ლეჟავას შარშან საქართველოს ჩემპიონატში უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა: მსაჯის შეურაცხყოფისთვის დისკვალიფიკაცია მიიღო და იძულებული გახდა, კარიერა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა.
კვიპროსულ "აპოლონში" ლეჟავამ საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა და ნაკრების ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო.
მას შანსი ეძლევა, ნაკრების გაფართოებული შემადგენლობიდან ძირითად გუნდში პირველად მოხვდეს.
კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდი ლეჟავას ნაკრების ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ ესაუბრა.
- ნაკრებში გამოძახებამ ძალიან გამახარა. გულით მინდოდა, ეროვნულ გუნდში
- შარშანდელი ინციდენტის გამო?
- დიახ, დისკვალიფიკაციას ვგულისხმობ. მინდა აღვნიშნო, რომ ის, რაც მაშინ მოხდა, გაცნობიერებულად არ გამიკეთებია. ყველაფერი აფექტის გამო მოხდა. ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომ თავი ვეღარ გავაკონტროლე.
ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი რამ შემემთხვა და ვთხოვ გულშემატკივარს, თუ შეუძლია, ჩემს მიმართ შემწყნარებლობა გამოიჩინოს. ის, რომ ნაკრების ხელმძღვანელობამ ნდობა გამომიცხადა, ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ როგორც მუშაობით, ისე სათამაშო დისციპლინით, გაცემული ავანსი გავამართლო.
- ნაკრებში პირველად არ გამოუძახებიხართ...
- ნაკრებში პირველად გორდონ ჰერბერტმა გამომიძახა, თუმცა მალევე ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კენ შილდსმა შეცვალა.
ნაკრებთან ერთად საფრანგეთსა და ბულგარეთში ამხანაგური მატჩები ვითამაშე, მაგრამ ძირითად 12 კალათბურთელში ვეღარ მოვხვდი.
- კოკოშკოვის ფორმაციის ნაკრებშიც იყავი გამოძახებული...
- დიახ, კოკოშკოვმა პირველივე შეკრებაზე გამომიძახა, მაგრამ იმ შემადგენლობაში ვერ მოვხვდი, რომელიც უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრა. მას შემდეგ 4 წელი გავიდა და მწვრთნელმა შანსი ხელახლა მიბოძა. ვფიქრობ, ახლა უფრო მეტი გამოცდილება მაქვს და შემიძლია, ნაკრებს გამოვადგე.
- რას იტყვი იმ კონკურენციაზე, რომელიც ნაკრებში შენს პოზიციაზეა?
- მანუჩარ მარკოიშვილი არა მხოლოდ ჩემს პოზიციაზე, არამედ მთელ ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. მე მასთან და ეროვნული ნაკრების კიდევ რამდენიმე წევრთან ერთად ასაკობრივ ნაკრებებში მითამაშია.
მათთან საკმაოდ შეთამაშებული ვარ და ვფიქრობ, ერთმანეთს მოედანზე ახლაც კარგად გავუგებთ.
- როგორ ფიქრობ, მოახერხებ ძირითად გუნდში მოხვედრას?
- ვერ ვიტყვი, რომ 12 კაცში აუცილებლად მოვხვდები, თუმცა საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. ჩემს პოზიციაზე, მარკოიშვილთან ერთად, დუდა სანაძე და მერაბ ბოქოლიშვილი არიან. ორივე კალათბურთელი ძალიან პერსპექტიულია.
მათთან მიმართებაში ჩემი კოზირი გამოცდილებაა, თუმცა ვინც კარგად წარმოაჩენს თავს, ნაკრებშიც ის მოხვდება. ყველაფერი მწვრთნელის გადასაწყვეტია.
- გასული სეზონი შენთვის წარმატებული გამოდგა. რას იტყვი "აპოლონში" ჩატარებულ მატჩებზე?
- კვიპროსში სათამაშოდ არ წავიდოდი, საქართველოს ჩემპიონატში დისკვალიფიკაცია რომ არ მიმეღო. როგორც ვიცი, სოხუმელთა მწვრთნელ აინარს ბაგატსკისს ჩემი გუნდში აყვანა უნდოდა.
დისკვალიფიკაცია რომ მივიღე, სწორედ ბაგატსკისი დამეხმარა უცხოური კლუბის მოძებნაში. მისი რეკომენდაციით გავემგზავრე "აპოლონში" და საბოლოოდ ამ გუნდში მოვეწყვე. ვისარგებლებ შემთხვევით და აინარს ბაგატსკისს, რომელიც ჩვენი ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქის, ლატვიის თავკაცია, მადლობას გადავუხდი.
- თვლი, რომ "აპოლონში" შენი მაქსიმუმი გამოავლინე?
- არა, მეტიც შემეძლო, თუმცა მთლიანობაში, ურიგო სეზონი არ ჩამიტარებია. კვიპროსის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალი დონისაა და იქ იოლ გასეირნებას არავინ უნდა ელოდოს.
სასტარტო ხუთეულში არ ვიყავი, თუმცა მოედანზე, საშუალოდ, 20 წუთს ვატარებდი და გუნდს საჭირო დახმარებას ვუწევდი. წარმოიდგინეთ, "აპოლონში" 9 ლეგიონერი იყო და ასეთი კონკურენციის პირობებში მიწევდა სათამაშო დროის მოპოვება.
თავიდან გამიჭირდა, რადგან ევროპული კალათბურთი ქართულისგან საკმაოდ განსხვავებულია. მწვრთნელის ტაქტიკას მალე ავუღე ალღო და ნდობაც დავიმსახურე. საბოლოოდ საკმაოდ მაღალი შედეგი ვაჩვენეთ - მესამე ადგილზე გავედით. ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ აელ-თან დავმარცხდით.
- ბაგატსკისს თუკი სანაკრებო დონეზე შეხვდები, ჩვენი და მისი გუნდის შანსებს როგორ შეაფასებ?
- თუკი მართლა ასე მოხდა, ძალიან გამეხარდება. შარშან ჩვენმა ნაკრებმა ლატვიასთან 2 საკონტროლო მატჩი გამართა: ერთი მოვიგეთ, მეორე - წავაგეთ. აქედან გამომდინარე, ლატვია ძლიერი გუნდია, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებს მოგების უკეთესი შანსები აქვს.
- ზოგადად ჩვენი ნაკრების შანსებზე რას იტყვი?
- მეტოქეებზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა იმას თქმა რად უნდა, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზური უნდა მოიპოვოს.
gbf.ge