშანს დავუსვამდი.

28 ივნისს საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გვითხრეს: ნაკრებში მარკიზ ჰეინსს ევროპაში 2011 წელს გადმოსული კორი ფიშერი შეცვლის, ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევ ტურნირში გუნდის გაახალგაზრდავება გადავწყვიტეთ და არ გამოვიძახეთ ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ლაშა გამყრელიძე და ვლადიმერ ბოისაო...

ეს რომ შევიტყვეთ, ჟურნალისტები გაოცებულები დავრჩით - ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში საშუალოდ 5-ზე მეტ წუთს 10 კალათბურთელი თამაშობდა, რომელთაგან სამი სწორედ ნიკა ცქიტიშვილი, ვლადიმერ
ბოისა და ლაშა გამყრელიძე იყვნენ.

მათი გამოკლებით გვრჩება შვიდი კალათბურთელი. თუ ამ ათეულის ღირსეული შემცვლელი იყო, რატომ არ ენდობოდნენ, ან საერთოდ, რატომ არ აიყვანეს ნაკრებში? გადავხედოთ განვლილ საკლუბო სეზონს: ზემოხსენებული შვიდი კალათბურთელის გარდა, ვინ ითამაშა გამყრელიძეზე ან ცქიტიშვილზე უკეთესად? ვფიქრობ, არავინ.

რაც შეეხება ვლადიმერ ბოისას, განვლილი სეზონი სათანადოდ ვერ ააწყო, თუმცა მისი გამოცდილების კალათბურთელი გუნდს მაინც გამოადგებოდა.

გამოდის, რომ ნაკრებში ოპტიმალური შემადგენლობა არ შეკრებილა (ასეთია ჩემი აზრი). რატომ? ამ კითხვაზე პასუხად მწვრთნელები გაახალგაზრდავებაზე აქცენტირებას ასახელებენ, მაგრამ ლოგიკა მაინც არ ჩანს:

შესაძლოა, 30 წელს გადაბიჯებული კალათბურთელი მასზე ათი წლით უმცროსით შეცვალო, მაგრამ გამყრელიძე ხომ ჯერ ასეთ ასაკში არ არის და კალათბურთს, ალბათ, მინიმუმ ოთხ-ხუთ წელიწადს კიდევ ითამაშებს.

ვის რა უნდა ჰქონდეს გაახალგაზრდავების საწინააღმდეგო, 18-19 წლის მოთამაშეები ნაკრებში აუცილებლად უნდა ვარჯიშობდნენ, უნდა ითამაშონ კიდეც, მაგრამ ისინი ნელ-ნელა უნდა შეეწყონ ეროვნულ გუნდს.

ნაკრების მეორე მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა აღნიშნა კიდეც - ზოგიერთ ახალგაზრდას შესაძლოა თამაში არც მოუწიოს, გათვლას მომავალზე ვაკეთებთო. თუ არ ითამაშებენ, ხომ შეიძლებოდა, ახალგაზრდები გუნდში ადაპტაციისთვის ეხმოთ და ოპტიმალური შემადგენლობის შეკრების მიზნით კიდევ სამი კალათბურთელი დარჩენილიყო?

ლოგიკურია, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ჟურნალისტებზე მეტად აღელვებს გუნდის ბედი და უკეთესად იცის, რას აკეთებს. თუმცა ერთი შეკითხვა მაინც ჩნდება: თუ ნაკრებში სერიოზულ ცვლილებებს გეგმავდა, არ შეიძლებოდა ამერიკულ "ფინიქსში" სეზონის დასრულების შემდეგ (აპრილში) საქართველოში ჩამოსულიყო და ის კანდიდატები ცოცხლად ენახა, ვის გამოძახებასაც აპირებდა?

აგერ, რუსეთის ნაკრების თავკაცი დევიდ ბლატი "მაქაბისთან" სეზონის დასრულებისთანავე მოსკოვში გამოცხადდა... სხვათა შორის, ნაკრებში გამოძახებულთაგან რვა კალათბურთელი უშუალოდ მოედანზე ბატონ იგორს არ უნახავს.

ამას, ალბათ, ერთი გამართლება აქვს - საქართველოში მომუშავე ასისტენტებს ენდობა. მათ კომპეტენციაში ეჭვის შეტანა ნამდვილად არ ეგების, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იგორ კოკოშკოვს სულ სხვა კალათბურთელი დაენახა ნაკრების მომავლად? ვთქვათ, ბექა ჩიკვილაძე, რომელიც 1991 წელსაა დაბადებული და 44 ქულით (ერთი მატჩის მიხედვით) საქართველოს ჩემპიონატის რეკორდსმენია. ან ბექა ბურჯანაძე, რომელიც მერაბ ბოქოლიშვილთანა და დუდა სანაძესთან ერთად ახალგაზრდული ნაკრების წამყვანი მოთამაშეა, თუმცა ჯერ 18 წლისაა...

კიდევ ერთი თემა, რაზედაც დღესვე შეიძლება სკეპტიკურად ლაპარაკი - ნატურალიზებული კალათბურთელი.

პრესკონფერენციაზე ფურცლები დაგვირიგეს, სადაც ფიშერის დოსიე ეწერა. გვარი რომ წავიკითხე, გამეხარდა - დორ ფიშერი ევროპაში გამოცდილი კალათბურთელია, მადრიდის "რეალისა" და "ბილბაოს" მაისურით ევროლიგაზე აქვს ნათამაშები, მარკიზ ჰეინსს ნამდვილად აჯობებს-მეთქი.

კარგად რომ დავუკვირდი, დორი კი არა, კორი ფიშერი ყოფილა: 1988 წელს დაბადებული, ევროპაში თამაშის ერთწლიანი გამოცდილებით (თურქულ "ანთალიაში" გამოდიოდა).

საყოველთაო აღიარებით, ევროპის ჩემპიონატის წინ გამოუცდელი მარკიზ ჰეინსის ჩამოყვანა შეცდომად ჩაითვალა.

გამოდის, რომ ერთი წლის შემდეგ იგივეს ვიმეორებთ; თუ წინასწარ ვიცით, რომ კორი გაამართლებს?

პრესკონფერენციაზე ისიც ითქვა - ფიშერი სასტარტო გამთამაშებელი იქნება, ცინცაძე სათადარიგოო. რატომღაც არ მჯერა, რომ გიორგიზე ორი წლით უმცროსი, ახალ ატმოსფეროში მოხვედრილი ამერიკელი იმაზე მეტად გამოადგება გუნდს, ვიდრე ცინცაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების ახალი წევრი კორი ფიშერია
მკითხველის კომენტარები / 6 /
აბსოლიტურად გეთანხმებით. განსაცვიფრებელი შემადგენლობაა, რატო? რისთვის? მერაბ ბოქოლიშვილი; რეზო როგავა; ოთარ ფხაკაძე; ბესო ლეჟავა (დისკვალიფიკაცია ეტყობა სიმბოლური იყო); ეს იმ კალათბურთელთა გვარებია, რომელებიც საერთოდ ვერაფერს შესძენს ნაკრებს. მით უმეთეს როდესაც არსებობს ისეთი კალათბურთელები როგორიცაა თუნდაც ჩიკვილაძე და კიდევ სხვები (არ მინდა მიკერძოებაში ჩამომართვან)
რაც შეეხება ასისტენტების კომპეტენციას ცოტა ეჭვი მეპარება უსტიაშვილის არჩეული და გადარჩეულის..... ან საერთოდ ამ კაცს ვინ ყავს ისეთი რომ ყველგან თვალში გვეჩხირება, ყველამ კარგად ვიცით რა შეუძლია და რა დონის მწვრთნელია.
კალათბურთის გულშემატკივარი
12:14 29-06-2012
0
მეც აბსოლიტურად ვეთანხმები სტატიის ავტორს ნიკა ცქიტიშვილთან მიმართებაში. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში გრძელი სკამი აუცილებელია ნიკას არ გამოძახება რომელიც საუკეთესო ფორმაშია დანაშაულია! მას უბრალოდ შეცვლელი არ ყავს. შეიძლება ითქვას რომ საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო მე-6 მოთამაშე დაკარგა. ჩემთვის აბსოლიტურად მიუღებელია ასეთი უსაფუძვლო არუმენტაცია რაც ფედერაციამ მოიყვანა.
Irakli
13:43 29-06-2012
0

სიახლეები პოპულარული