საქართველოს ნაკრები. გიორგი ცინცაძე - ისე, როგორც ურალ გრეიტთან

AutoSharing Option
გიორგი ცინცაძე
დაიბადა: 07.02.1986
სიმაღლე: 192 სმ
ამპლუა: გამთამაშებელი
უგუნდოდ

საკლუბო კარიერა
2001-02 "აკადემია" (თბილისი)
2003 "ბასკო" (ბათუმი)
2003-04 ცსკა (რუსეთი)
2004 რუსეთის "სამარა" (რუსეთი)
2005 რუსეთის "ურალ გრეიტი" (რუსეთი)
2005-06 რუსეთის "დინამო" (რუსეთი)
2006-09 "ტარტუ როკი" (ესტონეთი)
2009 "ტრიკალა" (საბერძნეთი)
2009-10 "დონეცკი" (უკრაინა)
2010 "აგრარული" (თბილისი)
2010 "სოპოტი" (პოლონეთი)
2010-11 "ტარტუ როკი" (ესტონეთი)
2012 "ოლიმპი" (თბილისი)

მიღწევები
2004 - ახალგაზრდული ევროლიგის ჩემპიონი
2004 - რუსეთის ჩემპიონი.
2006 - ულების თასის მფლობელი
2007, 08 - ესტონეთის ჩემპიონი
2008 - ბალტიის ლიგის "ვარსკვლავთა მატჩის" მონაწილე
2009 - ესტონეთის პირველობის საუკეთესო კალათბურთელი
2010 - საქართველოს თასის
მფლობელი
2011 - ესტონეთის თასის მფლობელი
2011 - ბალტიის თასის გამარჯვებული

ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე, მაკედონიასთან მატჩისას საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ მუხლის მყესი სერიოზულად დაიზიანა და ოპერაცია დასჭირდა.

სექტემბრის შემდეგ იგი რეაბილიტაციას ჯერ ლიტვაში გადიოდა, შემდეგ საქართველოში. როცა ექიმებმა თამაშის უფლება მისცეს, გიორგი თბილისის "ოლიმპს" დაემატა და 8 სექტემბრის შემდეგ პირველი მატჩი 31 მარტს "დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარა.

იგი მალევე შევიდა ფორმაში და ოლიმპელებს ფინალში გასვლაში დიდად დაეხმარა. სეზონის საუკეთესო მატჩი კი 20 მაისს ჩაატარა, როცა ფინალური სერიის მეორე შეხვედრაში სირენამდე რამდენიმე წამით ადრე არმიელი ბენ ვუდსაიდი ჩამოიშორა, საშუალო დისტანციიდან სტყორცნა და "ოლიმპს" 69:67 მოაგებინა.

სწორედ მაშინ გაგვახსენდა, რომ ესტონურ "ტარტუ როკში" "ბუს" (ცინცაძის მეტსახელი) არაერთი მატჩის შედეგი გადაუწყვეტია.

მაგალითად, 2008 წელს ევროჩელენჯის მეოთხედფინალში "ტარტუ როკი" მესამე პერიოდის შემდეგ რუსულ "ურალ გრეიტთან" 58:64-ს აგებდა. ბოლო 10 წუთში ცინცაძემ 15 ქულა ჩააგდო და როკერებმა 89:77 გაიმარჯვეს. იმ მატჩში ქართველმა გამთამაშებელმა 25 ქულა მოაგროვა.

დავუბრუნდეთ საქართველოს ჩემპიონატის ფინალს, რომლის მეოთხე მატჩში გიორგიმ ტრავმა მიიღო და მხოლოდ 7 წუთი ითამაშა...

- "არმიასთან" შეხვედრისას კუნთი გამეჭიმა და მატჩი ვეღარ განვაგრძე. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ტრავმა სერიოზული არ იყო და ვარჯიში მცირე დასვენების შემდეგ განვაახლე. ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ და სრული დატვირთვით ვემზადები, - გვითხრა გიორგი ცინცაძემ.

მას "ოლიმპთან" კონტრაქტი 2011-12 წლების სეზონის დასრულებისთანავე ამოეწურა. დავინტერესდით, ხომ არ გადაუწყვეტია, სად აპირებს კარიერის გაგრძელებას.

- ჩემი მომავალი კლუბის ვინაობა ჯერ არ ვიცი. ველოდები. სადღეისოდ არ მაქვს წინადადებები არც უცხოეთიდან და არც საქართველოდან.

ცინცაძე საქართველოს ნაკრებს შეკრების პირველივე დღეს შეუერთდა (2 ივლისს) და აქტიურად ემზადება. მას ნაკრებში არგამოძახებულ სამ კალათბურთელზეც (ლაშა გამყრელიძე, ნიკა ცქიტიშვილი, ვლადიმერ ბოისა) ვკითხეთ, მაგრამ კომენტარისგან თავი შეიკავა. გამყრელიძის არყოფნაში შესაძლოა, ცინცაძის სათამაშო დრო გაიზარდოს კიდეც, თუმცა...

- არა მგონია, შარშანდელთან შედარებით დრო მომემატოს. ახალწვეული კორი ფიშერი სასტარტო გამთამაშებლად მოიაზრება, მე - სათადარიგოდ. ამიტომ, დღეს ცოტა რთულია, დროზე ლაპარაკი.

როგორც გითხარით, გიორგი ცინცაძე ესტონურ "ტარტუ როკში" თამაშობდა, რომელთან ერთადაც ბალტიის ლიგაზე უწევდა გამოსვლა. ამიტომ, კარგად იცნობს საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქე ლატვიას.

- ყველა მოწინააღმდეგესთან რთული ბრძოლა გველის, თითოეულს აქვს თავისი პლუსები, თუმცა მიმაჩნია, რომ ყველაზე ძლიერი მეტოქე ლატვია იქნება.

მათ რიგებში არაერთი მაღალი დონის კალათბურთელია, როგორც მეფარეები, ასევე უკანახაზელები და ფორვარდები. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყრიან თავს.

დაბოლოს, ცინცაძის სანაკრებო სტატისტიკასაც გაგაცნობთ. მას ეროვნულ გუნდში 38 მატჩი აქვს ჩატარებული - 237 ქულა (საშუალოდ 6.2), 115 პასი (3.1), 99 მოხსნა (2.6) და 40 ჩაჭრა (1.1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული