აკაკი დვალიშვილი: ვეცდები, ეროვნულ ნაკრებში ნაბოძები შანსი გამოვიყენო

AutoSharing Option
სხვა ახალწვეულებთან ერთად, აკაკი დვალიშვილი ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახეს.

კალათბურთელს, რომელსაც ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ყოველთვის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა, შრომა დაუფასდა და შანსი ეძლევა, ეროვნულ გუნდში ადგილი დაიმკვიდროს.

დვალიშვილი გასულ სეზონში შსს-სა და სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა, სადაც, საშუალოდ, ორმაგ დუბლს აგროვებდა.

დვალიშვილი დღესდღეობით ეროვნულ ნაკრებში ვარჯიშობს და იმედი აქვს, ადგილს ძირითად შემადგენლობაშიც მოიპოვებს

- ელოდი თუ არა ნაკრებში გამოძახებას?
- რომ ვთქვა, ნაკრებში თამაშზე არ ვფიქრობდი-მეთქი, არ იქნება მართალი. შესაბამისად, ველოდი, რომ გამომიძახებდნენ, თუმცა ვიცოდი, ეს მწვრთნელების
გადასაწყვეტი იყო. იმის ამბიცია არ მქონია, რომ გინდა თუ არა, უნდა გამომიძახონ-მეთქი.

- ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი დავით უსტიაშვილია, რომელმაც კარგად იცის შენი შესაძლებლობები...
- დავით უსტიაშვილთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება მაქვს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. უსტიაშვილი ჩემი მწვრთნელი იყო რუსთავის "ენერჯი ინვესტში", ასევე, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებებში. მან კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები და მიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა ეროვნულ ნაკრებშიც გრძელდება. იმედი მაქვს, ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

- ფიქრობ, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას მოახერხებ?
- რადგან გამომიძახეს, თავისთავად შანსსაც მაძლევენ. ეს კარგად მაქვს გაცნობიერებული და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დავიმსახურო.

- შენს პოზიციაზე არსებულ კონკურენციაზე რას იტყვი?
- ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავს. ვისარგებლებ შემთხვევით და თორნიკე შენგელიას დრაფტზე წარმატებას მივულოცავ. ვუსურვებ, NBA-შიც გამოეჩინოს თავი. ის ჩემს პოზიციაზე თამაშობს, ისევე, როგორც ნიკა მეტრეველი და ბექა ბექაური. ყველა ძალიან კარგი ბიჭია, მონდომებულები, შრომისმოყვარეები და მიზანსწაფულები არიან. კონკურენცია ზომაზე დიდია, რაც დამატებით სტიმულს მაძლევს.

- ნაკრებთან უკვე მეორე ვარჯიში ჩაატარე. რითი გრძნობ, რომ ეროვნულ ნაკრებში ხარ?
- ნაკრები კალათბურთელის პიკია. ყველა ეროვნულ გუნდში თამაშისკენ მიილტვის და როცა პირველად გამოგიძახებენ, თავისთავად ამაღლებული, განსხვავებული გრძნობაა.

დღესდღეობით ვისთანაც ვვარჯიშობ, უმეტესობასთან ადრეც მივარჯიშია და მითამაშია, თუმცა ახლა სულ სხვა გრძნობა მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ფიზიკურად ვვარჯიშობთ, თითოეული მომენტი ემოციურად დამუხტულია.

- გასულ სეზონს როგორ შეაფასებ?
- საქართველოს სუპერლიგიდან საკმაოდ ბევრი კალათბურთელი გამოიძახეს ნაკრებში, რაც იმის მანიშნებელია, რომ დონე ძალიან გაზრდილია. საქართველოს ჩემპიონატში რომ გამორჩეული ხარ, ნაკრებში თამაშის შანსიც გეძლევა. ეს ძალიან დიდი სტიმულია და დარწმუნებული ვარ, მომავალში სუპერლიგაში კონკურენცია კიდევ უფრო გამძაფრდება, რითაც ჩემპიონატის დონე მოიმატებს და მაყურებელიც მოგებული დარჩება.

- სუპერლიგაში გუნდი გამოიცვალე. რატომ გადაწყვიტე "ოლიმპში" თამაში?
- მქონდა რამდენიმე ვარიანტი. მაგალითად, "დინამო", "რუსთავი" მეპატიჟებოდნენ, თსსუ-საც სურდა ჩემი დატოვება, თუმცა არჩევანი "ოლიმპზე" გავაკეთე, რომელიც ამბიციური და საკმაოდ ძლიერი გუნდია.

სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, "ოლიმპში" გადასვლა იმიტომაც გადავწყვიტე, რომ ამ გუნდში ვარჯიშისა და ფიზმომზადების იდეალური პირობები მექნება. "ოლიმპს" ქართულ კლუბებში საუკეთესო პირობები და ინფრასტრუქტურა აქვს.

შეგახსენებთ ეროვნული ნაკრების მოსამზადებელ გეგმასა და ოფიციალური მატჩების განრიგს:

2-16 ივლისი: ფიზიკური მომზადების ვარჯიშები თბილისში

17-28 ივლისი: შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია)

29-31 ივლისი: საერთაშორისო ტურნირი ტალინში (ესტონეთი). მონაწილეობენ: საქართველო, ესტონეთი, ჩეხეთი და აშშ-ის ერთ-ერთი საუნივერსიტეტო გუნდი

1-5 აგვისტო: შეკრება შტაინბრუნში (ავსტრია)

4 აგვისტო: საკონტროლო მატჩი ავსტრია-საქართველო ავსტრიაში (ქალაქი დადგინდება მოგვიანებით)

7-9 აგვისტო: საერთაშორისო ტურნირი თბილისში. მონაწილეობენ: საქართველო, უკრაინა, ესტონეთი, ბელარუსი

13 აგვისტო: საკონტროლო მატჩი გერმანია-საქართველო ლაიფციგში (გერმანია)

18 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-რუმინეთი თბილისში

21 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ბოსნია-საქართველო სარაევოში (ბოსნია)

24 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ლატვია თბილისში

21 აგვისტო: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ჰოლანდია-საქართველო ალმერეში (ჰოლანდია)

2 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი რუმინეთი-საქართველო სიბიუში (რუმინეთი)

5 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ბოსნია თბილისში

8 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ლატვია-საქართველო რიგაში (ლატვია)

11 სექტემბერი: ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველო-ჰოლანდია თბილისში

gbf.ge

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები არასრულად შეიკრიბა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული