საქართველოს ნაკრებმა საკონტროლო მატჩში ესტონეთი დაამარცხა

AutoSharing Option
ლონდონში, ოლიმპიადაზე, საქართველოს ჰიმნის აჟღერებიდან რამდენიმე წუთში ჩვენი ქვეყნის ჰიმნი ესტონეთში გაისმა, სადაც საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სეზონის პირველი მატჩი (საკონტროლო) ჩაატარა.

ოლიმპიადის ორი დღის ამბები ერთ გაზეთშია თავმოყრილი. ამიტომ ადგილში შეზღუდულები ვართ და ესტონეთთან მატჩზე ვრცლად ვერ ვიმსჯელებთ, მხოლოდ ძირითად მომენტებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

მატჩის ხილვის ბედნიერება მქონდა და ოლიმპიადიდან გამოყოლილი კარგი განწყობა ბოლომდე შენარჩუნდა - ქართველებმა ყველა ასპექტში აჯობეს ესტონელებს.

მეტოქეს ჩვენსავით თანაბრად დაბალანსებული გუნდი არ ჰყავს (ტანმაღლების პრობლემა აქვს). ამიტომ სცადეს, მთავარ იარაღად სამქულიანები გამოეყენებინათ. მეორე პერიოდში შორეული ტყორცნების
წყალობით გაგვასწრეს კიდეც, მაგრამ მესამე ათწუთეულიდან ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - ქართველებმა პერიმეტრი გადაკეტეს და ერთ ეპიზოდში 16:0 გაქცევა მოაწყვეს. შედეგად 74:56 დაწინაურდნენ. სწორედ ამ ეპიზოდმა გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი.

7-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 10-დან 5 საჯარიმო, 20 ქულა, 11 მოხსნა - ასეთია მატჩის საუკეთესო კალათბურთელის, ვიქტორ სანიკიძის მონაგარი. ვფიქრობ, არანაკლებ გაინტერესებთ, როგორი კალათბურთელია ნაკრების ახალწვეული ჯეიკობ პულენი.

იგი მხოლოდ გამთამაშებლის პოზიციაზე ირჯებოდა (გიორგი ცინცაძის შემცვლელი იყო). შესაშური სროლის სიზუსტე გამოავლინა: 5-დან 4 სამქულიანი გამოიყენა, 14 ქულას მოუყარა თავი. თუმცა ნამდვილად არ მეგონა, მხოლოდ 13 წუთს თუ ითამაშებდა. მეორე ახალწვეული, კორი ფიშერი განაცხადში არ იყო.

განაცხადში იყვნენ და არ უთამაშიათ ლეჟავას, ბექაურსა და მათიაშვილს. სამაგიეროდ, საკმარისად დაიტვირთნენ "ახლები" (შარშანდელ სეზონში გუნდთან ერთად არ იყვნენ) მეტრეველი და ფაცაცია. პირველს ცენტრისა და მძიმე ფორვარდის პოზიციებზე უწევდა თამაში, ხოლო მეორე მსროლელ მარკოიშვილს ცვლიდა.

ვის მეტად ენდობა მწვრთნელი, რა მიზნებს ისახავს ესტონეთის ტურნირზე და სხვა მსგავს საკითხებზე დასკვნის გამოტანა შეჯიბრების დასრულებამდე რთულია.

კალათბურთის ფედერაციის ვებ-საიტზე მეორე მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი გამოქვეყნდა:

- თამაშით კმაყოფილები ვართ, რადგან საბოლოოდ დამაჯერებელი სხვაობით მოვიგეთ. საქართველოს ნაკრებმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და პერიმეტრიდან ზუსტი თამაშის წყალობით ხელჩასაჭიდი სხვაობით დაწინაურდნენ, ჩვენმა გუნდმა მოახერხა კონტროლის დაწესება. დაცვაში ზუსტი თამაშით ესტონელებს შეტევაში წარმატების შანსი შევუმცირეთ და მესამე მეოთხედში სოლიდური უპირატესობა მოვიპოვეთ...

- ავსტრიული შეკრების შემდეგ პირველად ვთამაშობდით და იყო გარკვეული შეცდომები, რომლებიც ნელ-ნელა, მომავალ ამხანაგურ მატჩებში გამოსწორდება. გუნდის წევრები კარგ ფორმაში არიან, რაც მომავალ მატჩებში წარმატების მიღწევის იმედს იძლევა.

- დღევანდელ მატჩში არჩევანი ჯეიკობ პულენზე გავაკეთეთ, კორი ფიშერი კი ისვენებდა. ამხანაგური ტურნირია და გვქონდა 2 ამერიკელით თამაშის შესაძლებლობა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ, რადგან ოფიციალურ მატჩებში უკვე 2 ნატურალიზებულ კალათბურთელს ვეღარ ვათამაშებთ.

პულენმა პირველად ითამაშა ჩვენს გუნდში და მიუხედავად ამისა, ისე გამოიყურებოდა, როგორც ჩვენი ნაკრების სტაჟიანი წევრი. მწვრთნელებმა მისი შესაძლებლობები თვალნათლივ დავინახეთ. ხვალ ფიშერს გამოვცდით.

29 ივლისი
ესტონეთი-საქართველო 76:90
27:28, 14:18, 15:28, 20:16
ესტონეთი: მ. დორბეკი, ვეიდემანი, გ. დორბეკი (8ქ), ვენე (18ქ, 7მ), არბეტი (3ქ), ტ. სოკი (8ქ), ს. სოკი (2ქ), კანგური (8ქ, 6მ), ტალტსი (19ქ, 7მ).
საქართველო: ცინცაძე (29 წთ, 14ქ, 4მ, 2პ), მარკოიშვილი (31 წთ, 11ქ, 4მ, 1პ), სანიკიძე (33 წთ, 20ქ, 11მ, 2პ), შენგელია (27 წთ, 13ქ, 8მ, 1პ), შერმადინი (23 წთ, 6ქ, 3მ, 2პ), მეტრეველი (18 წთ, 5ქ, 5მ, 5ფ), პულენი (13 წთ, 14ქ, 1პ), ბოისა (12 წთ, 2ქ, 3მ), ფაცაცია (15 წთ, 5ქ, 1მ).

ლეჟავას, მათიაშვილსა და ბექაურს არ უთამაშიათ.

ჩეხეთი-კოლეჯები 106:86

30 ივლისი
18:00 ჩეხეთი-ესტონეთი

20:00 საქართველო-კოლეჯები
დრო თბილისისაა

ლენტი გავჭერით, ესტონეთი დავჭერით (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული