ზაზა ფაჩულია: იგორ კოკოშკოვის დაწუნებულებს მე გამოვიძახებდი

AutoSharing Option
ორი ვაჟიშვილის შემდეგ ზაზა ფაჩულია გოგონას მამა გახდა. მარიამ ფაჩულია 9 ივლისს ატლანტაში დაიბადა. "ყველა სიახლე" კი საქართველოს ნაკრების კაპიტანს ქალიშვილის შეძენიდან რამდენიმე საათში დაუკავშირდა და ქალიშვილის დაბადება მიულოცა:

- უღრმესი მადლობა მოლოცვისთვის! სოციალური ქსელის მეშვეობით მარიამის დაბადების შესახებ ბევრმა შეიტყო, მაგრამ "ოფიციალურ კომენტარს" რაც შეეხება, გაზეთი "ყველა სიახლე" პირველია, ვისაც ქალიშვილის დაბადების შემდეგ ინტერვიუს ვაძლევ (იცინის).

მარიამი 9 ივლისს, ატლანტის დროით 14:20 საათზე დაიბადა. დათუნას და საბას შემდეგ გოგონას დაბადებამ სხვანაირი სიხარული შემოიტანა ოჯახში. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მამა
მესამედ კი არა, პირველად გავხდი. ძალიან ბედნიერები ვართ...

- საკალათბურთო გუნდისთვის საჭირო შემადგენლობის "შეგროვებას", ანუ ხუთი ვაჟის მამობას მართლა აპირებ?
- თავის დროზე ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვთქვი, მაგრამ ისე, ბევრი არც არაფერი აკლია - "გეგმის" ნახევარი უკვე შესრულებულია (იცინის).

- თორნიკე შენგელიამ უკვე ჩაატარა პირველი მატჩი "ზაფხულის ლიგაზე". მისი თამაშით კმაყოფილი ხარ?
- სწორედ ახლა ვუყურებდი იმ მატჩის ჩანაწერს. თამაშის წინ სულ ვაფრთხილებდი, ჯარიმების მიღებას მორიდებოდა.

მართალია, "ზაფხულის ლიგაზე" შეგიძლია ათი ჯარიმაც კი მიიღო და ამისთვის მოედნიდან არავინ გაგაძევებს, მაგრამ მწვრთნელები მაინც აქცევენ ყურადღებას ასეთ რაღაცებს.

ზოგიერთი ამ მატჩებსაც ჩვეულებრივი თამაშის საზომით აფასებს და 5-6 ჯარიმის შემდეგ კალათბურთელი მოედნიდან გაჰყავს.

თორნიკეს ნერვიულობა მაინც ეტყობოდა და გამახსენდა, როგორი განცდა მქონდა, როცა "ზაფხულის ლიგის" პირველ მატჩს ვატარებდი. სხვათა შორის, ლებრონ ჯეიმსის "კლივლენდს" ვეთამაშებოდით და ძალიან ვინერვიულე.

- წესით, თორნიკემ მომდევნო მატჩები გაცილებით უკეთ უნდა ჩაატაროს...
- სხვათა შორის, "ზაფხულის ლიგაზე" თამაში ძალიან ძნელია. ყველა ის ახალგაზრდა კალათბურთელი, ვინც შენგელიასთან ერთად არის გუნდში, სხვადასხვა გუნდიდან არის ჩასული და თამაშამდე ერთად მხოლოდ სამი დღის განმავლობაში ივარჯიშეს.

ასე რომ, შეთამაშებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ეს, ფაქტობრივად, ქუჩის კალათბურთია, სადაც ყველა ცდილობს, ინდივიდუალური ოსტატობა გამოავლინოს, მწვრთნელს მოაწონოს თავი და ა.შ.

მართალია, თორნიკე ინდივიდუალურადაც ძლიერია, მაგრამ ევროპულ კალათბურთს არის მიჩვეული, სადაც გუნდური თამაშია მთავარი. მით უმეტეს, მასთან ერთად, გუნდში ძირითადად ამერიკელები არიან. მათ კი ინდივიდუალური თამაში სისხლში აქვთ გამჯდარი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩებში თორნიკე გაცილებით უკეთესად ითამაშებს.

- რეალურია, შენგელია წელსვე დარჩეს NBA-ში სათამაშოდ?
- მთავარია, რომ კარგ გუნდში მოხვდა, რომელსაც ახლა აშენებენ და რომელსაც ახალგაზრდა მოთამაშეები სჭირდება.

"ბრუკლინმა" ჯო ჯონსონი და დერონ უილიამსი დაიმატა. თითქმის გადაწყვეტილია, რომ დუაიტ ჰოვარდსაც გადაიბირებენ.

მიუხედავად იმისა, რომ NBA-ს კლუბებს შორის "ბრუკლინს" ყველაზე მდიდარი მეპატრონე ჰყავს (რუსი მილიარდერი მიხეილ პროხოროვი. - ავტ.), ამ სამი ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშის შეძენის შემდეგ კლუბის ბიუჯეტში იმდენი თანხა აღარ დარჩება, სხვა მაღალანაზღაურებადი კალათბურთელებიც რომ დაიმატონ.

ამიტომ "ბრუკლინი" იძულებული იქნება, შემადგენლობა ახალგაზრდა, შედარებით დაბალფასიანი მოთამაშეებით დააკომპლექტოს, რაც თორნიკესთვის კარგი შანსია! თუმცა, ისიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორ ითამაშებს "ზაფხულის ლიგაზე".

- თორნიკე პირველად არის აშშ-ში. ახალ გარემოსთან შეგუება ხომ არ გაუჭირდა?
- მე ყველანაირად ვუწყობ ხელს, რომ შეგუების პერიოდი ადვილად გაიაროს და უცხო გარემოში არ გაუჭირდეს. დრაფტის დროს ბევრი ქართველი მხარდამჭერი ჰყავდა, მამამისიც იყო ჩამოსული, მისი აგენტებიც აქ არიან. ასე რომ, თავს მარტოსულად ნამდვილად არ იგრძნობს. მით უმეტეს, საზღვარგარეთ თამაში მისთვის უცხო არ არის - ჯერ ესპანეთში თამაშობდა, შემდეგ - ბელგიაში.

- იგორ კოკოშკოვის მიერ სანაკრებო შეკრებაზე ნიკოლოზ ცქიტიშვილის, ვლადიმერ ბოისასა და გიორგი გამყრელიძის გამოუძახებლობას გულშემატკივრისა და ამ მოთამაშეების მწვავე რეაქცია მოჰყვა. რას იტყვის ამის შესახებ ნაკრების კაპიტანი?
- ერთი შემიძლია გითხრათ: მე რომ ვიყო კოკოშკოვის ადგილას, ნაკრებს მიღმა დარჩენილ სამივე მოთამაშეს გამოვიძახებდი! მაგრამ ნაკრების მწვრთნელი კოკოშკოვია და თავისი საქმისა თვითონ იცის.

რაც უნდა უსიამოვნო იყოს, მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ისიც უნდა ითქვას, რომ ნაკრები არავის გუნდი არ არის - საქართველოს ნაკრებია, ქვეყნის სახე. ამიტომაც მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება გუნდში - უნდა გავიდეს მოედანზე და სამშობლოს ღირსება დაიცვას.

- ალბათ, ნაკრების მწვრთნელს ისიც კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ თუ ნაკრებმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაუხსენებენ...
- იმის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ იგორ კოკოშკოვი პროფესიონალია. შარშანაც აღვნიშნე, რომ მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ და მიმაჩნია, რომ სერბი სპეციალისტი ზედგამოჭრილია ჩვენი ნაკრებისთვის.

დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილებას დაუფიქრებლად არ მიიღებდა და თუ არასასურველი შედეგი გვექნება, პასუხისმგებლობასაც არ გაექცევა. კარგად მახსოვს, ნაკრების მოთამაშეებს პირველივე შეხვედრისას გვითხრა - თამაშს მწვრთნელი აგებს, მოთამაშეები კი იგებენო.

- ნაკრების ამერიკელ ახალწვეულზე - კორი ფიშერზე თუ გსმენია რამე?
- სამწუხაროდ, ფიშერის შესახებ არაფერი ვიცი. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, როცა შევიტყვე, რომ ნაკრების ხელმძღვანელობამ არჩევანი ამ კალათბურთელზე შეაჩერა, მოვძებნე ინფორმაცია მის შესახებ და Youtube-ზე ვნახე ფრაგმენტები მისი თამაშიდან.

ჩემდა სამწუხაროდ, არა მხოლოდ ნატურალიზებული ამერიკელის, არამედ იმ ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელების თამაშიც კი არ მინახავს, ნაკრებში რომ გამოიძახეს (ოთარ ფხაკაძე, რეზო როგავა, მერაბ ბოქოლიშვილი, დუდა სანაძე, ბექა ბექაური. - ავტ.).

ალბათ, ეს იმის ბრალია, რომ საქართველოდან შორს ვარ და ახალგაზრდა კალათბურთელების თამაშს თვალს ვერ ვადევნებ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ნაკრებში ადვილად ჩაეწერებიან. ჩვენ, "ძველი" მოთამაშეები, ყველანაირად შევუწყობთ ხელს...

- გამოცხადებული განრიგის თანახმად, ნაკრებს 17 ივლისს ავსტრიული შეკრების დასაწყისში უნდა შეუერთდე. ხომ არ შეიცვალა რამე?
- ატლანტაში უკვე ვვარჯიშობ ინდივიდუალურად, მაგრამ, ალბათ, ნაკრებს არა 17 ივლისს, არამედ ცოტა მოგვიანებით, სავარაუდოდ, თბილისში გასამართი საერთაშორისო ტურნირის დროს შევუერთდები.

გეგმის ნახევარი უკვე შესრულებულია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
რატი შელეგია
ყოველდღიური გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ:
ანატოლი ბოისა: თვითონ ვოვამ მითხრა, ნაკრებში უნდა გამოცხადდეო
ლაშა გამყრელიძე: გაოგნებული დავრჩი, ნაკრების სიაში რომ არ აღმოვჩნდი
საქართველოს ნაკრები არასწორად იწყებს!
საქართველოს ნაკრების ახალი წევრი კორი ფიშერია
მანუჩარ მარკოიშვილი: ისეთი თაობა არ მოდის, რომ ნაკრებში კონკურენცია შეიქმნას
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაკრებში ბოისა და მითუმეტეს ცქიტიშვილი მე მგონი დიდი იმედია. დავიჯერო კოკოშკოვი ისეთებს გამოიძახებს მათ ნაცვლად, ვისაც შეიძლება დაეყრდნო? იქნებ ვინმემ მაინც უთხრას რომ ხალხს უნდა მათი ხილვა ნაკრებში.
საქართველოს ნაკრებს ყველა უგულშემატკივრებს და დარწმუნებული ვარ ის კალათბურთელებიც იგივეს გააკეთებენ ვინც ნაკრებში ვერ მოახვედრა კოკოშკოვმა, მაგრამ თუ ნაკრები ღმერთმა არ ქნას ღირსეულად ვერ წარმოჩინდა, შეიძლება შედეგი კოკოშკოვს დააბრალონ.
სიმართლე რომ თქვათ მნიშვნელოვანი შედეგიანობით ეს კალათბურთელები წინა ჩემპიონატზე არ გამოირჩნენ, მაგრამ ჩემი აზრით მაინც გუნდის იმედები იყვნენ.
დათო
18:24 11-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული